14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
04:38 AM
ანალიზი და მოსაზრება - პოლიტიკა
სანდრო ტაბატაძე | 24 მარტი 2017

აშშ-ს პრეზიდენტების საინაუგურაციო სიტყვების შედარებითი ანალიზი (დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი)

  1941 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ მაშინ დებს ფიცს ახლადარჩეული პრეზიდენტი და ოფიციალურად ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პირი. სწორედ ამიტომ, საპრეზიდენტო ფიცის შინაარსი განხილვის საგანი ხდება, რადგან არჩეული მთავარსარდლები ხშირად განსხვავებულად მიმოიხილავენ აშშ-ს წარსულს და საუბრობენ მათს სამომავლო პრინციპებზე. ამდენად, სანტერესო იქნება ერთმანეთს შევადაროთ დონალდ ტრამპის, ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშის (უმცროსის) პირველი საპრეზიდენტო ფიცის დროს წარმოთქმული სიტყვები.

  უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ იმ ტენდენციებზე, რაც სამივე შემთხვევაში აშკარაა. ახლადარჩეული პრეზიდენტები მადლობას უხდიან მათ წინამორბედებს გაწეული დახმარებისთვის და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის. გარდა ამისა, მათ საჯარო გამოსვლაში იგრძნობა მადლიერება ამომრჩევლების მიმართ და ყოველი წინადადების ქვეტექსტი საბოლოოდ გაერთიანებას, ერთობლივ ძალისხმევას უკავშირდება. ეს მარტივად შესამჩნევია, რადგან ყველაზე ხშირად გამოყენებული ნაცვალსახელი არის „ჩვენ“. თითქოს ფესვგამდგარი წესია ისიც, რომ ყოველი პრეზიდენტი აკრიტიკებს არსებულ მდგომარეობას და ზოგადად საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს პრობლემები და გამოწვევები აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი. თუმცა, ეს ლოგიკურიცაა, რადგან თითოეული მათგანი ოპოზიციის კანდიდატი იყო და მოქმედი მმართველი პოლიტიკური პარტია ჩაანცვლა (ბუშისა და ტრამპის შემთხვევაში დემოკრატები დამარცხდნენ, ხოლო ობამას დროს რესპუბლიკელები). ამასთანავე, საპრეზიდენტო ფიცის დადებისას წარმოთქმული სიტყვა განკუთვნილია არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან თანამედროვე გლობალური პოლიტიკური პროცესები ურთიერთდაკავშირებულია და ხშირად უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების ფრაზებსა და გამოთქმებს დიდი გამოხმაურება შესაძლოა მოჰყვეს. სხვა მხრივ, განსხვავებები თვალშისაცემია.

  დონალდ ტრამპის სიტყვა, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან მოკლე, დინამიკური და მარტივად გასაგები იყო. კონკრეტული, მიზანმართული პოლიტიკური შეტყობინებები სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებისთვის ზედმეტ კითხვებს არ აჩენდა და, ამდენად, გამოსვლას მეტად დამაჯერებელს ხდიდა. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი ისტებლიშმენტი და ისინი სახალხო სუვერენიტეტის ირიბ დარღვევაში დაადანაშაულა, მისი გამოსვლის პირველი ნაწილი სწორედ ამ საკითხს დაუთმო: „ძალაუფლებას ვაშიგტონიდან გიბრუნებთ თქვენ“. აღნიშნული სიტყვები, ერთი შეხედვით მკვეთრად პოპულისტური ჩანს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადი აქცენტები ერთ გულზე, ერთ სახლსა და ზოგადად ერთიანობაზე კეთდებოდა, გამოდის, რომ სიტყვის უმთავრესი დანიშნულება მთავრობასა და საზოგადოებას შორის ზღვრის სრული გაქრობა იყო, რაც გამოიხატა კიდევაც შემდეგ სიტყვებში: „აშშ თქვენი ქვეყანაა, ეს თქვენი დღეა!“. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ტრამპის საჯარო გამოსვლას მისი წინამორბედებისგან განასხვავებს არის უკან დაბრუნებისკენ სწრაფვა, ძველი დიდების აღდგენა. ასეთი სულისკვეთება თან სდევდა მთელს სიტყვას: „ხელახლა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და აღვადგინოთ ძალისხმევა ხალხისთვის“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა საფუძვლებისკენ დაბრუნებას და, შესაბამისად, ტრამპის მთავარი ამოცანა მომავალში ადრეული ბრწყინვალების განმეორებაა.

  რესპუბლიკელი მილიარდერის მტკიცებით, სახელმწიფოს უმთავრესი საფრთხე რადიკალური ისლამური ტერორიზმია და ის მის წინააღმდეგ ყველა ზომას გამოიყენებს. ასეთი განცხადება მსოფლიო საზოგადოებისთვის იყო ძალის დემოსტრირება. სწორედ ასეთი სულისკვეთება ჩანს აშკარად კონსერვატიული და შეიძლება ითქვას ნაციონალისტური პათოსით წარმოთქმულ სიტყვებში: „ამერიკა იქნება პირველი“. ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო შეტყობინება ისიც გალხდათ, რომ აშშ იბრწყინბს და აღარ დახარჯავს ფულს სხვების გამდიდრებაზე, როცა თავად აქვს სერიოზული პრობლემები. სწორედ ამ მომენტიდან, საჯარო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საშინაო პოლიტიკის საკითხებზე: სამუშაო ადგილების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება, საშუალო კლასის გაძლიერება. მართალია, ასეთი დაპირებები სხვა პრეზიდენტებსაც ჰქონიათ, მაგრამ მისი მიზეზები სრულიად სხვა იყო. ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპა თავისი გამოსვლა მოკლე და დამამახსოვრებელი ფრაზებით დაასრულა, სადაც „ისევ“ დაბრუნდება ამერიკის სიმდიდრე, სიამაყე, უსაფრთხოება და სიდიადე.

  რაც შეეხება ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ფიცისას წარმოთქმულ სიტყვას, მისი ძირითადი თავისებურება განსხვავებული ტონი და ფორმაა. პოლიტიკური შეტყობინებები უფრო ფართო, ზოგადი და ღირებულებებზე ორიენტირებულია. ძირითადი აქცენტები გაკეთებულია არსებულ სავალალო და კრიზისულ მდგომარეობაზე და ცვლილების აუცილებლობაზე: „ჩვენ უნდა გამოვცოცხლდეთ, სწრაფად გამოვიღვიძოთ, დავიწყოთ მუშაობა ამერიკის გადაკეთებაზე“. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი პრეზიდენტის მიერ შერჩეული გზები ახალი იქნება, ის მაინც ერთგული რჩება ნამდვილი ამერიკული პრინციპებისა და ღირებულებების, როგორიცაა: პატიოსნება, სიმამაცე, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, ერთგულება. სწორედ ამ თემის შესახებ საუბრობს ობამა და მიიჩნევს, რომ ამერიკა მშვიდო

ბის ახალ ეპოქაში მნიშველოვან როლს შეასრულებს. ამგვარი ფრაზა, მის გამოსვლას მეტად ჰუმანისტურს წარმოაჩენს და სახელმწიფოს მისიას ზოგადსაკაცობრიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევაში ხედავს. განსხვავებით ტრამპისგან, ობამას ტექსტი მეტად იდეალისტური და რომანტიზებულია, ის ამერიკელების მოგზაურობაზე საუბრობს და მოსახლეობას მათ უდიდეს შესაძლებლობებს ახსენებს: „ მათ არ იციან რა შეუძლიათ თავისუფალ ქალსა და კაცს, როცა მათი წარმოსახვა მიზანი, ხოლო საჭიროება გამბედაობა ხდება“.

  აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის გამოსვლაში მისი ეკონომიკური მსოფლმხედველობაც ჩანს. ობამას ხედვით, წარმატებული ეკონომიკა ადამიანებისთვის კეთილდღეობაზე ზრუნვას ნიშნავს, ამდენად ის შესაძლებლობების თანასწორობას უმთავრეს პრინციპად მიიჩნევს, თუმცა, განსხვავებით ტრამპისგან, არ ასახელებს მისთვის საუკეთესო მოდელს. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი მკაფიოდ ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოება უპირატესია და ლიბერალური ეკონომიკური თეორია უნდა ჩანაცვლდეს პრინციპით: „იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი“. ამგვარი ფრაზით, ამერიკული პარტიული სისტემის დეიდეოლოგიზებაში დადანაშაულება მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან რესპუბლიკელი ლიდერი აშკარად გამორჩეული ხედვის მქონეა. გარდა ამისა, ობამა თავის გამოსვლაში ეხება მის სამომავლო გეგმებს საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ის მოსახლეობას ახალი გზების, ხიდების, კავშირგაბმულობის ქსელის აშენებასთან ერთად, ჯანდაცვასა და განათლებაზე ორიენტირებულ პოლიტიკასაც ჰპირდება; მთავარ გამოწვევად ტერორსა და დანაშაულს მიიჩნევს, მაგრამ, განსხვავებით ტრამპისგან, მათ უბრალოდ არასწორ ადგილზე ყოფნისკენ მიუთითებს. მეტიც, ს

აპრეზიდენტო გამოსვლაში მან ერაყიდან ჯარების გამოყვანა და ავღანეთში მშვიდობიანი ცხოვრების დაპირება გასცა. აღსანიშნავია, რომ ასეთი კონკრეტული შეტყობინებები მის გამოსვლაში არცთუ ბევრი იყო. გამოსვლას კი ობამა ასრულებს იდეით, რომ დადგა „პასუხისმგებლობის ახალი ერა“ და ყველა ადამიანის მოვალეობაა გაიზიაროს ის. საპირისპიროდ ამისა, ტრამპის სულისკვეთება ასეთი გლობალური თემებიდან ყურადღებას სახელმწიფოს ინტერესის უზენაესობაზე ამახვილებს.

  მესამე საპრეზიდენტო სიტყვა ჯორჯ ბუშს უმცროსს ეკუთვნის. მისი ფორმა და სტრუქტურა ბარაკ ობამას გამოსვლაში განმეორებულია. ბუშიც ზოგადად საუბრობს ამერიკული ღირებულებების შენარჩუნებისა და გავრცელების მნიშველობაზე, ახდენს საკითხის რომანტიზებას და ამერიკული ისტორიის შესახებ თხრობისას ამბობს,რომ „თუ ჩვენ არ გამოვიწვევთ თავისუფლებას, ვერ გავიმარჯვებთ“. მიუხედავად ამისა, ბუშის ტონი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მკაცრია, რადგან ის ძალთა ბალანში ამერიკის შეერთებული შტატების როლს ერთმნიშველოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ „ამერიკა ყოველთვის დაიცავს საკუთარ და მის მოკავშირეთა ინტერესებს“. დაახლოებით მსგავსი გზავნილი აქვს ტრამპს მსოფლიოსთვის. ყველაზე კონკრეტულად სამომავლო დაპირებებზე სწორედ ბუშმა ისაუბრა, მან ერთოდულად ყურადღება გაამახვილა სოციალურ უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფაზე, იარაღის ზრდის მნიშველობასა და გადასახადების შემცირებაზე. მიუხედავად ამისა, ბუშის მთავარი პოლიტიკური შეტყობინება პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაცემა იყო, რაც ნეოკონსერვატორთა ღირებულებებში თავსდება: „დემოკრატიის ამოცანები ყველას მიერ უნდა იყოს შესრულებული“. ის თხოვს ამომრჩევლებს, რომ იყვნენ მოქალაქეები, იგრძნონ ვალდებულებები წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საერთო მიზნები ვერ შესრულდება. ამგვარი მიდგომა უცხოა ობამასთვისა და ტრამპისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი გეგმები წარმოადგინონ. ნაცვლად ამისა, ბუშის მტკიცებით, სწორედ მოქალაქეები ქმნიან ერის ხასიათს და ამ პროცესში რელიგიური ორგანიზაციები დამხმარეები შესაძლოა იყვნენ. ამგვარი ფრაზით მისი გამოსვლა სრულიად განსხვავებული ხდება. მიუხედავად ამისა, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი თავს სამართლიანობის და საჯარო ინტერესის დაცვის გარანტად სახავს.

  შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ თითოეული პრეზიდენტის შემთხვევაში გვხვდება საერთო ნიშნები, რაც არსებული მოდელის კრიტიკითა და საჯარო გამოსვლის ზოგადი მონახაზით შემოიფარგლება. გარდა ამისა, პოლიტიკური განცხადებები მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რადგან ის მხოლოდ რამდენიმე საკითხით არ შემოიფარგლება და სამომავლო მიზანსა და ამოცანებს უკავშირდება. სხვა მხრივ, თოთოეულის სტილი და შინაარსი განსხვავებულია, რისი მიზეზი არა მხოლოდ სხვადასხვა ისტორიული ვითარება, არამედ წინააღმდეგობრივი პოლიტიკური პრინციპი და იმიჯია. თუ ტრამპის ტონი მკაცრი და კონკრეტულია, ობამას გამოსვლა იდეალისტური და ლიბერალური ელემენტების სიჭარბით გამოირჩევა, რაც შეეხება ბუშს, ის კოორდინირებული მოქმედებისას დახმარებას თავად ამომრჩეველს სთხოვს.

 სტატია მომზადებულია პროფესორ რუსუდან ვაშაკიძის ლექციის „პოლიტიკის საკითხების გაშუქება“ ფარგლებში

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3614 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა