14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:22 AM
ანალიზი და მოსაზრება - პოლიტიკა
თამთა ჩხაიძე | 25 იანვარი 2016

შეწყალების კორუფციული სკანდალი

 წინასაახალწლოდ შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 238 პატიმარი შეიწყალა. 172 მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, 66 პატიმარს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 18 ქალი და 3 არასრულწლოვანია. სანამ შეწყალების კომისია წინასაახალწლოდ შესაწყალებელ პატიმართა საქმეებს განიხილავდა, მთავარმა პროკურატურამ შეწყალების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შეწყალების კომისიასთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსების ნაწილი შეწყალების კომისიის წევრებზე ზეწოლაში დაადანაშაულა: ,,რამდენიმე პოლიტიკოსი როგორ აპირებდა დიდი ფულის შოვნას პატიმრების შესაძლო შეწყალების ლობირებით დაახლოებით ერთი წლის წინ პირადად ვუამბე ყოფილ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. სახელებიც ვუთხარი, გვარებიც და ყველა მონაცემიც რაც გამაჩნდა. სამწუხაროდ, მტკიცებულების მოპოვება არც მაშინ შემეძლო და არც ახლა შემიძლია, ბოლო დღეების მანძილზე ძალიან რომ აქტიურობდნენ სწორედ ის რამდენიმე პოლიტიკოსია. ამ და სხვა დაუსჯელობით გალაღებულ, კორუმპირებულ ადამიანებს რომ ვუყურებ, ლამის პროკურორობა ვინატრო უკვე.“- წერდა ელისაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე. 

მოგვიანებით, პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ თავისი განცხადება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ ეთერში განმარტა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანების გვარების დასახელებას აპირებდა, რომელთაც კორუფციასა და ზეწოლაში სდებდა ბრალს. ელისაშვილის თქმით, საქმე იმდენად სერიოზული იყო, რომ მის სიცოცხლეს შეიძლებოდა ამის გამო საფრთხე შექმნოდა. 

,,ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს კომიზიაზე ზეწოლასა და კორუფციაში ალეკო ელისაშვილის მონათხრობი შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემაც დაადასტურა. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ის მთავარ პროკურატურაშიც იმყოფებოდა, სადაც იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას ითხოვდნენ, როგორც მისი, ასევე  კომისიის წინა თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დროს. პროკურატურაში თავის მორიგ დაკითხვამდე ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებას სატელეფონო შეტყობინებებს გადასცემდა, რომელსაც მას მაღალჩინოსნები უგზავნიდნენ ამა თუ იმ პატიმრის შეწყალების თხოვნით. ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტმა პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა. 

ალეკო ელისაშვილის ბრალდებების პარალელურად გაზეთ ,,ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებდა, რომ ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოც შეწყალების კომისიაზე ზეწოლა ხდებოდა, 2010 წელს გახსნილი ე.წ. ,,კოკაინის საქმე“ იყო, რომელში ბრალდებულების ადვოკატები სხვადასხვა დროს მანანა კობახიძე და ეკა ბესელია იყვნენ. 22 დეკემბერს გამოსულ გაზეთ ,,ქრონიკა +“-ში  სტატიაში სათაურით ,,მანანა კობახიძის ექვსი მესიჯი ალექსანდრე ელისაშვილს“ ის ტელეფონის ნომერია გამოქვეყნებული, რომლიდანაც შეწყალების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა 2014 წლის აპრილში, რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. გაზეთის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი, რომელმაც ელისაშვილს კონკრეტული პირების შეწყალების ხელშეწყობა სთხოვა, პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძეა. 

მანანა კობახიძემ ალეკო ელისაშვილს სოციალური ქსელით უპასუხა: ,,თითქოს, მე და ეკა ბესელია სხვა პატიმრების ბედით არ ვინტერესდებოდით. თუ ,,გაწუხებდით“, თუ ,,ვაქტიურობდი“, ესეც პატიმრების აქტიური მომართვების და არაერთგზის საჩივრების გამო. როგორ ფიქრობთ, მე როგორი დეპუტატი ან ადამიანი ვიქნებოდი, ისინი რომ თაროზე შემომეწყო?! რამ შეგაშინათ? ჩემმა თხოვნამ, რომ საქმე შეგესწავლათ?! და თქვენ იყავით მთავარი ,,შემწყალებელი“?! თქვენ პრეზიდენტის სამწუხარო შეცდომა ხართ, ბატონო ალეკო! ჩვეულებრივი ცრუპენტელა პოპულისტი! თქვენ პასუხს აგებთ ამ ტყუილისთვის! იქნებ სხვამ მოგწერათ ჩემი სახელის ხსენებით ან გამოყენებით?! გახსენება მოგიწევთ ამის!“ - წერს კობახიძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე. 

ეკა ბესელია შეწყალების კომისიის სკანდალს კი ასე გამოეხმაურა: ,,გაუგებარია, წელიწად-ნახევარი რატომ სდუმდა ეს ადამიანი, რატომ შესაბამისი რეაგირება არ გააკეთა. მას ჩვენება მიცემული აქვს და ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებული იქნება, დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები.“ - განაცხადა დეპუტატმა. 

რაც შეეხება ელისო კილაძეს, მანანა კობახიძე მას სასამართლოში უჩივის. დეპუტატი ჟურნალისტს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს. ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ეკა ბესელიამაც.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რომელთა შესრულებასაც ელოდება. მოთხოვნებს შორის რჩება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ელისაშვილი ასევე ითხოვს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილებები შეუჩერდეთ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს, პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს მანანა კობახიძეს და გამოძიების დასრულებამდე საპროკურორო საბჭოს წევრობა შეუჩერდეს ეკა ბესელიას. 

26 დეკემბერს ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურაში დოკუმენტაციის სახით  8 ათასამდე გვერდია გადაგზავნილი. ,,ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მოთხოვნებია პროკურატურის მხრიდან. არ ვიცი, რა მოთხოვნებია პროკურატურის მხრიდან და არც მაინტერესებს. პროკურატურას თავისი პრინციპები აქვს ძიების... 8 ათასამდე გვრდი გადაიგზავნა. მიმდინარეობს თანამშრომლობა.” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ზეგავლენით შესაძლო ვაჭრობის სკანდალს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო შექმნას მხარს არ უჭერენ, თუმცა გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებათ. ,,ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან შევეჩვიეთ, რომ საკითხები დიდხანს იხილება და წლების განმავლობაში ვერ ვაზუსტებთ და ვადგენთ, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე” –განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ. 

ოპოზიციაში კი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ,,კობახიძე და ბესელია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საზოგადოების ყურადღება სხვაგან გადაიტანონ. რა თქმა უნდა, არ გვჯერა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ამ საქმით დაინტერესებული პირები შესაბამის უწყებებზე ზეწოლას არ მოახდენენ”– ამბობს ,,თავისუფალი ზონის” წევრი რუსკა მჭედლიძე. 

პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორიც. დოკუმენტში, რომელსაც ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე დაკვირვებას განაგრძობენ. ,,სამართლებრივ სახელმწიფოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძიების სწრაფად წარმართვა, ისეთ საქმეებზე, რომლებიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც, საკითხი ეხება საკმაოდ რეზონანსულ საქმეს, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. Bბრალდების სავარაუდო ადრესატებს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები წარმოადგენენ, შესაბამისად, ბრალდებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპასუხო კითხვები საზოგადოების მხრიდან ეჭვის წარმოქმნის საფუძველი გახდება.” – ამბობს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი რატი თინიკაშვილი. 

გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გრძელდება. უკვე დაკითხულია საქმეში ნახსენები ყველა პირი. შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეწოლის შესახებ საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1081 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა