14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
04:24 AM
ანალიზი და მოსაზრება - პოლიტიკა
თიკო ჩოხელი, ბექა რეხვიაშვილი, თორნიკე მაღლაკელიძე, ანა მინდიაშვილი, თაკო მაციაშვილი, სალომე აბულაშვილი. | 25 იანვარი 2016

გაუქმდება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური?

 საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ. მუხლი1. სამხედრო ვალდებულება - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.
 2015 წელს მთავრობაშიც აქტიურად დაიწყო მსჯელობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ. პოლიტიკოსებს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, რასაც არაერთი დისკუსია მოჰყვა პარლამენტშიც და მის გარეთაც. თავდაცვის მინისტრმა თავიდანვე მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია. „იყო ვითარება, როცა საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. ყოველთვის იყო ეს პრობლემა, ყოველთვის მახინჯი იყო ეს სისტემა. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ სავალდებულო სამსახური უნდა დარჩეს, მაშინ გაწვეული ახალგაზრდები არ უნდა იდგნენ ყარაულში. თავდაცვის სამინისტროს პოზიცია საჯაროა და ჩვენ არ ვემხრობით გაწვევის დატოვებას“ ამბობს თინა ხიდაშელი.
 კანონპროექტის ინიციატორი „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. მისი ინიციატივა სავალდებულო სამსახურის სრულად გაუქმებას და საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად. იგი ამბობს, რომ როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრთა უმრალესობის მხრიდან კანონპროექტს მხარს ბევრი არ უჭერს, მაგრამ აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრი მის პოზიციას იზიარებს. „ეს სისტემა არანაირ კავშირში არ არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან და ჯარის ძლიერებასთან. თუ ვნახავთ ამ სისტემას, მივხვდებით, რომ მასში ძალიან ბევრი ხარვეზია და სახელმწიფო ყოველწლიურად უამრავ ახალგაზრდას, უბრალოდ, უმწარებს ცხოვრებას. მე მჯერა, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება, ადამიანებს დაახარჯინოს თუნდაც ერთი წელი მათი ნების საწინააღმდეგოდ“, _ აღნიშნავს ჯაფარიძე.
 ჯაფარიძის საპასუხოდ კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. იგი ცალსახად არ ეთანხმება აღნიშნულ ინიციატივას და აცხადებს: „ბატონი ჯაფარიძე სამწუხაროდ ამ თემით სპეკულირებს. არ შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილად ვისაუბროთ გაწვევის გაუქმებაზე, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს სამხედრო სარეზერვო სამსახური, რომლის ძირითადი რესურსი ემყარება იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური, ან საკონტრაქტო სამსახური“.
 აღსანიშნავია, რომ გაწვეულთა მხოლოდ მეოთხედი გადის რეალურ სამხედრო წვრთნას, ხოლო დანარჩენი ყარაულის, ან დაცვის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში.
 ნათელია, რომ დღეს არსებული სამხედრო სისტემა არაეფექტურია. ყოველწლიურად 7000-მდე გაწვეული პირის მხოლოდ 35-40%-იღებს რეალურად იმ სამხედრო უნარებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის გამოდგება, თუ ამის საჭიროება გაჩნდა. ამ საფრთხის გაჩენა კი საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის გამო მუდმივად დღის წესრიგში უდგას. გაწვეულთა დანარჩენ 60%-თან დაკავშირებით გაწეული ხარჯი არაეფექტურად არის გამოყენებული, თუ საკითხს განვიხილავთ როგორც ქვეყნის თავდაცვის გასაუმჯობესებლად და არა როგორც ეკონომიკურად სახელმწიფოსთვის ხელსაყრელს, რადგან ჯარისკაცთა ეს ნაწილი ემსახურება სხვადასხვა ობიექტების დაცვას. საქართველოს სჭირდება მყარი სისტემა, რომელიც იქნება როგორც თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო. თუ სისტემაში არსებული პრობლემები რეალურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა აუცილებლად უნდა გაუქმდეს. შესაძლებელია მისი რეფორმირება, რომელიც ერთის მხრივ გააუმჯობესებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მეორეს მხრივ, აღმოფხვრის იმ არაეფექტური ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ხარჯვას, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე.

  სამხედრო სამსახურის მოდელს განაპირობებს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, იმ განვითარებული ქვეყნების მდგომარეობა, რომლის მაგალითებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების არგუმენტად მოჰყავთ ამ იდეის მომხრეებს, საქართველოს მდგომარებისგან არსებითად განსხვავებულია. თუმცა, ამის გარეშეც არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ევროპულ სივრცეში მყარად დგანან სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჭიროების პოზიციაზე. მაგალითისთვის, ნორვეგია, ავსტრია, შვეიცარია. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის სოციალისტური მოძრაობები ითხოვდნენ ამ მოდელის გაუქმებას, 2013 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობამ (73% ) მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. მაშინ შვეიცარიის თავდაცვის მინისტრი, უელი მაურერი აცხადებდა, რომ სამხედრო სამსახურის გაუქმება დაარღვევდა ერთიანობას ხალხსა და არმიას შორის. შვეიცარიის მაგალითისგან რადიკალურად განსხვავებულია საქართველოს მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების პოზიცია. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს.
 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის გაზაფხულზე, ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს პოზიცია, რომ ლიტვა განაახლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რადგანაც ღელავს უკრაინაში არსებული მზარდი აგრესიის გამო. იმავე შეხვედრაზე, ლიტვის გენერალმა ზუკასმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. სამხედრო სამსახური ვერ იღებს იმდენ ჯარისკაცს, რამდენიც საჭიროა ლიტვისთვის. სამხედრო მოსამსახურეების ნაკლებობა წარმოადგენს რეალურ საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ასევე საინტერესოა ებრაული მაგალითი. ისრაელს აქვს გამუდმებული კონფლიქტი მეზობლებთან და მისთვის აუცილებლია მუდმივი რეზერვის არსებობა. ისრაელის მოქალაქეებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახური 3 წლიანია. სწორედ მუდმივი რეზერვის არსებობა გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რითაც ისრაელმა ყველა სამხედრო კონფლიქტი წარმატებით მოაგვარა. ასევე თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა. თურქეთში არსებობს დაახლოებით ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური.
 და მაინც, საჭიროა თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება? საქართველოს ეს ვალდებულება უკვე ნაკისრი აქვს და შესაბამისად კანონში გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად ვიხილავთ. თუმცა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ რა ფორმით მოხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირება.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1251 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა