22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
08:11 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
მარიკა გაჩეჩილაძე | 22 იანვარი 2018

„ჩემი ცოლის დაქალები“ - შეთხზული რეალობა

 „ჩემი ცოლის დაქალები“  საქართველოს ტელეისტორიის ერთ-ერთი პოპულარული და მასშტაბური სერიალია. „ფორმულა კრეატივის“ პროექტი 2011 წლიდან რუსთავი 2-ის ეთერში გადის და უკვე მეთორმეტე სეზონია “კვებავს” ქართულ საზოგადოებას. მთავარი რეჟისორი გიორგი ლიფონავა, სცენარის ავტორი კი ქეთი დევდარიანია, რომელიც მუდმივად ცდილობს საზოგადოებაზე მანიპულირებას და კვირაში რამდენიმე საათს გამოგონილი რეალობის ნათელ ფერებში აცხოვრებს ადამიანს. უფრო ზუსტად, მათი მედიაპროდუქტი  გახლავთ სატირულ-იუმორისტული ჟანრის სერიალი მეგობრებზე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და ერთმანეთისგან განსხვავებულ პერსონაჟებს წარმოადგენენ. სერიალში ხალხს ავიწყდება გმირების უსაზღვრო კარიკატურული გაზვიადება და გროტესკით გადმოცემულ სიტუაციას რეალობად მიიჩნევენ. ეს გამოწვეულია ჩვენთან დამკვიდრებული ფსევდოტრადიციებით. მაგალითად, სიცილით წარმოჩენილ თენგოს, თავისი უცენზურო სიტყვებით, ალბათ, ბევრი ადამიანი ამსგავსებს საკუთარ თავს, მეორე პრობლემა კი უფრო მწვავეა. სერიალში და თუნდაც რეკლამების დროს გაჟღერებული უამრავი არანორმატიული ფრაზა ახალგაზრდა თაობის „გაფუჭებას“ უწყობს ხელს. 

 მასმედია, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოებაში, სულ უფრო მეტად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში და განსაზღვრავს მის ხასიათს. დღეს დავას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა და ინფორმაციული ზემოქმედების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ადამიანების ქცევაზე კიდევ უფრო გაიზრდება. 

 ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც „ჩემი ცოლის დაქალები“ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ტენდენციებს, ამკვიდრებს ახალ ჟარგონებს და, პოზიტიურის გარდა, ნეგატიურადაც მოქმედებს ქართველ ხალხზე. გინება და სხვა მრავალი უცენზურო სიტყვა ადვილად მკვიდრდება ახალგაზრდებში. ტრენდულად ქცეული შეურაცხმყოფელი გამოთქმები უკვე ჩვეულებადაა ქცეული და ბავშვებიც დიდების მიბაძვას აქტიურად ცდილობენ. პატარებს, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ ესმით სერიალის გროტესკი და როგორც ნამდვილ ცხოვრებას, ისე აღიქვამენ.  ისინი ეკრანზე წარმოდგენილი საზოგადოების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან და მათი ნაწილიც ხდებიან. რეალურად შექმნილი სოციუმის გაგება აგზნებული ცნობისმოყვარეობით თავისთავად გულისხმობს მის წევრობას.

  მაყურებელი დამოკიდებული გახდა ამ ტელესერიალზე. ყოველკვირა აზარტით ელოდება ახალი სერიის გამოსვლას და შეუძლია,  ყველა საქმე გადადოს, უბრალოდ კომფორტულად მოკალათდეს და უყუროს საზოგადოების კომიკურად წარმოჩენილ უარყოფით მხარეებს. 

 აზროვნების ახალი შრეები, ტელემაყურებლებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გატარების სისტემა, მეტად კომუნიკაბელური და აზარტის მატარებელი გახდა, ვიდრე უწინ. ვეღარ არჩევენ შეთხზულ და რეალურ საზოგადოებას და სერიალის კომედიურობაც სადღაც იკარგება. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ჩვენი ცუდი და არასწორი ხასიათის გადმოცემას სერიალის მეშვეობით, თვალი რომ გავახილოთ და შევძლოთ არასასურველის დანახვა, მაინც საპირისპირო ხდება. თავგასული გინებები უკვე ჩვეულებად იქცა და რამდენიმე სერიის შემდეგ მაყურებელი ვეღარც კი აღიქვამს უცნაურად და ჩვეულებრივ მოვლენად ეჩვენება.

 ადამიანები ერთმანეთს ბაძავენ, უნებლიედ და უფრო ხშირად რეფლექსურად. ეს პროცესი 21-ე საუკუნეში უფრო მასშტაბური გახდა ჟურნალისტიკის დახმარებით. მედიის მეშვეობით ძალიან ადვილია ერთ ყალიბში გამოძერწილი ადამიანების ყურება,  საუბრის ერთნაირი მანერით, ლექსიკითა და გამოთქმებით რომ „მოძრაობენ“. ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ დიდი ხანია კვებავს ქართულ საზოგადოებას გამოგონილი პერსონაჟებით, რეალობაში დამკვიდრების დიდი პერსპექტივით. ის აგრეთვე განსაზღვრავს ახალ ტენდენციებს, მოდას და განსხვავებულ აზრსაც უყალიბებს ერს. სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი მარტივად ზემოქმედებს ხალხზე და სთავაზობს თანამედროვე ადამიანების სახეებს. განსაკუთრებით კი მე-12 სეზონი გამოირჩევა ახალი როლების სიმრავლითა და მრავალფეროვანი ტიპაჟებით. აი, მაგალითად, საქართველოში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, „ჩიკა“ უფრო ბევრს ეცოდინება, ვიდრე გამოჩენილი ქართველები. „ჩიკას“ როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ჩირაძეა, რომელმაც სერიალის მეშვეობით მოკლე დროში მიაღწია პოპულარობას. ხალხმა ადვილად აღიქვა და შეიყვარა ეს პერსონაჟი. სახის მიმიკა, მოძრაობა და ტონიც კი ზუსტად ასახავს „ჩიკას“ პროტოტიპს. ეს ხაზს უსვამს მსახიობის ნიჭს და, რა თქმა უნდა, როლთან მისი პიროვნების ჰარმონიულობასაც განსაზღვრავს. ანი ისე დამაჯერებლად თამაშობს, რომ გეგონებათ, სინამდვილეშიც  ასეთია. 

 ნინო ნოდია, თამუნა ქორქია და ქეთი წიქვაძე სერიალში „ჩიკას დაქალების“ როლს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონიათ, მაინც კარგად გამოსდით „ვერავაკელი დაქალების“ თამაში. ექსტრავაგანტული და „კარენოი თბილისელი“ ქალების ჯგუფი კარგად ჩაცმისა და სხვების დაცინვის ეტალონს წარმოადგენენ. როლების ბუნებრივად შესრულების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ საკუთარ თავს თამაშობენ. ნინო ნოდია იგივე ზუზუ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ზუსტად იმავე ლექსიკით, გამოთქმებითა და მორალით ურთიერთობს თავის მეგობრებთან რეალურ ცხოვრებაში, როგორსაც ეკრანზე ვხედავთ.

  ტელევიზია ხელს უწყობს და ინტერნეტი საბოლოოდ ნერგავს გამოგონილ პერსონაჟებს ქართულ რეალობაში. ტელესერიალში ნათქვამი ფრაზები და „ჩიკასეული“ გამოთქმები ადვილად ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ერთ-ერთ სერიაში ნათქვამია, რომ ჩიკას არ აქვს მრავლობითი. ეს მხოლოდ სერიალში, რადგან ქართულ რეალობაში ბევრი ჩიკა არსებობს და ბევრიც უბრალოდ ცდილობს, რომ დაემსგავსოს. დაყენებული ხმა, ჟარგონები საუბრისას და არაპროგნოზირებადი ქცევა ელექტროსიგარეტით ხელში ახალი აღარაა „თბილისური ელიტისთვის“. შეცდომა არ იქნება, თუ ჩირაძის როლზე გავამახვილებთ ყურადღებას და, ალბათ, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ „ჩიკა“ სულ თუ არა ხშირად გვევლინება ელექტროსიგარეტით ხელში. თუკი პროპაგანდად და რეკლამად მივიჩნევთ, არც ეს იქნება შეცდომა. მიუხედავად ნეგატიური ზემოქმედებისა, პოზიტიურის დანახვაც უნდა შეგვეძლოს. ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო იზრდება და პოპულარული ხდება მოწევა თამბაქოს გარეშე. მოდური გახდა სუფთა კვამლის გამოშვება ისე, როგორც „ჩიკა“ უშვებს უდარდელ ღრუბლებს მხართეძოზე წამოწოლილი. დასკვნა - ზოგჯერ მიბაძვაც კარგია! 

 თუ პოზიტიური კუთხით განვიხილავთ „ჩემი ცოლის დაქალებს“, უნდა აღინიშნოს მისი მუსიკალური გაფორმებები. ნიკა ჩოხელისა და თაზო ჯობავას  მიერ შექმნილი კომპოზიცია სერიალის მთავარ საუნდტრეკად იქცა და ყურებასთან ერთად სასიამოვნოდ მოსასმენს ხდის „ჩცდ-ს“. კონკრეტულად ამ სერიალისთვის შექმნილი თანამედროვე ტრეკების უმრავლესობა ალტერნატიული და მეტად ელექტრონული ვერსიებია. ნიჭიერი ახალგაზრდების მუსიკალური პროექტი სახელწოდებით „ნიკა მღვიმელი & ცუდი თესლი“ ახალ კომპოზიციებს სთავაზობს ქართველ ხალხს. 

 ტელესერიალის გამოგონილ რეალობაში შექმნილი თანამედროვე მუსიკა ქართულ რეალობაშიც იკიდებს ფეხს. ზემოთ ნახსენები ჯგუფის გარდა, „გამოუვალი მდგომარეობაც“  „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ ჩამოყალიბდა და შემდეგ მის გარეშე გააგრძელა მუშაობა. თავდაპირველად სწორედ სერიალისთვის ქმნიდნენ სიმღერებს, ემოციურად  და შინაარსობრივად უთავსებდნენ ალტერნატიულ მუსიკას. ჯგუფის ყველა წევრი, ვანიკო თარხნიშვილის გარდა, მუსიკოსია და ისინი წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ამ სფეროში. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ სერიალის გარდა ქართველ ხალხს „ახლად გამომცხვარი“ ბენდიც დარჩა! 

 მიუხედავად უარყოფითი ფაქტორებისა, ამ სერიალის ყურება დაკვირვების რეჟიმით ანალიზის უნარს შეგძენთ. თბილისელი „ჩიკას“ მსგავსი ბევრია საქართველოში. ადვილად ამოიცნობთ ბუმბულებში გამოწყობილ საზოგადოებას, თავს რომ მოგაჩვენებენ მოდის დიდი მიმდევრებად. მათი შვილების სახელები ძირითადად კატო, კესო, ნიტაშკა და სვეტლანკაა, ან უბრალოდ ყველა სახელი, რომელიც შეიძლება კა-ზე და შკა-ზე დაბოლოვდეს. მეტი გრაციოზულობისთვის ისე ათამამებენ ბავშვებს, რომ ვერც ხვდებიან, როგორ უშლიან ხელს მათ ჯანსაღ განვითარებას. პატარები დიდების ქცევითა და აუტანელი ხასიათით - ასეთი დასათაურება შეიძლება მოვუფიქროთ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-18 სერიას, სადაც დაახლოებით 6 წლის ბავშვი ამბობს, რომ დეპრესიაშია. პატარების დასწავლილი  ჩვევები და კაპრიზები თითქოს „მოდური“ ხდება. უკვე ვეღარ იგებენ, ტელესერიალია ჩვენი საზოგადოების სარკე თუ პიქირით. იმდენად რთული სისტემაა, ადვილად შეიძლება დაიკარგო ჭეშმარიტების ძიებაში.

 სერიალში წარმოდგენილი თანამედროვე ბავში, სვეტლანკა ახალ სტერეოტიპებს ქმნის ჩვენ ქვეყანაში. აუტანელი ხასიათი და  მშობლებთან წუწუნი საბოლოოდ ცხადყოფს მოდურად ქცეული ბავშვის ტიპაჟს. ამას თუ გინდათ გროტესკი უწოდეთ, მაგრამ „ჩემი ცოლის დაქალები“ რეალობაში მკვიდრდება და თანაც სულ სიცილ-ხარხარით. სერიალი მსუბუქი კომედიითა და შესამჩნევი სატირით მოქმედებს ქართველ მაყურებელზე და ცდილობს, ერთი მხრივ, მათთვის საინტერესო საზოგადოებაში აცხოვროს. თუმცა სერიების სიმრავლეში არეული ხალხი ივიწყებს მის უმთავრეს დანიშნულებას და 21-ე საუკუნეში „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ბევრ მავნე ფრაზას თუ მიდგომას ამკვიდრებს. ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემებს ემატება საზოგადოების  „სიფსიხე“ და თბილისური მაღალი სოციალური ფენების მკვეთრი მენტალიტეტი.

  რეგიონიდან ჩამოსული ბაქარისა და თენგოს ოჯახების „კარენოი თბილისელების“  საპირისპირო ცხოვრება სერიალს ყველასთვის საინტერესოს ხდის და  ამით ის უფრო ვრცელ აუდიტორიაზე ხდება გათვლილი. ქართველმა მაყურებელმა შექმნილი საზოგადოება თავისად წარმოიდგინა და მსგავსების აღმოჩენის შემდეგ კიდევ უფრო ეცადა რეალობასთან მიახლოებას. 

 იმის ჩამოთვლა, თუ რამხელა პოზიტივის მომტანია ტელევიზია, შორს წაგვიყვანს, მაგრამ  მისი ნეგატიური სიგნალებიც არ უნდა დავივიწყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პროცესს თავისი მიზანი და იდეა აქვს, არც „ჩემი ცოლის დაქალები“ წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას ქვეყანაში. ერთი შეხედვით, სახალისო და იუმორისტული სიუჟეტებით სავსე სერიალია, მაგრამ მიღებულ შედეგზე მაინც გვიან ვფიქრობთ. რას გვაძლევს? რას ცვლის? გარემოზე ყველაფერი მოქმედებს და სწრაფადვე აისახება მომხდარი ცვლილებები. გამონაკლისი არც „ფორმულა კრეატივის“ პროექტია. სერიალმა, გარდა იმისა, რომ უცენზურო და არანორმატიული გამოთქმების დამკვიდრებას შეუწყო ხელი, სატირული ხასიათი სულ დაკარგა. პერსონაჟსა და რეალურ ადამიანს შორის ზღვარი წაშლილია, შესაბამისად, ერთმანეთში ირევა შეთხზული და არსებული რეალობა. მაყურებელი ვეღარ აღიქვამს სინამდვილის უარყოფით და მანკიერ ბუნებას. საქართველოს ქუჩებში დადიან: თენგო, ბაქარი, ჩიკა, შავლეგო, დოჩი და, სამწუხაროდ, „დაე იარონ-ს“ ვერ ვიტყვით მათზე. სად გადის საზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის, რთული სათქმელია, ალბათ, მეტი ეფექტის შესაქმნელად უფრო გვირჩევნია, გამოგონილ სამყაროში ვიცხოვროთ.

 

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში

ლექტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 929 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა