27
ოქტომბერი, 2020 სამშაბათი
08:57 PM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
სალომე ლაბაძე | 20 იანვარი 2016

მარტოობის ათი წელი

აღმაშენებლის გამზირზე ერთი პატარა სახლის აივანზე ყოველ საღამოს შენიშნავთ მოხუც ქალს, რომელიც თვალმოუშორებლად აკვირდება ეზოში მდგომი ხეებიდან ფოთლების ცვენას. ეს ქალბატონი 75 წლის ნუნუ ბერუაშვილი გახლავთ. აგერ უკვე ათი წელია, რაც შემოდგომის თითოეულ საღამოს იგი დამჭკნარ და გაყვითლებულ ფოთლებთან გამოთხოვებას უძღვნის. თუმცა, ამ მელანქოლიურ საღამოებს  ყოველთვის წინ უძღვის ხალისითა და შრომით გატარებული დღეები. ნუნუ ბებოს მარტოობის ათწლიანი ისტორია გვანახვებს, რომ შეუპოვარი ბრძოლით შეიძლება სიბერე ცხოვრების გამორჩეულად ღირებულ ეტაპად და მის ერთგვარ  დაგვირგვინებად იქცეს.

პროფესიით  მუსიკის პედაგოგია მუშაობის ოცდაცამეტწლიანი სტაჟით. საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 წლით ადრე საკუთარი სურვილით დაანება თავი მუშაობას.როგორც თავად აღნიშნავს, არ უნდოდა სხვა კოლეგების მსგავსად სამსახურიდან გაშვების ტკივილი განეცადა. ამასთან სურდა, მეტი დრო დაეთმო ლოგინად ჩავარდნილი მეუღლისა და შვილიშვილებისათვის. მეუღლის გარდაცვალებამ და შვილიშვილების ისრაელში გადახვეწამ კი მას სულიერი დასაყრდენი გამოაცალა. მარტოობის ათწლიანი ისტორიაც აქედან დაიწყო.

საოცარი სწორედ ისაა, რომ ეს ისტორია არ ჰგავს სხვა მარტოხელა მოხუცების ამბავს. აქ უძლურებისა და უხალისო, უმიზნო ცხოვრების ნასახიც კი არ იგრძნობა.

ნუნუ ბებოს ყოველი დილა  მოხუცთა სახლში მისვლით იწყება. ეს დაწესებულება ქუჩის მეორე მხარესაა, თუმცა მას ადრე ყოველთვის თავს არიდებდა. მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული, საბრალო, ახლობლებისგან უარყოფილი მოხუცების თავშესაფრად მიაჩნდა.ერთხელ კი, როცა ბენეფიციარების მიერ გამართულ სპექტაკლს დაესწრო, საოცარი ძალა იგრძნო. მიხვდა, რომ სხვებთან ერთად მასაც შეეეძლო სიამოვნებისა და ბედნიერების კვლავ განცდა.

ქალბატონი ნუნუ ახლა უკვე ხშირად მონაწილეობს თავშესაფრის მიერ გამართულ ღონისძიებებში. წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ მას მასპინძლის არაფორმალური სტატუსი მიანიჭა. ხშირად სწორედ იგი ეხმარება ახალმოსულ მოხუცებს საჭირო მომსახურების მიღებაში, ადმინისტრაციას კი - საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი მუშაობა დარდის გაქარვების, ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნების  საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, სხვა მოხუცებთან სიახლოვემ კი მსგავსი პრობლემების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.

დღის მეორე ნახევარს, ჩვეულებრივ, თავშესაფრის გვერდით მდებარე თბილისის მთავარ  ბიბლიოთეკაში ატარებს. გატაცებით კითხულობს წიგნებსა და გაზეთებს. სხვა მკითხველებთან ერთად პოლიტიკურ საკითხებზე ცხარე კამათსაც არასდროს ერიდება. დროის დარჩენილ ნაწილს კი, მუსიკას უთმობს. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ მას ფორტეპიანოს გამოყენების ნება დართო და ნუნუ ბებოც ბავშვებს საყვარელ საქმეს  გატაცებით  ასწავლის.“ასე მგონია, მათთან ურთიერთობითა და ზრუნვით დიდი ხნის უნახავ შვილიშვილებს ვიბრუნებ“, აღნიშნავს იგი.

შვილიშვლებისგან შორს მყოფი შინ დაბრუნებამდე ყოველთვის ეალერსება ეზოში მოთამაშე ბავშვებს და  ტრადიციულად, ტკბილეულს ურიგებს მათ. მერე კი, ტრადიციულად  ფოთლების ცქერითა და დაზამთრების მოლოდინით ღამდება.

ასე იქცევა მარტოობის ათი წელი სიკეთის წლებად. უხვად გაცემული სიყვარული კი, რომელიც  ქალაქის ერთ პატარა ნაწილშია დაგუბებული, სიბერესა და ერთფეროვან ცხოვრებასთან ბრძოლის საუკეთესო გზად.

მომზადებულია კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში

ხელმძღვანელი: მარიამ გერსამია, დალი სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1159 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10300შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა