20
ივლისი, 2019 შაბათი
11:40 PM
ანალიზი და მოსაზრება - მეცნიერება
ნინო სალუქვაძე | 13 ივნისი 2013

ბედნიერების რეცეპტი ზურაბ შევარდნაძისგან

 

 

“ისეთ რამეს უნდა აკეთებდე, რომ იგრძნო ადამიანმა, შენი არყოფნით რა დააკლდება ირგვლივ მყოფთ. შენ შენი წილი ყველაფერი უნდა შექმნა. შენი წილი სატირალიც უნდა იტირო, გასაცინებელიც უნდა გაიცინო” – ასე ფიქრობს პროფესიით ბიოლოგი, მოწოდებით მებაღე გურული ზურაბ შევარდნაძე. 

 

რა საერთო აქვს ძველ ფეხსაცმელებში ჩარგულ მცენარეებს, საბავშვო ეტლს, პუანტებს, თიხის ქოთნებს, სარკეებს, ძველებურ “ხოჭო” მანქანას, ძველ ველოსიპედს, პატარა თოჯინებს, ჩითის ხალათებსა და ხის პატარა სახლს? - დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობა -  “გარდენია”. ბაღი, რომელიც ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის. შედიხარ და თითქოს რეალობას წყდები. პირველი, რასაც ამჩნევ, ლამაზი ფერები, უცხო სურნელი და მოფუსფუსე ადამიანებია. შემდეგ ხვდები, რომ ეს მხოლოდ მცენარეთა სამფლობელო არაა. უამრავ ძველებურ, ორიგინალურ, ძალიან ნაცნობ და ერთი შეხედვით უცნაური ფუნქციით დატვირთულ ნივთებს ამჩნევ. შესასვლელთან ძველებურ ჩემოდნებს, ღია ცის ქვეშ ჩამოკიდებულ ჭაღებს, რკინის მაგიდაზე სარკეს, მის გვერდით დაწნულ კალათებში ჩალაგებულ ბოსტნეულს, მაგიდაზე სახელდახელოდ დალაგებულ ხილს... აქ უამრავი დეტალია. ასჯერ გაივლი ერთსა და იმავე ადგილას და ყველაფერს მაინც ვერ აღიქვამ. შემთხვევით შეიძლება შეამჩნიო ვარდის ბუჩქში ჩადებული ჭილის თოჯინა ან ვაშლის ხეზე ჩამოკიდებული სანათი... 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ სილამაზის შექმნა ერთი შრომისმოყვარე და საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის დამსახურებაა. ეს ბიოლოგი და ბევრისათვის დამახასიათებელი იუმორით ცნობილი ზურაბ შევარდნაძეა. საკუთარი ცხოვრების, შეხედულებების, პროფესიისა და  სამომავლო მიზნების შესახებ თავად “გარდენიას” სტუმართმოყვარე მასპინძელი გვესაუბრა. წვიმიანი დღე იყო და ინტერვიუს დაწყებამდე ბატონი ზურას დედა ყავითა და ნამცხვრით გაგვიმასპინძლდა. ინტერვიუმაც ხალისიანად ჩაიარა.

 

- ბატონო ზურაბ, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. როგორი ბავშვი იყავით?

- როგორი და ლაღი, ხალისიანი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. გავიზარდე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში. ძალიან კარგი სოფელია, კეთილშობილი ხალხით დასახლებული. არაჩვეულებრივი ოჯახი მყავდა, მოსიყვარულე და მშრომელი ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ერთი ძმა. ასეთი კეთილშობილი ხალხი, როგორიც ჩემს სოფელშია, აქამდე მე ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია. ძალიან მადლიერი ვარ იმ ხალხის და იმ სოფლის.

- როგორც ვიცი, წარმატებით დაამთავრეთ როგორც სკოლა, ასევე უნივერსიტეტი...

- მაინცდამაინც კარგი მოსწავლე არ ვიყავი სკოლაში. იმიტომ, რომ ბევრი სხვა ინტერესი მქონდა გარდა მცენარეებისა. თუმცა ყოველთვის კარგ ნიშნებს ვიღებდი, რადგან მასწავლებლებს ძალიან ვუყვარდი, მეც ძალიან მიყვარდა ისინი.

- გერმანიაში სასწავლებლად წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- გერმანიამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. პარალელურად ბოტანიკურ ბაღში ვმუშაობდი. იქ ჩამოვიდა ბონისა და მიუნხენის ბოტანიკური ბაღის დირექტორი და იქ შედგა პირველი ურთიერთობა ჩემსა და გერმანელებს შორის. მათ გერმანიაში დამპატიჟეს და იქედან წავედი ბონის უნივერსიტეტში. 

- გაგიჭირდათ თუ არა გერმანულ ცხოვრების წესთან შეგუება?

- გამიჭირდა კი არა, ვერ შევეგუე. სამ კვირაზე მეტ ხანს იქ ვერ ვძლებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლობელი ვარ იმ ხალხის, ძალიან ბევრი რამ გამიკეთეს და დიდი დამსახურებაა მათი, მე თუ რამე შემიძლია დღეს, მაინც ვერ შევეგუე იქაურ ცხოვრების წესს და ვერც ვიცხოვრებ ვერასდროს. ბევრი საინტერესო შემოთავაზება მქონდა და, წესით და რიგით, უნდა დავინტერესებულიყავი, თუმცა უარი ვთქვი ერთადერთი მიზეზით, რომ მე იქ ცხოვრება არ შემიძლია.

 

 

- მინდა თქვენს ბაღზე გკითხოთ, რომელიც ყველა მნახველს ძალიან უყვარს. როგორ დაგებადათ ამ ბაღის შექმნის იდეა და იყო თუ არა ეს ბავშვობის ოცნების ასრულება?

- კი, კი, ზუსტად. სულ ვიცოდი, რომ მე უნდა მქონოდა ბაღი და ბევრი მცენარე. პირველ რიგში, ეს ჩემთვის გავაკეთე. ყველას ამას ვუყვები და თქვენც გეტყვით. მე რაც მინდა, იმას ვაკეთებ. მადლობა ღმერთს, რომ რაც მინდა მარტო მე არ მაინტერესებს. სხვებსაც აინტერესებთ და მარტო არა ვარ. როცა მცენარეთა ასორტიმენტს ვრგავ, აუცილებლად იმას ვირჩევ, რაც მე მომწონს და არა იმას, რაც კარგად გაიყიდება. 

- რა დრო დაგჭირდათ „გარდენიას „ შესაქმნელად?

- მეხუთე წელია უკვე, რაც გარდენია არსებობს. მებაღეებისათვის პირველი მარტია ახალი წელი. ახლა რომ პირველი მარტი მოვა (პატარა ბავშვივით ვამბობ: რომ დავიძინებ, რომ გავიღვიძებ), 5 წლის გავხდებით.

- ბატონო ზურაბ,“ გარდენიას“ თანამშრომლებზე მინდა გკითხოთ. რატომ შეარჩიეთ ასეთი განსხვავებული ასაკის თანამშრომლები?

- კი, ეს საუკეთესო მოდელია. ჩემს გუნდში არიან (ახლა მოდური სიტყვა ვთქვი: “ჩემს გუნდში”), 80 წელს გადაცილებული ქალბატონებიც და 16-17 წლის გოგო-ბიჭებიც. ეს შესანიშნავი კომბინაციაა. მხცოვანი მებაღეები, რომელთაც მდიდარი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ნაკლები ფიზიკური შესაძლებლობები და მათ გვერდით ახალგაზრდები, რომლებსაც ბევრი ფიზიკური შესაძლებლობა აქვთ და ნაკლები გამოცდილება. ამ თანამშრომლების გარეშე ჩემი წარმატება არ გამოვიდოდა. ამიტომ მე მათი ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ. 

- “რუსთავის 2”-ის დილის გადაცემაში ოთხშაბათობით თქვენი ბაღიდან ეკა ამირეჯიბთან ერთად ჩართვა გაქვთ. თქვენი აზრით, შეუწყო თუ არა ხელი ამან გარდენიას პოპულარიზაციას?

- კი, კი, არ ვამბობ, რომ არა. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ძალიან დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა, რომ ვშრომობდი. მე და ეკამ ერთმანეთი შარშან გიორგობას სამების ტაძრის ბაღში გავიცანით, სადაც ხე დავრგეთ. პატარა მონახაზი ამ იდეის იქ გავაჟღერეთ. ნინო არაზაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან მაკავშირებს ჩემი მეგობრები ნინო დანელია და მარინა, რომლებიც ჩემამდე უძღვებოდნენ ამ გადაცემას. ასე ერთობლივად მოხდა ამ იდეის განხორციელებაც.

 

 

- ბატონო ზურაბ, საპატრიარქოს დეკორატიული მცენარეებისა და მებაღეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბრძანდებით. რას გვეტყვით ამ სასწავლებელზე?

- ჩვენ გავიარეთ აკრედიტაცია, გვაღიარეს ოფიციალურ სასწავლებლად და მას ახლა დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი ჰქვია. გვაქვს სამი სპეციალობა: ბაღის დიზაინერის, მებაღის და ფლორისტის, სპეციალობები. 5 წელია ეს კოლეჯი არსებობს და პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ იქაც. 

- ბატონო ზურაბ, სიძველეები ძალიან გიყვართ. აგროვებთ ამ კოლექციებს?

- კოლექციონერი მე არ მქვია. კოლექციონერი არის ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ჰქონდეს რაღაც გარკვეულ ერთნაირ ნივთთა ჯგუფი. მე კი ვარ ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს. ძველი ნივთები მომწონს და რაც მაქვს ყველაფერს ვიყენებ ცხოვრებაში. ეს უფრო ესთეტიკაა, ვიდრე კოლექციონერობა. მე ამ ესთეტიკით ვცხოვრობ.

- ბევრ ინტერვიუში აღგინიშნავთ, რომ „გარდენია „ არაა მხოლოდ თქვენი სამუშაო, ეს თქვენი ცხოვრების წესია. კიდევ რაიმე ხორცშესასხმელი ოცნება თუ გაქვთ გარდენიასთან დაკავშირებით?

- კი, კი, ბევრი დამრჩა ასეთი ოცნება. ცოცხალი ორგანიზმია მცენარე. ამ სიცოცხლესთან ურთიერთობა შენც ძალიან ბედნიერს გხდის, თუმცა პასუხისმგებლობებსაც გაკისრებს. იმდენი იდეები მაქვს, რომ დავწვები, არც ვიცი, მეორე დილა რომელი საქმით დავიწყო, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რომელი პირველ რიგში გასაკეთებელია. ძალიან ბევრი საქმე და ბევრი, ბევრი იდეა მაქვს.

- ბატონო ზურაბ, “გარდენიას გურული სული” გიწოდეს...

- ბიჯოს!.. ( იცინის).

- ფორუმებზე წერენ, რომ გარდენია უთქვენოდ ვერ წარმოუდგენიათ. თქვენს ბაღში მოხალისედ მუშაობის სურვილსაც კი გამოთქვამენ. ამაზე რას გვეტყვით?

- არა, არა, ეგ გადაჭარბებული ამბავია. მე მგონია, რომ ჩვენ, ქართველები, უსაშველო ხალხი ვართ. თქვენ გურული ბრძანდებით და კარგად გაიგებთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა. მე ერთი ჩვეულებრივი მებაღე ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. სხვანაირად ვცხოვრობ. არ დავდივარ ჰიპერ მარკეტებში და სუპერმარკეტებში, ბაზარში ყიდვა მიყვარს. სხვანაირად ვიკვებები, სხვანაირად მაცვია და საერთოდ, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. ამიტომ ეს დღეს ეუცხოებათ. ადამიანები მონატრებულნი არიან ბედნიერად ყოფნას. 

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ბრაზდებით, როცა მხოლოდ თქვენი იუმორის გამო გცნობენ. ხომ არ იქცა დამახასიათებელი გურული იუმორი თქვენს სავიზიტო ბარათად?

- კი, ბატონო, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია ეგეც. მე გურული კაცი ვარ და რამეს, რასაც სხვა ტირილითა და ვიშვიშით შეხვდებოდა, მე სიცილითა და იუმორით ვხვდები. ამიტომ არც ეგ უნდა უკვირდეს ვინმეს, რომ ადამიანმა ბევრ რამეს დადებითი ემოციით შეხედოს. ხშირად ვარ კარგ ხასიათზე, ხშირად ვხუმრობ და ვიღიმები. ეს ერთი რეცეპტია ჩემი ბედნიერების, რომ ადამიანმა მარტივად, იუმორით შეხედო ყველაფერს. მე ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.

- ბატონო ზურაბ, რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში გარდენიასთან დაკავშირებით და თუ შეგვიძლიათ კონკრეტულად გვესაუბროთ ამაზე?

- ბევრი სიახლეა. აქ ჩვენ გაზაფხულიდან გვექნება პატარა კაფე, სადაც ადამიანები ჩაის მიირთმევენ, ჩემს პატარა რეცეპტებს შევთავაზებ მათ. ყველას შეეძლება დაჯდეს და რამდენიმე წუთი ან საათი გაატაროს ამ სილამაზეში. გაზაფხულზე ვგეგმავთ ბევრ საინტერესო გამოფენას. 5 წლის ვხდებით, ეს პატარა საქმე არ არის და იუბილე გვაქვს. მცენარეების ახალი ასორტიმენტი გვექნება. გაზაფხული გარდენიასთვის ძალიან საინტერესო იქნება და მას მეც კი სულმოუთქმელად ველოდები. 

- რეცეპტები ახსენეთ. როგორია თქვენი კულინარიული შესაძლებლობები?

- რაღაცეები მეხერხება, ბევრი არაფერი. არ მიყვარს უცხო გემოები. საიდანღაც მოტანილი ტროპიკული და ეგზოტიკური საჭმელები. მიყვარს ნიგვზიანი კერძები. მჭადი მიყვარს, ყველი. ნიგვზიან სალათზე გემრიელი თუა რამე ქვეყანაზე არ წარმომიდგენია. მაგრამ საღი მიყვარს ყველაფერი, ჯანმრთელი. გაყინული ქათამი ჩემს დღეში არ მიჭამია და ვერც შევჭამ, ვერ შევჭამ პომიდორს, რომელსაც არ აქვს პომიდვრის გემო. მჭადის გამოცხობა ვიცი კარგად. (იცინის). იმიტომ, რომ მჭადის გარეშე არ შემიძლია. 

- ბატონო ზურაბ, თქვენს საქმიანობაში წარმატებული ბრძანდებით. რთული გზა გაიარეთ აქამდე. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

- ერთი სიტყვაა მაგის პასუხი: სიყვარული. სიყვარულით უნდა აკეთო ყველაფერი. მთავარია, აირჩიო ის საქმე, რომელიც შეგიყვარდება და სწორად განსაზღვრო, რა გინდა. თუ იცი, რა გინდა, შეგიყვარდება ის საქმე და მისი სიყვარული გაგხდის შენ ბედნიერს. დანარჩენი ყველაფერი თავისით იქნება. უნდა შეეცადო, რომ ჯანმრთელად იცხოვრო, ნაკლები დრო დაუთმო კომპიუტერთან ჯდომას, უფრო მეტი რეალურ საქმეს. ადამიანმა შენი წილი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიარო. შენი როლი უნდა დაინახო. ზოგჯერ ასე მგონია: მე რომ არ ვიყო ეს პატარა ადგილი ხომ არ იქნებოდა? გამორჩეული უნდა იყო, სხვანაირი. ღმერთმა ასე გააჩინა ადამიანი, ყველას თავისი ჯვარი მისცა. შენი საქმე ხელოვნებამდე უნდა აიყვანო. დამლაგებელი იყავი, მაგრამ ისე ალაგებდე, ყველა შენზე ლაპარაკობდეს. რაღაცის შემქმნელი უნდა იყო. შენი არსებობით არ უნდა ამძიმებდე დედამიწას. სხვისი ნაშრომით არ უნდა სარგებლობდე. ამიტომ, თუ მაქვს ამის უფლება, მოვუწოდებდი ყველას, რომ იპოვონ თავისი საქმე, მთელი გული და სული ჩადონ მასში და ყველაფერი გამოვა. ადამიანი მხოლოდ ასე წავა წინ. 

 

“გარდენიადან” წამოსვლისას ფეხები უკან გრჩება. ბატონ ზურაბთან საუბრის შემდეგ კი თუ ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” წაგიკითხავს, აუცილებლად გაიხსენებ ილარიონ შევარდნაძის ნათქვამს: “როგორ ძლებს თბილისში ამდენი ხალხი ადესის, პრასის მწნილისა და გაფიცხებული მჭადის გარეშეო.” გარდენიას გურული სული ყველას უსურვებს “ეგარდენიებოდეს”. ფიქრობს, რომ “სილამაზის აღქმა და სილამაზის დანახვა ძალიან აკეთილშობილებს ადამიანს. ყველა უნდა შეეცადოს, რომ თავისი გარემო გაილამაზოს, გაიმშვენიეროს. თქვენც წარმატებას გისურვებთ, ბევრ სიკეთეს, ბევრ სიხარულს, კარგ მომავალს, რაც მთავარია, თქვენი საქმის პოვნასა და შეყვარებას.

 

სტუდენტური სასწავლო ჟურნალი  „კოქტეილი“

2021 წლის დეკემბერი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 9334 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9560შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა