14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:51 AM
ანალიზი და მოსაზრება - ლიტერატურა
ნინი ტაველიძე | 22 იანვარი 2018

„ნუთუ ყოველივე ეს?“

„არსებობს წიგნები, რომლებიც გვცვლის. წაიკითხავ და ხვდები, მანამდე სხვანაირი ყოფილხარ. ბევრ რამეს ვერ ამჩნევდი, არ გესმოდა, ვერ გრძნობდი. სამყარო უფრო ფერმკრთალი იყო და მოსაწყენი. ადამიანებსაც სხვაგვარად უყურებდი.  დაღლილი იღვიძებდი და ყოველდღიურობის მორევს უბრუნდებოდი. მაგრამ, კიდევ კარგი... რომ არსებობს წიგნები, რომლებიც გვცვლის.“

ჯერ კიდევ „ ცომი“ დომენიკოს თავგადასავლებით აღსავსე ტკბილ-მწარე გზას რომ  არ გავყოლოდი ,ალბათ, ამ ფრაზის მნიშვნელობას  მთელი სისავსით ვერასდროს ვიგრძნობდი.

„სამოსელი პირველი“ თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი რომანია.

ბიბლიური მოტივებისა და უძღები შვილის იგავის ახლებური გააზრება, ჯადოსნური სამყარო და ძალიან ფერადი პერსონაჟები.თითოეული მათგანი ისეთი რეალური და ცოცხალია,შეუძლებელია წიგნის დახურვით მათი დავიწყება შეძლო.

ეს არის წიგნი სიკეთესა და ბოროტებაზე, წრფელ,  სიბილწეს მოკლებულ სიყვარულზე, კაცობრიობის ყველაზე დიდ განძზე - თავისუფლებაზე,  ნამდვილ მეგობრობაზე. ადამიანზე, რომელიც შეიძლება თავს ბოროტად მხოლოდ იმ იმედით აჩვენებდეს, იქნებ სხვასაც აქვს ასეთი ნიღაბი.

რომანის მთავარი გმირი დომენიკო ერთი უბრალო სოფლელი ბიჭია, დიდი, მეოცნებე , ცნობისმოყვარე თვალებითა და  კეთილი გულით, რომლის არსებასაც სამყაროს შეცნობა ყველაზე მეტად სწადია. გვეგვესგან განსხვავებით, რომლისთვისაც უზრუნველი ცხოვრება მაძღრობით იზომება, დომენიკოს ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრება სურს.  ზღვისა და ლამაზ-ქალაქის  ნახვის დაუძლეველმა სურვილმა  მაღალსოფელი დაატოვებინა. მამამ დალოცა.

„ლამაზ-ქალაქში ჭრელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მაინც ერთმანეთს გვანან, ქალაქელები არიან“.სწორედ აქ შეხვდება ის თავის ნამდვილ სიყვარულს ანა –მარიას და ეს გამოუცდელი ბიჭი პირველად იგრძნობს,რომ სიყვარულს თურმე თან ტკბილი ტკივილიც სდევს. კიდევ სხვა რამეებიც გაიგო სოფლელმა ბიჭმა ლამაზ-ქალაქში.  ადამიანთა სიყალბე ადრე ასე არასდროს უგრძვნია.

გზას ამჯერად  იგი  უკვე  დიდ მარმარილოს ქალაქ კამორაში მიჰყავს.  ვარდისფერი ლამაზ-ქალაქისგან განსხვავებით ნაცრისფერ კამორაში ყველა კარი ყრუდაა დარაზული. იქ  ხალხს ნამდვილი სახე დაუკარგავს და  სიმდიდრეს გადაურევია . ბოროტება ბატონობს კამორაში. როცა სიმდიდრემ სიკვდილისგან იხსნა , ეს პატარა, ჯერ კიდევ „ცომი“ ბიჭი,  პირველად მაშინ მიხვდა,რომ ადამიანის სიცოცხლეს ერთი პატარა დრაჰკანი განაგებს მხოლოდ.

სიმარტოვის დროსაც გამუდმებით   ვიღაცის სიყვარულს გრძნობს დომენიკო.ეს ვიღაც მამაა მისი, ექვსი ათასი დრაჰკანი რომ გამოატანა ვაჟიშვილს და ასე ცივად, თითქოს იმისათვის გამოისტუმრა, რომ ჭეშმარიტ სიმდიდრეს მიაკვლევინოს.

წინ კიდევ რამდენი ქალაქია... ჯამბაზივით მხარზე შეუსვამს ავტორს მკითხველი და ქუჩებში დაატარებს. შუაღამისას ფანჯრებშიც ახედებს და ათას საიდუმლოს, ათასგვარი პროზის მომსწრეს ხდის. მერე პოეტურად ჰყვება ამ პროზის შესახებ გურამ დოჩანაშვილი. ალბათ იმიტომ, რომ თვალებით ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო დააქვს.

ჯოჯოხეთგამოვლილი  მგზავრი  ბოლოს კანუდოსში ხვდება . ეს  ქალაქი მდინარის პირას ძევს.

„იქ სახლები თეთრი თიხისაგანაა აგებული.

იქ ადამიანები ძმებივით არიან და თანაბრად იყოფენ ყველაფერს”.

სულზე უტკბესი ,სულის ყვავილიც- თავისუფლება კანუდოსელებისგან ისწავლა მგზავრმა.თეთრ სახლებს შორის თავაწეული,ბედნიერებით ამაყი მიაბიჯებდა დომენიკო. ჰაერსაც , მიწასაც, წყალსაც , სახლებსაც სხვანაირად უმზერდა  ბიჭი.

ხანგძლივი მოგზაურობა მამასთან აბრუნებს მგზავრს.

ეს არაა რომანი-მონოლოგი, ფიქრის აღწერა, სულის უფაქიზესი ნიუანსების გადმოცემა.მასში მოქმედემა სჭარბობს, მოქმედება განსაზღვრავს სწორედ გმირთა შინაგან სამყაროს, გვიხსნის ხასიათებს.კვდება ედმონდო დამის "უაზრო" ცხოვრებას  მხოლოდ სიკვდილის მერე ენიჭება აზრი და გასაგები ხდება მისი, ერთი შეხედვით ახირებული სიტყვები, არაერთგზის ღიმილს რომ ჰგვრის მკითხველს: "მოდი ვიამხანაგოთ".

ნამდვილი გიჟი - უგო ახალგაზრდაა. თითქმის ბავშვია, ენაზე მუდამ კამორული დანა აკერია და ყელის გამოჭრით ემუქრება ლამაზ-ქალაქელებს.

ქალაქში კიდევ ნორჩი ჯანჯაკომოა, განსაცდელში მყოფ მამას ასე რომ ეგებება: "მარჩენალო მამა..."

ყველასგან გიჟად შერაცხული,ქადაგადდაცლილი ალექსანდროც, უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი რომ გაფურჩქვნია სულში.

კიდევ მარადმწვანე მამიდა არიანდა, პატივმოყვარე ტულიო, ამპარტავანი ვინსენტე - ლექსიკას იმის მიხედვით რომ იცვლის, გახსნილი აქვს თუ არა პერანგის ზედა ღილი...

ანა მარია,რომელიც ქალი კი იყო ,მაგრამ შველს ჰგავდა . პატრიცია- სულელი ქალი და  ნამდვილი ქალი, ქალი ტერეზა.

კიდე?  სხვებიც არიან. არ მახსენდება. ქალაქი რის ქალაქია, ყველა თუ გაგახსენდა.

ცხოვრება მოგწყურდებათ, ადგილის ძებნას დაიწყებთ, ბევრ ახალსაც აღმოაჩენთ საკუთარ თავში. მიხვდებით ,რომ  ამქყვენად მთავარი ფასეულობა არამატერიალურია და მას კაცთა შორის სიყვარული ჰქვია.

დიდი ტვირთი კი გვაწევს ადამიანებს,მაგრამ ღირს იმ აღმართზე ასატანად, რომლის ბოლოშიც გველოდება ის,ყველანაირს რომ მიგვიღებს და შეგვიყვარებს, თუ გული გვექნა წრფელი.

სამოსელი პირველი იყო სიტყვა  , სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო  ღმერთი!

გახსოვდეთ, სადღაც მაღლა ყოველთის არის მამა.

მთავარია გადაშალეთ პირველი ფურცელი, კომფორტულად მოიკალათეთ და წავიდა …

აგერ ლტოლვილიც მოვიდა...

 

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზისა და მოსაზრების წერის" ფარგლებში

ლექტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 644 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა