19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
01:05 PM
ანალიზი და მოსაზრება - განათლება
მარიამ ტალახაძე | 13 იანვარი 2019

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ხარვეზები

                    

 

პროფესიული განვითარების გზაზე უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული უნარების გამომუშავებასაც დიდი როლი აქვს. ამ უნარების დაუფლებისთვის სტუდენტები ხშირად მიმართავენ სტაჟირების პროგრამებს, თუმცა ქართულ რეალობაში ამ მხრივ ბევრი ხარვეზი და პრობლემა იკვეთება, ერთ-ერთია ის, რომ სტაჟირება სამუშაო გამოცდილებაში არ ითვლება. 

 

გარდა სხვადსხვა ორგანიზაციისა და კომპანიის მიერ გამოცხადებული სტაჟირებებისა, არსებობს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური- სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით დაიწყო 2014 წელს. ამ პროგრამაში ის სტუდენტები ერთვებიან, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირებას საჯარო სამსახურში 1-დან 6 თვემდე. 

 

მიუხედავად პროგრამის მასშტაბურობისა, მას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს. ამ ხარვეზების დეტალურად შესასწავლად იმ სტუდენტებს ვესაუბრეთ, რომლებმაც პროგრამა გაიარეს.

 

 

პროგრამას სტუდენტების მისაღებად ერთადერთი კრიტერიუმი- მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. კერძოდ, სტუდენტს, რომელსაც სურს სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ჯიპიეი (GPA) მინუმუმ 3.0 უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მისაღებად არც რეზიუმეს და არც სამოტივაციო წერილს არ ითხოვენ. ასეთ პირობებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც 3.0-ზე დაბალი ჯიპიეი აქვთ, მაგრამ სურთ სტაჟირების გავლა, ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. 

 

 

2018 წლის შემოდგომის ნაკადზე სულ 1098 სტუდენტი დარეგისტრირდა, ვაკანსიები კი თითქმის 6-ჯერ მეტი (6169) იყო, მიუხედავად ამისა, შეთავაზებული ვაკანსიებიდან მოთხოვნადი და სტუდენტებისთვის სასურველი ძალიან ცოტაა და დასწრების პრინციპის გამო სტუდენტების უმეტესობა სასურველ ვაკანსიას ვერ ირჩევს. 2018 წლის ნაკადზე 1098 სტუდენტიდან მხოლოდ 641-მა მოახერხა სასურველ ვაკანსიაზე დარეგისტრირება. იკვეთება რეგიონებისა და თბილისის ვაკანსიების არათანაბარი რაოდენობა და ხარისხი. 

 

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი მონიკა ელიაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა გადაწყვიტა სტაჟირების პროგრამაში ჩართვა. 

 

„ვიყავი სტიპენდიატი, რის გამოც ვერ ვიწყებდი სამსახურს, თუმცა მეოთხე კურსის მეორე სემესტრში სტაჟირების პროგრამაზე მაინც დავრეგისტრირდი. შემოთავაზებული ვაკანსიები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ძალიან გამიხარდა, ჩემი პროფესიით საკმაოდ სერიოზულ დაწესებულებებში რომ შემეძლო სტაჟირების გავლა. თუმცა, რადგან წინ კიდევ ერთი სემესტრი მქონდა და წითელ დიპლომამდე ცოტაღა მაკლდა, გადავწყვიტე უნივერსიტეტის მშვიდად დამთავრება და სტაჟირებაზე ოქტომბერში დარეგისტრირება“-, გვიყვება მონიკა. 

 

თუმცა უკვე არასტუდენტის სტატუსით სტაჟირების პროგრამაში ჩართვამ ახალი პრობლემები წარმოშვა მისთვის. 

 

„როცა დავრეგისტრირდი მხოლოდ 4 ვაკანსია გამიხსნა, აქედან 3 ჩემი რეგიონის (მცხეთა-მთიანეთის) საჯარო სკოლები იყო, მე-4 კი თიანეთის გამგეობა. დავრეკე და ვიკითხე სოფლის სკოლები რა სტაჟირებას სთავაზობდნენ ინფორმატიკაში, ერთ-ერთმა სკოლამ მითხრა, რომ უბრალოდ ინფორმატიკის გაკვეთილებს უნდა დავსწრებოდი, რომელსაც ინფორმატიკის მასწავლებელი უტარებდა მე-5-6 კლასელ მოსწავლეებს. დავრეკე ქოლცენტრში და ავუხსენი სიტუაცია, ვერ ვხვდებოდი თბილისის ვაკანსიები რატომ არ შემომთავაზეს, მით უმეტეს, როცა წინა ნაკადზე სულ თბილისის სტაჟირებები გამიხსნა”-, ასე გაგრძელდა მონიკას ისტორია.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტის სტატუსის არქონამ შეუზღუდა მას თბილისის ვაკანსიების არჩევის შესაძლებლობა და ავტომატურად რეგისტრაციის ადგილის ვაკანსიები შესთავაზა. 

 

“პასუხი იყო ის, რომ მაშინ სტუდენტი ვიყავი და რომელ ქალაქშიც ვსწავლობდი, იმ ქალაქის ვაკანსიები გამიხსნა, ხოლო ამჯერად, აღრიცხვაზე სადაც ვიყავი, იმ რეგიონის ვაკანსიები მიჩვენა. მცხეთაში ვარ ჩაწერილი, თუმცა ის სახლი დიდი ხანია დანგრეულია და იქ არავინ ცხოვრობს. ავუხსენი, რომ ის იურიდიული მისამართია და რეალურად იქ არ ვცხოვრობ, ვთხოვე, თუ შესაძლებელი იყო თბილისის ბაზა გაეხსნათ ჩემთვის, მაგრამ მივიღე მტკიცე უარი. სამწუხაროა, რომ ბაზები არ ახლდება და ასეთ შემთხვევებს არ ითვალისწინებენ, თუ თბილისში არ ხარ რეგისტრირებული, რთულია ღირებული ვაკანსიის პოვნა”-, ამბობს მონიკა ელიაშვილი. 

 

 

გარდა იმისა, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად მაღალი აკადემიური მოსწრებაა აუცილებელი, სტუდენტს სხვა მრავალი პროცედურის გავლაც უწევს იქამდე, სანამ სასურველ ვაკანსიას აირჩევს. სტაჟირების გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში სტუდენტმა უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ. შემდეგ სტუდენტი რეგისტრირდება სტაჟირების ვებგვერდზე და მხოლოდ ვაკანსიის არჩევის დღეს იგებს, რა ვაკანსიებია მისი სპეციალობისა და საცხოვრებელი ადგილის არეალში. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ელექტრონული ფოსტისა და სხვა ინფორმაციის შეცვლა ტექნიკურად შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია იმ ვაკანსიის წაშლა ან შეცვლა, რომელსაც სტუდენტი აირჩევს. ვაკანსიის არჩევის შემდეგ, სტუდენტმა თვითონ უნდა მიაკითხოს ორგანიზაციას, რომლის ვაკანსიას აირჩია. 

 

ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტია. როცა ის ვაკანსიის ასარჩევად ვებგვერდზე შევიდა, აღმოაჩინა, რომ მის მიერ არჩეული მიმართულებით პროგრამა არცერთ ვაკანსიას არ სთავაზობდა. 

 

“კომპიუტერული ინჟინერია მქონდა მითითებული სპეციალობად, ქვემო ქართლის რეგიონში ვარ რეგისტრირებული და არცერთი ვაკანსია არ იყო ამ მიმართულებით. დავრეკე პროგრამის ცხელ ხაზზე და ავუხსენი, რომ მოცემულ რეგიონში მოცემულ სპეციალობაზე არ დაფიქსირდა არცერთი ვაკანსია და ვთხოვე, თუ რეგიონს ვერ შეცვლიდნენ, პროფესია მაინც შეგვეცვალა მომიჯნავე მიმართულებით, ანუ კომპიუტერული ინჟინერიის ნაცვლად ინფორმატიკა/კომპიუტინგი რომ გვეცადა, თუმცა ამაზეც უარი მივიღე და სტაჟირება ვერსად გავიარე“-, გვიყვება ის. 

 

 

პროგრამა 1-დან 6 თვემდე გრძელდება, ხანგრძლივობას კონკრეტული უწყება განსაზღვრავს. ასევე სტაჟიორების მოვალეობებსაც თითოეული საჯარო სამსახური თვითონ წყვეტს. 

ჩვენი შემდეგი რესპონდენტი გვანცა ფოფხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა  პროგრამაში ჩაერთო, მან 2-თვიანი სტაჟირება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საჯარო სამსახურში გაიარა. თუმცა გვიყვება, რომ ამით დიდი ცოდნა არ მიუღია და არც ახალი უნარები შეუძენია. 

 

”ერთ კონკრეტულ ადამიანს მიმამაგრეს და იმას ვეხმარებოდი. ძირითადად რა დოკუმენტებიც მოდიოდა, იმას ვკითხულობდი, ვაფასებდი რამდენად გამართულად იყო დაწერილი- ტექნიკურად და სამართლებრივად. პროფესიულად დიდი არაფერი შემმატა. რადგან ეს პირველი პრაქტიკა იყო ჩემთვის, ველოდებოდი, რომ რამე განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება უნდა მიმეღო. კარგი იქნებოდა, თვითონ პროგრამა ზრუნავდეს იმაზე, რომ სტუდენტმა ნამდვილად მიიღოს გამოცდილება და ეს დრო ფუჭად არ დაკარგოს“-, გვიყვება გვანცა. 

 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას კმაყოფილი მონაწილეებიც ჰყავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებული თამუნა გილიგაშვილი ამბობს, რომ სტაჟირებამ პროფესიული გამოცდილება დაუგროვა, სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზად კი დასაქმების პერსპექტივის არარსებობით ხსნის. 

 

“მე კმაყოფილი ვარ, მივიღე გამოცდილება, ამავე დროს იყო ძალიან საინტერესო. თუმცა სტაჟირების შემდეგ არ გამიგრძელებია იქ მუშაობა, დასაქმების პერსპექტივა დიდად არ არის. ვფიქრობ, რადგან პროგრამა დასაქმებას არ ითვალისწინებს, ამიტომაც არის ბევრი უკმაყოფილო სტუდენტი“-, გვეუბნება თამუნა.

პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების უკმაყოფილების მიზეზების მოსმენის შემდეგ, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაციას წერილობით მივმართეთ და ვეცადეთ, ყველა იმ პრობლემური საკითხის გარკვევას, რომლებიც ინტერვიუებში გამოიკვეთა. დავსვით კითხვა იმის შესახებაც, რა კრიტერიუმით არჩევს პროგრამა უწყებებს, რომლებიც შემდეგ სტაჟიორებს იღებენ. კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 

 

სტაჟირებისა და გამოსაცდელი ვადის საკითხი რომ საქართველოში პრობლემურია, ეს ახალი ამბავი არ არის, აღმოჩნდა, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასაც აქვს ხარვეზები. ეს ხარვეზები არის როგორც ტექნიკური, ისე ხარისხობრივი. პროგრამა, რომლის მთავარი მოთხოვნაც აკადემიური მოსწრების მაღალი დონეა, თვითონ ვერ აკმაყოფილებს სტუდენტების ყველა მოთხოვნას. 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 399 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა