22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
06:22 AM
ანალიზი და მოსაზრება - ეკოლოგია
გიორგი ქართველიშვილი, მარიამ გაბრიჭიძე | 25 იანვარი 2016

მომგებიანი თუ საფრთხის შემცველი ენერგია

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2015 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება - „ნენსკრა ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ''. მან „ნენსკრა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედება, თავის ანგარიშში, დადებითად შეაფასა. ანგარიშის თანახმად, ჰესი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მდ. ნენსკრას ხეობაში, აშენდება.  ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 13 ოქტომბერს სამინისტროს შენობასთან აქცია „არა ნენსკრა ჰესს“ გაიმართა. აქციის მონაწილეები მიღებულ დასკვნას აპროტესტებდნენ და პროექტის შეჩერებას ითხოვდნენ. აქციის მსვლელობის დროს, მონაწილეებთან მივიდა გარემოს დაცვის სამინსიტროს წარმომადგენელი, რომელმაც იქ მყოფებს მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა მხარეებმა  შეთანხმებას  ვერ მიაღწიეს. მოსახლეობაში გაჩნდა შეკითხვები : არის თუ არა  ,,ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ეკოლოგიური თვალსაზრისით ზიანის მომტანი და რეალურად რა საფრთხე შეიძლება შექმნას მისმა აშენებამ?

ნენსკრა ჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობაზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს საუბრობდნენ. 2012 წლის 23 აპრილს კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა. იმავე დღეს  ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა განცხადება მდინარეებზე, ხეობებსა და ეკოსისტემებზე ჰესის მშენებლობის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ. განცხადების მიხედვით, მაღალმთიანეთში 400 ჰექტარამდე ხელუხლებელი ტყის გაჩეხვის შედეგად, შეიცვლებოდა ბუნებრივი ლანდშაფტი. ასევე ნენსკრასა და ხუდონის ჰესებზე დაგეგმილი რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება, კლიმატის ცვლილებების გამო, გააუარესებდა ადამიანთა ჯანმრთელობას და გამოიწვევდა სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებას, გაააქტიურებდა პროექტის არეალში არსებული მყინვარების დნობის პროცესს. პროექტი ითვალისწინებდა მიმდებარე ბუნებრივი ხევის ფერდობების მცენარეული საფარისგან სრულად გაწმენდას. 

„მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ, ნენსკრა ჰესის მშენებლობის საკითხზე რადიო „თავისუფლებასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, მშენებლობის დაწყების მიუხედავად, სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვები გაცემული არ იყო.    

2013 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნდა სვანეთის მოსახლეობის მიმართვა. ისინი მიმართავდნენ საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სა   და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი განცხადებით, ჰესის აშენება მძიმე გადასატანი იქნებოდა სვანეთის მოსახლეობისთვის, რადგან 10%- ს მოუწევდა საცხოვრებელი ადგილიდან გადასახლება. მათ ასევე გაიხსენეს ახალი ხელისუფლების დაპირება, რომლის მიხედვითაც, ისინი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არ ააშენებდნენ ჰესებს. მიმართვა რეაგირების გარეშე დარჩა, მთავრობა კი ინვესტორების მოძიებასა და მოზიდვას განაგრძობდა. 

2014 წლის მაისში ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრათი“  სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია (კ-წატერ) დაინტერესდა. ის საქართველოში  ინვესტიციების განხორციელებას გეგმავდა. პროექტის მიხედვით, სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება, 760 მილიონი აშშ დოლარი, ჰესის წლიური გამომუშავება კი - 1.3 მილიარდი კვტ/საათი იქნებოდა. ის, ამოქმედების შემდგომ, ქართულ ბაზარს შემოდგომასა და ზამთარში უწყვეტ ელექტროენერგიას მიაწოდებდა, ზაფხულში კი მას ექსპორტზე გაიტანდნენ.

საბოლოოდ, 2015 წლის ოფიციალური ცნობით, ნენსკრა ჰესს უმსხვილესი იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“ ააშენებს. ჰესის მთავარი ინვესტორები, საპარტნიორო ფონდთან ერთად,  “კ-წატერ-ი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განივითარების ბანკი არიან. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის, განცხადებით, ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბურია. პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.  280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესს მდინარე ენგურზე, სვანეთში ააშენებენ. ის ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგეტიკის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს პროექტი კი 2021 წელს დასრულდება. 

ამჟამად მშენებლობა საწყის ფაზაშია. ჰესის მშენებლობისთვის წინასწარ ემზადებიან (გზების გაყვანა, ტერიტორიის მომზადება და სხვ.). როგორც საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ირმა ლორიამ, განაცხადა, უშუალოდ ჰესის მშენებლობა 2016 წლიდან დაიწყება. მისივე თქმით, ჰესის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა არ არის: „მოსახლეობა განსახლებას არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ მოსახლეობა ტერიტორიიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეს, შესაბამისი დასკვნა არსებობს და ეკოლოგიური საფრთხეები, ფაქტობრივად, გამორიცხულია, მინიმალურამდე არის დაყვანილი“,-განაცხადა ირმა ლორიამ.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასა და ექსპულატაციაზე ეკოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ავიცილებთ თავიდან, მაგრამ, ამავდროულად, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება გარკვეულწილად შეფერხდება. სწორედ სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის გამო გადაწყდა ჰესის აშენება და უგულვებელყოფილ იქნა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კაშხლის განთავსების 5 ალტერნატიული ვარიანტიდან აირჩა მეოთხე. ის შედარებით დაბალი ენერგეტიკული ეფექტურობით ხასიათდება, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების რისკებს. მიუხედავად ამისა, რისკები მაინც არსებობს. მაგალითად, ახალი გზები რთულ რელიეფურ ფერდობზე გავა. საჭირო გახდება აღნიშნული ფერდობების დიდი ნაწილის ჩამოჭრა. საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკები დაკავშირებული იქნება წყალსაცავის ექსპულატაციასთან, რადგანაც სანაპირო ფერდობების ამგები ქანების დანესტიანებამ, ასევე ატმოსფერულ ჰაერში ტენის ზრდამ, შეიძლება, გააქტიუროს მეწყრული და ეროზიული პროცესები. საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ავარიული სიტუაციების განვითარების შემთხვევაშიც.  

ასევე ჰესის ექსპულატაციის ფაზაზე სოფელ ნაკის მოსახლეობას, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას სულფის ჩრდილოეთით გამავალმა მდ. „ლექვედარმა.“ აღნიშნული მდინარის ხეობა მდ. „ნაკრას“ მარჯვენა მხრიდან ერთვის. ხეობა ძლიერ ეროზიულია და უხვი ატმოსფერული ნალექების დროს წამოიქმნება ღვარცოფული ნაკადები, დიდი რაოდენობის მყარი ნატანით. დღესითვის მდ. „ნაკრას“ ხეობაში ჩამოტანილი მყარი ნატანი სისტემატიურად ირეცხება მდ. „ნაკრას“ წყლით და მცირდება ღვარცოფული ნატანის სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკი. ნაკრას კაშხლის ექსპულატაციაში გადაცემის შემდეგ კი ის დაკარგავს მდ. „ლექვედარის“ მიერ ჩამოტნატანი მყარი ნატანის ტრანსპორტირების უნარს, რის გამოც, შესაძლოა, მდინარის კალაპოტი ჩაიკეტოს და ღვარცოფული ნაკადები სოფლის მიმართულებით გავრცელდეს. 

გარდა ამისა, ნენსკრა ჰესის საპროქტო ტერიტორია სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. რამდენიმე აქტიური რღვევა საკვლევ ტერიტორიასთან ახლოსაც გადის. მათ მაღალი სეისმური პოტენციალი აქვთ. აღნიშნულ რღვევებთან კი ძლერი მიწისძვრებია დაკავშირებული. 

          ხაიშის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ზურაბ ნიჟარაძე, აღნიშნავს, რომ მესტიის მოსახლეობაში ჰესის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. უმრავლესობას პროექტი არ მოსწონს, მაგრამ ჩუმად არის, რადგან საფრთხეებს ვერ აცნობიერებს. ზურაბ ნიჟარაძე გამოყოფს იმ პრობლემებს, რომლებიც ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ყველაზე მეტად იჩენენ თავს: „1. მკვეთრად გაიზრდება ნესტიანობა მთელ რაიონში, რაც გაააქტიურებს მეწყერულ პროცესებს თვით ჭუბერსა და ზემო სვანეთში. 2. ეს გამოიწვევს მოსახლეობის ძალაუნებურ აყრასა და გადასახლებას ჭუბერის თემიდან. 3. ნენსკრას მხოლოდ მესამედი ივლის ჭუბერში  (დანარჩენს მილში გაატარებენ), რის გამოც ის დაკარგავს გამაგრილებელ ეფექტს და, შესაბამისად, ზაფხულობით აუტანელ სიცხეებსა და გვალვებს გამოიწვევს! 4.  კაშხალი შენდება უშუალოდ მყინვართა ქვეშ, რის გამოც გაიზრდება მათი დნობის ინტენსივობა (ამჟამად, 7-8 მეტრით იკლებს მყინვართა სიგრძე). 5. კაშხალი შენდება კავკასიონის ქედის  სიახლოვეს, ტექტონიკურად მეტად არამდგრად ზონაში და უზარმაზარი საფრთხის შემცველია.“ 

           2015 წლის 1 ივნისს გავრცელდა ნენსკრა ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და არატექნიკური რეზიუმე. მათში აღნიშნული იყო, რომ ჰესისთვის შერჩეული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: „შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები ბიოლოგიურ გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული. მნიშვნელოვანი ფართობის ტერიტორიებზე განადგურდება მცენარეული საფარი, ცხოველთა საბინადრო ადგილები, ჰაბიტატების და სხვა. მართალია, საპროექტო ჰესების ინფრასტრუქტურის ობიექტები მნიშვნელოვანი მანძილითაა დაცილებული ერთმანეთისაგან, მაგრამ ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს“, - აღნიშნულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მეორე ტომში.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვების სამმართველოს უფროსმა, მაია ბერაძემ, აღნიშნა, რომ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნაა გაცემული და ჰესის აშენება არ იქონიებს გარემოზე მასშტაბურ გავლენას: „ბუნებას ზიანს  აყენებს ნებისმიერი საქმიანობა. მთავარია, რომ ეს ზიანი არ იყოს შეუქცევადი პროცესების გამომწვევი. ამ შემთხევაში, ვინაიდან დასკვნა არის დადებითი, ამგვარ ზემოქმედებასთან არ გავქვს საქმე“, - განაცხადა მაია ბერაძემ. მისივე თქმით, გარკვეული შემარბილებელი ღონისძიებები დაგეგმილია და გათვალისწინებულია დოკუმენტაციაში. ხოლო ის, რაც არაა გათვალისწინებული, ასახულია ეკოლოგიური ექსპერტების დასკვნის პირობებით. 

საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პოზიციას არ ეთანხმებიან „მწვანე ალტერნატივაში“. ასიცოაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის, თქმით, დაახლოებით 1 წლის წინ ამერიკის განვითარების სააგენტოს (UშAID) ხელშეწყობით ჩატარდა კვლევა. მასში განხილული იყო სვანეთში დაგეგმილი 27 ჰესის ეკონომიკური შეფასება და ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული  ჰესიდან ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე (გარემოზე) ყველაზე მეტი ზიანის მომტანი იყო სწორედ ნენსკრა ჰესი - თავისი მდებარეობისა (ხელუხლებელი ეკოსისტემაა) და დიზაინის გამო (დიდი რაოდენობით იტბორება. იქ მისასვლელი გზებისთვის ტყის გაჩეხვა და სხვა). „ნენსკრა ჰესის მშენებლობა განსაზღვრულია მდინარე ნენსკრასა და ნანკრას ხეობებში, რომლებიც გამორჩეულია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით და, სწორედ, აქ უნდა ყოფილიყო განლაგებული სვანეთის ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონა. სვანეთის დაცული ტერიტორიების შექმნის პროექტი უკვე დიდი ხანია არსებობს. ის შემუშავედა, დაახლოებით, 2006 წელს. ეს არის, ფაქტობრივად, ხელუხლებელი ეკოსისტემა. კავკასიონის დასავლეთ საქართველოს ნაწილზე დაცული ტერიტორია არ არსებობს, აღნშნული ხეობები კი მოიცავენ ზომიერ სარტყელში შემორჩენილ, თითქმის ბოლო ხელუხლებელ ტყეებს,“ - განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალი იყო, რომ ნენსკრასთან დაკავშირებით ასეთი საზიანო გადაწყვეტილება არ მიეღო. 

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ფაქტი ფაქტად რება: დღეს ნენსკრა ჰესის მშენებლობა საწყის ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის პარალელურად კი სავანეთის მოსახლეობის ნაწილი ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს. საზოგადოება კი სახელმწიფოსა და სამშენებლო კომპანიის პასუსიმგებლობისა და კეთილი ნების იმედად რჩება, რომ გარემოსა და ხალხის ჯანმრთელობას საფრთე არ შეექმნება. 

მომზადებულია სასწავლო კურს "ბეჭდური მედია 1" ის ფაგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2130 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა