14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
04:22 AM
ანალიზი და მოსაზრება - ეკოლოგია
სალომე დანელია | 20 იანვარი 2016

"მწვანე ქალაქის" კრახი

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის მასშტაბით მოძრავი ჰოლანდიური ავტობუსები იაპონური მარკის ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდული ტრანსპორტით ეტაპობრივად ჩაენაცვლებინა. ამ მიზნით საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ხელშეკრულება 2015 წლის მარტში გაფორმდა, რის შემდეგაც 4 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლიც მწვანე ქალაქის კონცეფციის განვითარებას პირდაპირ შეესაბამება. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ქალაქში გამონაბოლქვის მოცულობა შემცირდება. 

შეთანხმებიდან თითქმის 9 თვეა გასული, ავტობუსების შემოყვანის საკითხი კი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ინფორმაციას მისი შემოყვანის თარიღის შესახებ არც თბილისის მერია და არც ფინანსთა სამინისტრო არ ავრცელებს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების დროს არ აღნიშნულა, რა რაოდენობის ავტობუსი უნდა შემოსულიყო თბილისში, რის გამოც მოსახლეობის უმრავლესობა შეცდა, რადგან მათ ეგონათ, რომ ჰიბრიდული ავტობუსები მთლიანად ჩაანაცვლებდა არსებულ ტრანსპორტს. 

თბილისის საქალაქო სატრანსპორტო კომპანიის მოადგილე, მერაბ მამალაშვილი, აღნიშნავს, ,,ჰიბრიდული ავტობუსების“ შემოყვანის პროექტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან ხალხს ეგონა, რომ ინოვაციური ავტობუსები მთლიანად ჩაანაცვლებდა არსებულს. 

,,აღნიშნული შეთანხმება გულისხმობდა თბილისისთვის მხოლოდ 7-დან 10 ერთეულამდე ჰიბრიდული ავტობუსის შეძენას“, - ამბობს მერაბ მამალაშვილი. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მანქანების რაოდენობა 200%- ით გაიზარდა. მას შემდეგ, რაც პირველი ავტომობილი შეიქმნა, ჰაერი მეტად დაბინძურდა. ეკოლოგიური საფრთხის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი გამონაბოლქვია. პრობლემის არსის გააზრების მიუხედავად, მანქანების რაოდენობა დღეს ყველგან მატულობს, მათ შორის საქართველოშიც. რატომღაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დაბალ სოციალურ ფენასთან ასოცირდება. ამის გამო, ყველას, ვისაც საჭირო თანხები აქვს, ავტომობილს ყიდულობს. მანქანების რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება ჰაერის დაბინძურების პროცენტული წილი. 

მეცნიერები, მსოფლიოს მასშტაბით, მრავალი წლის განმავლობაში პრობლემის აღმოსაფხრელად ცდილობდნენ, შეექმნათ ტრანსპორტის ინოვაციური სახეობა, რომელიც მგზავრის კომფორტულობის გარდა, ეკოლოგიაზც იზრუნებდა. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, მეცნიერებმა შექმნეს ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილი, რაც ითავსებს ბენზინის ძრავას და აკუმულატორს. მოძრაობისას აკუმულატორი ავტომატურად იტენება და მძღოლს მართვაში დისკომფორტს არ უქმნის. ჰიბრიდული ტრანსპორტი დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოეთში. ამგავრი ტიპის ტრანსპორტის გამოყენება პირველად 1997 წელს დაიწყეს. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ჰიბრიდული ტრანსპორტის რაოდენობა ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობას მკვეთრად აუმჯობესებს. თუმცა, მიუხედავად ამ ტრანსპორტის სარგებლისა, მას მაინც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ბენზინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებისთვისაც აღნიშნული ტრანსპორტის შემოყვანა შემოსავლის შემცირებასთან ასოცირდებოდა. ისინი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ, მსგავსი ტენდენციის დაბლოკვას და იმის პროპაგანდას, რომ ბენზინის ალტერნატიული საწვავი საშუალებები არ არსებობს. მაგრამ, წინააღმდეგობების მიუხედავად, მსოფლიო მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისკენ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და დედამიწისთვის. 

რამდენად მნიშვნელოვანია თბილისისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება? ამ კითხვაზე ექსპერტები განსხვავებულად გვპასუხობენ. “ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს“ სპეციალისტი, ნოე მეგრელიშვილი, აღნიშნავს, რომ გამონაბოლქვი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. 

„ევროპული ბენზინის სტანდარტი ძალიან მაღალია და მისი გამონაბოლქვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენთან ყველა ეს კრიტერიუმი იგნორირებულია. ჰიბრიდული ავტომობილები უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტის საშუალებები. ჰიბრიდულ ავტობუსს ისეთივე ჰიბრიდული ძრავი აქვს, როგორც ავტომობილს, ამიტომ ის ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა. ალბათ ყველას გინახავთ, ჩვენს ყვითელ ავტობუსებს რა ბოლი და ჭვარტლი გასდის. ასეთი მანქანები ქალაქში აღარ უნდა მოძრაობდნენ. მართალია, ჰიბრიდული ავტობუსი ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირია, მაგრამ ძალიან ბევრი პლუსი აქვს. ყველაზე დიდი პლუსი კი ის არის, რომ ჯანმრთელი მოსახლეობა გვეყოლება.“-აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

განსხვავებული პოზიციები აქვს ,,ტოიოტა ცენტრის’’ დირექტორს ირაკლი გურჩიანს. ის ონლაინ მედიასაშუალება “www.icode.ge’’- სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისგან ყველა კრიტერიუმით და ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავება ჰქვია. მისი თქმით, იმ სტანდარტებით, რითაც დღეს თბილისის მერია ავტობუსებს უვლის, ჰიბრიდულ ავტობუსებს ვერ მოუვლის. 

„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად მზად არის თბილისი ასეთი ავტობუსების მისაღებად. სხვათა შორის, ყვითელი ავტობუსების შემოყვანის შემდეგაც შეიქმნა პრობლემები და იგივე მოხდება ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანის შემდეგაც. ჩვენ მთლიანად უნდა გადავხედოთ ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამ ავტობუსების ექსპლუატაცია გაცილებით ძვირი დაგვიჯდეს, ვიდრე მათი შემოყვანა”. -აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი. 

თბილისში უკვე აწარმოებენ ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებს, რომელსაც მაღალი ფასის გამო მოსახლობა ვერ ყიდულობს. ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კი ჩაცხრა. ბუნდოვანია, რა ხდება თბილისის მერიაში, ჩაიშალა თუ არა პროექტი და რას აპირებს სახელმწიფო საქართველოს ეკოლოგიური მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1057 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა