14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:45 AM
ანალიზი და მოსაზრება - ეკოლოგია
ჟუჟუნა ყანჩაშვილი | 11 იანვარი 2016

,,დღის წესრიგი 21“

2014 წელი განსაკუთრებით მძიმე დედოფლისწაროს და სიღნაღის რაიონის მოსახლეობისთვის აღმოჩნდა. გვალვამ მარცვლეული კულტურების და ყურძნის მოსავლის 70 % გაანადგურა, საძოვრები კი თითქმის გამოუყენებლად აქცია. მევენახე შოთა ბულაშვილს საკუთარი ხელით ჩაყრილი ვაზი გაუხმა. თავსხმა წვიმაც რომ მოსულიყო, ვენახს მაინც ვეღარ უშველიდა. 2014 წელთან ერთად კი ეს ზაფხულიც ისე გაილია, მის და არამარტო მის მიწაზე წვეთი არ ჩამოვარდნილა. 

1992 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ კონფერენციაზე (“რიოს სამიტი”) “გარემო და განვითარება”, საერთაშორისო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა მიიღო, “დღის წესიგი 21”, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. ამ დოკუმენტმა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ერთიან პოლიტიკურ ჩარჩოში მოაქცია. “დღის წესრიგი 21” შეიცავს 2500-ზე მეტ რეკომენდაციას, თუ რა გზით შევზღუდოთ ბუნებრივი რესურსების უყაირათო მოხმარება, როგორ დავიცვათ ატმოსფერო, ოკეანე და ბიომრავალფეროვნება, როგორ დავძლიოთ სიღარიბე და სხვ. 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცდასამ წელზე მეტია, რაც ეს დოკუმენტი მიიღეს, ის აქტუალობას მაინც არ კარგავს და შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხების განხილვა დღის წესრიგში დღეს უფრო მეტად დგას. დღეს, ვიდრე არასდროს აშკარაა კლიმატის რყევის მთავარი დამადასტურებელი ფაქტორის - “ექსტრემალური მოვლენების” (უხვი ნალექი, გვალვა და ა.შ) გააქტიურება, კერძოდ, მათი სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გამართულ, “ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის” მეოთხე ინტერაქტიულ დიალოგში კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველო, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პრობლემას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალი ნახშირ-ბადის გამოყოფის ტექნოლოგიებში ინვესტიციების წახალისებით ებრძოლოს, რათა მოსახლება ზიანისგან დაიცვან. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ტყეების გაკაფვისა და დეგრადაციის შედეგად წარმოქმნილი მავნე ზემოქმედების შემცირების მექანიზმი, განვითარდეს სუფთა სატრანსპორტო მომსახურება. 2030 წლისთვის საქართველო “სათბურის აირების” მავნე ზემოქმედების 15%-მდე შემცირებას აპირებს. 

2030 წლამდე კი ყურადღების გადატანა აქ და ახლა არსებულ პრობლემებზეა უმჯობესი, რომელიც რეალურ საფრთხეს შეიცავს.

დედოფლისწყაროს რაიონს და ქვემო ქართლს ნალექის სიმცირის გამო გაუდაბნოება ემუქრება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მოსავლის დიდი ნაწილი სიცხემ გაანადგურა. ორივე რაიონში სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგს გვალვამ პრობლემა შეუქმნა. შეიძლება ითქვას, რომ შირაქში წვიმა მოსახელობისთვის ბოლო რამდენიმე წელია ყველაზე დიდ სასწაულს წარმოადგენს. ამ ცვლილებების გამო განსაკუთრებით ის მეურნეები ზარალდებიან, რომელთა ნაკვეთებიც არ ირწყვება. 

დედოფლისწყაროში, სასოფლო-სამეურნეო მიწების ქარებისაგან დასაცავად, გასულ საუკუნეში 1 770 ჰექტარ ფართობზე ხეები დაირგო. 1990- იანი წლებიდან, სოციალური კრიზისის გამო, ეს ქარსაფარი ზოლები თითქმის მთლიანად საშეშედ გაიჩეხა, რამაც ნიადაგის ზედა ფენის რღვევა, დაშლა, გაფანტვა და ჩამორეცხვა გამოიწვია. სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომლებიც ადრე მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა, ფაქტობრივად გამოუყენებელი გახდა, მათ შორის, შირაქის შავმიწა ნიადაგები. დედოფლისწყაროს რაიონში დეგრადირებული მიწები, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 4 064 ჰექტარს აღწევს. ისინი ველური მცენარეულობით დაიფარა, რის გამოც, ამჟამად ამ მიწების უმეტესი წილი მი-ტოვებულია.

მიწის დეგრადაცია ყველაზე აქტიურად ზამთრის საძოვრებზე მიმდინ¬არეობს, რომელთაც რაიონის მთელი ტერიტორიის 52% უჭირავს. საბჭოთა პერიოდში, ცხვრის ფარების დიდი ნაწილი ტრადიციულად დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ზამთრის საძოვრებზე გადაირეკებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ეს პრაქტიკა პოლიტიკური მოვლენების გამო, რომელიც სამოქალაქო ომსა და ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის რღვევაში გამოიხატებოდა, შეჩერდა და ახლა დარჩენილი ფარების უმეტესი ნაწილი დედოფლისწყაროს რაიონის ზამთრის საძოვრებზე დაჰყავთ.

„მართალია, საქართველოში არ არის მძლავრი საწარმოები, მაგრამ კლიმატურ ცვლილებებს “სათბურის გაზების” ძირითად წყაროსთან ავტომობილებთან, ელექტროენერგიის გამომუშავებასთან და გათბობისთვის გამოყენებულ ბუნებრივ აირთან ერთად, ამ ქარხნებიდან ატმოსფეროში გაბნეული საშიში ნივთიერებები იწვევს. ამ ყველაფერს ემატება ნაგავსაყრელებზე ნაგვის წვის პროცესიც. პრევენციის გზები ტყეების გაშენებაში, გამწვანების ზოლების გაფართოებაში, განახლებად ენერგიაზე ზრუნვაში, ელექტრო ტრანსპორტის შემოღებასა და იმ ამორტიზირებული ავტობუსების მოქმედებიდან ამოღებაშია, რომლის გამონაბოლქვიც გარემოს აბინძურებს. ამ ყველაფერთან ერთად, საზოგადეობის თვითშეგნების ამაღლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ, შესაბამის ორანოებთან ერთად, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკა უნდა გაატაროს“- ამბობს ეკოლოგი შმაგი ჩოხელი. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2013 წლ¬იდან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 4,064 ჰექტარი დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაცია, 300 ჰექტარის ფართობზე გადასარეკი ტრასის რეაბილიტაციის მეთოდების შემუშავება და დედოფლისწყაროს რაიონში ფერმერების/მეცხვარეებისათვის მდგრადი საძოვრის მართვის პრაქტიკის დანერგვა და განხორციელებაა. როგორც სამინისტრო აღწერს, ეს მიღწეული იქნება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფარგლებსა და შემოგარენში სხვადასხვა დონის დეგრადირებულ საძოვრებზე ღონისძიებების გატარებით, რომელიც საძოვრების რეაბილიტაციას, მიწის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვასა და ფერმერების მდგრადი საარსებო წყაროს გაუმჯობესებას მოიცავს. პროექტის ღირებულება 1325600 ამერიკულ დოლარს შეადგენს და 2016 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. 

„ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ფერმერები, აშკარად ვატყობთ და ვამბობთ კიდეც, რომ რაიონს სახნავ-სათესი მიწების 70% ეკარგება. ამას ისიც ადასტურებს, რომ მოსავალი მკვეთრად შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ 2-3 წლის წინანდელ მოსავალთან შედარებით წელს ზოგიერთ ფერმერს საერთოდ არ ჰქონდა მოსავალი. სა¬სიცოცხლოდ აუცილებელია სარწყავი სისტემის მოგვარება , რაც შეამსუბუქებს მიწის მდგომარეობას. წელს , ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დარ-გული ნერგებიც ხანძარმა გაანადგურა. ტემპერატურის ცვლილებამ და სიცხეებმა, გააქრო ადგილობრივი საძოვრებისთვის დამახასიათებელი მცენარეები, მათი ადგილი კი უდაბნოს ზონისთვის დამახასიათებელმა ეკალმა-მცენარემ დაიკავა. საძოვრები, ნორმით გათვალისწინებულზე ორმაგად და სამმაგად არის დატვირთული. გადაძოვების შემდეგ ბალახი მთლიანად ნადგურდება ეს ფაქტი კი საძოვრების გაქრობის რეალურ საფრთხეს აჩენს. ასეთ მოლოდინში ვართ უკვე ბოლო რამდენიმე წელია“- ამბობს დედოფლისწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი ფერმერი, იოსებ დათუკიშვილი. 

მნიშვნელოვანია, რომ მეურნეობასთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ დგება. მაღალი ტემპერატურა, თუ ის დიდხანს გაგრძელდა, განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობის 91% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, რომელთა შორის მთავარი პოზიცია სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავია. 

აქედან გამომდინარე, მოსახლეობას, რომელიც ყველა მხრიდან დაზარალებულია, ძნელია 2030 წლამდე იმედი შეუნარჩუნო. ნებისმიერი ზემოთხსენებული ფერმერისთვის დღის წესრიგში ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და იმაზე ფიქრია, რომ როგორმე სიცხეს იმედის არსებობით გაუძლონ, იმედის, რომელიც „დღის წესრიგი 21“ -ში 2500-ზე მეტი რეკომენდაციის სიღრმეში იმალება.

მომზადებულია სასწავლო კურსის "ბეჭდური მედია" ფარგლებში
ხელმძღვანელი: მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2106 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა