14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:16 AM
ანალიზი და მოსაზრება - კულტურა
თეონა ყაჭიური | 22 იანვარი 2018

“ხანდახან მგონია ნახატებში საკუთარი სულის ნაწილს ვტოვებ”

“გიჟი მარტის” ქარიანი ამინდების შემდეგ, აპრილის მესამე დღეს დავიბადე მე. 1998 წლის 3 აპრილსაც ქარი ქროდა დედას მოგონებების თანახმად. მას შემდეგ, ჩემს ყოველ დაბადების დღეზე ან ცა ჩამოიქცევა ხოლმე წვიმისგან, ან ქარს მიაქვს ყველაფერი.“ 

ასე ახასიათებს მხატვარი თეო ჩადუნელი თავის ყოველ დაბადების დღეს. სხვა ბავშვებისგან არაფრით განსხვავდებოდა გარდა იმისა, რომ განსაკუთრებით უყვარდა ხელოვნება და ყველაფერი ის, რაც მას უკავშირდებოდა. ხატვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. თადაპირველად განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, უბრალოდ სახლში “ძველი ქაღალდის დასტა ყოველდღიურად უფრო და უფრო მცირდებოდა.” ეს მალევე თეოს დედამაც შენიშნა და გადაწყვიტა მას ცოტა დახმარებოდა. „დაწყებითი კლასებიდან უყვარდა მუსიკა. ამის გამო შევიყვანეთ ფორტეპიანოზე, ცეკვაზეც დადიოდა და ხატვაშიც  თავს იჩენდა ყოველთვის.ხელოვნების გაკვეთილი განსაკუთრებულად უყვარდა და მისი ნახატების უმეტესობა კლასშიც ჰქონდათ  გამოფენილი“- იხსენებს დედამისი.  სწორედ დედა არის მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი. იგი ყოველთვის კრიტიკული თვალით აფასებს ნამუშვრებს, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ როგორც მხატვარმა,თეომ  უკეთ იცის თავისი იდეის განხორციელებისას რა როგორ უნდა დახატოს. ხატვაზე არასოდეს უვლია და ის, რასაც დღეს აკეთებს დიდი შრომის შედეგია. მისი აზრით, მხატვარმა საკუთარ თავზე მუშაობა და შეცდომების გამოსწორება თავადვე უნდა შეძლოს. 

მის ოთახში შესვლისას მალევე მიხვდებით, რომ ხელოვანის გარემოში მოხვდით. ოთახის კედლის  ერთი ნაწილი თეოს მიერ შესრულებული ნახატებითაა სავსე. მოპირდაპირე მხარეს კი მის მიერვე გაკეთებულ ფერად ჩიტებს შეხვდებით. ოთახის ერთ კუთხეში საახალწლო ნათურები ჰკიდია, რომლებიც რაც უნდა გასაკვირი იყოს წლის არც ერთ სეზონზე არ ქრება. თეოს თქმით, მისთვის ამგვარი განათება განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა.   ასეთ გარემოში ქმნის იგი ძირითადად თავის ნამუშევრებს. ნახატის შექმნისას  კი მხოლოდ სიმშვიდე და წყნარი მუსიკა სჭირდება. „არ მიყვარს განათებულ ოთახში ხატვა,მგონია რომ ამ დროს რაღაც ხდება ჩემ ირგვლივ ან ვინმე შემოვა.მირჩევნია სამუშაო ადგილი იყოს მხოლოდ განათებული.“

ნახატის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება. ყოველი ნახატის უკან რაღაც იდეა იმალება, თუმცა ხატვის პროცესში ის შესაძლოა ბევრჯერ შეიცვალოს. ყოველ ნამუშევარს თავისი მოგონილი თუ რეალური ისტორია ახლავს თან. შესაბამისად ნახატის შექმნისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობს. თუ თითოეული ადამიანი მის ნახატს სხვადასხვანაირად აღიქვამს, მაშინ შედეგიც მიღწეული იქნება. 

„ყოველი ნახატის დასრულების შემდეგ ვპოულობ საკუთარ თავს, თითქოს რაღაც ახალ დეტალს აღმოვაჩენ ხოლმე.“  როდესაც თეო ნახატში ვეღარ ატევს ემოციებს, ამ დროს იქმნება ჩანახატი. იგი 12 წლის ასაკიდან წერს, თუმცა ფიქრობს, რომ ჯერ განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია და მისი ამ სფეროში საქმიანობა მხოლოდ ბლოგით შემოიფარგლება. 

 „ჩემო ადრიანე“- ასეთია ნახატის სახელწოდება, რომელსაც მის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თეოს განსაკუთრებით უცნობი ადამიანების ხატვა უყვარს. „თითქოს საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის უცნობების ხატვა და ამავდროულად,საკმაოდ ამაღელვებელიც. სასიამოვნოა,როდესაც არასოდეს იცი  ვინ როგორ ცდილობს შენ  შესწავლას, განსაკუთრებით კი უცნობი ადამიანი.“  სწორედ ამიტომ, ნახატზე გამოსახული ბიჭის გარეგნობა არავის არ ეკუთვნის.ავტორის თქმით,  მასში უბრალოდ წარმოდგენილია ძლიერი პიროვნების სახე ჩაბნელებული თვალებითა და შეკრული წარბებით. სიძლიერის ნიშნად კი მას მხარზე არწივი ჰყავს მიხატული.  სათაურად ნახატს მან რომის იმპერატორის სახელი ადრიანე მოარგო ,არწივს კი კეისარი შეარქვა. „შენ – ბაზიერი,რომლის ერთადერთი იარაღი მხარზე შემომჯდარი არწივია,სახელად კეისარი. შენ – ახოვანი, გამოკვეთილი ნაკვთებითა და ხასიათით. და შენ – ჩემი სულის წამღები.“  სწორედ ამ სიტყვებით იწყებს ის თავის ჩანახატს, რომელიც მან ნამუშევარს მიუძღვნა. ამის მიუხედავად, მისთვის გამორჩეული მაინც  ნახატი სახელად  „სიცოცხლის ჩუქება“ რჩება, რადგან  მასში გადმოცემული შინაარსი ავტორის ცხოვრებასთან ასოცირდება. „ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემს ნახატებში საკუთარი სულის ნაწილს ვტოვებ და ამ კონკრეტულში მგონია, რომ ეს ყველაზე მეტად მოვახერხე.“  ეს არის პირველი ნახატი, რომელიც გამოფენაზეც იყო გამოტანილი. 

რატომ მხატვრობა? -იმიტომ,რომ ეს არის ჩემი რელაქსაცია.

თეო საერთაშორისო სამართალზე სწავლობს, თუმცა ხელოვნებით მეტად არის გატაცებული. ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე სწორედ უნივერსიტეტის რეჟიმთან შეგუება აღმოჩნდა. რაც შეეხება ხელოვენაბს,  მისი თქმით, ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა , 14 იანვარს ჩატარებული  გამოფენაც სწორედ მხატვრობას უკავშირდება.“ ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ დღეს საკუთარი წინგადადგმული ნაბიჯით.“ გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და 80 საუკეთესო ნახატს შორის ერთ-ერთი სწორედ მისი „სიცოცხლის ჩუქება“ იყო.  

საყვარელ მხატვარს შორის მაინც კლოდ მონეს გამოარჩევდა.  მეგობრების თქმით, მათი ნამუშევრები რაღაცით წააგავს კიდეც ერთმანეთს. ადრე თეოს ამაზე არასდროს უფიქრია, თუმცა რაც დრო გადის ხვდება , რომ ეს მართლაც ასეა. მას კლოდ მონეს ნამუშევრებში განსაკუთრებული სიმშვიდე იზიდავს. აქედან გამომდინარე არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ საყვარელ ადგილად მისთვის ბუნება რჩება. ადრე განსაკუთრებული „შთაგონების ადგილი“ არ ჰქონია, თუმცა ერთ ზაფხულს დიდი ხნის უნახავ სურამში სტუმრობის შემდეგ მიხვდა, რომ იქაურ ტყეს არაფერი ურჩევნია. „სწორედ იმ მაღალ ფიჭვებს შორის ყოფნისას მივხვდი,რამდენი რამ მაქვს ჯერ კიდევ დასახატი. 

„იყავი ის ცვლილება,რომელიც გსურს რომ დაინახო სამყაროში.“- ეს არის ფრაზა, რომლისაც თეო ჩადუნელს ყველაზე მეტად სჯერა. აქედან გამომდინარე  კითხვაზე რას დაარქმევდა მის მიერ შექმნილ სიმღერას, პასუხი მარტივია: „იყავი ცვლილება.“

ცხოვრებაში არაფერს ნანობს. მიაჩნია, რომ ცხოვრების სინანულში გატარება ყველაზე დიდი საშინელებაა მით უმეტეს მაშინ , როდესაც ამით წარსულს  ვერ შეცვლი და სინანული ცოცხლად დაგვმარხავს.  „შეცდომაზე უნდა ვისწავლოთ და ცუდი გადაწყვეტილებებიდან კარგი ავიღოთ მხოლოდ. მე თვითონ წლები დამჭირდა ამ წინადადებებამდე მისასვლელად.“ აქედან გამომდინარე, ყველა სირთულეს თავადვე უმკლვლავდება და საუკეთესო რჩევებსაც თვითონ აძლევს საკუთარ თავს. ერთ-ერთი ასეთი რჩევა იყო ის, რომ საკუთარ თავს ზურგი არასოდეს უნდა შეაქციო, მაშინაც კი თუ მარცხი მარცხს მიჰყვება. 

„იყო დრო, როცა ვიჯექი ჩემ ირგვლივ დამცინავად მომყურე შეცდომებთან ერთად სიჩუმეში,ვუსმენდი ერთადერთ სიმღერას და ვფიქრობდი.როცა იმდენი ხანი ვფიქრობდი,რომ ბოლოს საკუთარ შეცდომებსაც კი შევეცოდე და მარტო დამტოვეს.თუმცა,როცა დრომ გაიარა,მივხვდი,რომ  ეს მე ვარ: ჩემი შეცდომებით,ჩემი დაკარგული ადამიანებით,ჩემი ხასიათით, ჩემი თუნდაც მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მეგობრებით,ჩემი ფიქრებით, ჩემი ნახატებითა და ჩემი ნაწერებით.“ ადამიანში ყველაზე მეტად გულწრფელობასა და ერთგულებას აფასებს. ალბათ სწორედ ამიტომაც არ ჰყავს ბევრი მეგობარი. 

მისთვის ბედნიერებას ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენები იწვევს. უფრო კონკრეტულად კი საკუთარ ოთახში ყოფნა,სიმღერების მოსმენა და რომელიმე საქმიანობით დროის გაყვანა. სწორედ ამიტომ მას დრო არასოდეს ენანება ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და რაც მთვარია საყვარელი სამიანობისთვის. ცხოვრების უკანასკნელ დღეებსაც მათთან ერთად გაატარებდა. 

მეგობრები მას სიმიშვიდის მოყვარულ ხელოვან გოგოდ ახასიათებენ. „თეო ჩადუნელი არის გოგო,რომლის გაბედნიერება უმნიშვნელო რამესაც კი შეუძლია.ადამიანებს და მოვლენებს განსხვავებულად აღიქვამს და აზრებისა და გრძნობების გადმოცემის ხერხებიც განსხვავებული აქვს.სიტყვებით საკმაოდ რთულია მისი პიროვნების აღწერა. მასზე ყველაზე კარგად მაინც მისი ნამუშევრები და ჩანახატები მეტყველებენ.“  მეგობრებს მასში ყველაზე მეტად ემოციურობა არ მოსწონთ. „იგი ყველაფერზე ბევრს ფიქრობს, სწყინს უმნიშვნელო რაღაცები და დროდადრო საკუთარ თავში იკეტება.“ თუმცა როგორც ჩვენ , ისე მისმა მეგობრებმაც იციან, თუ სად შეიძლება მხატვარმა გასაქცევი იპოვოს. გამოსავალი ისევ და ისევ ხატვაშია. 

უფრო მეტად რამდენიმე სერიისგან შემდგარი ფილმები უყარს, რადგან ამ  დროს შთაბეჭდილების ეფექტი დიდხანს გრძელდება. მისთვის ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ფილმია "“Stranger Things", რომელიც 12 წლის ბავშვების, მარტოხელა დედებისა და სხვა მრავალი ცხოვრებისეული მოვლენის შესახებ მოგვითხრობს. ამჟამად სწორედ ამ ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს ხატავს. 

თეო ჩადუნელის სამომავლო გეგმები სწავლასთან ერთად მხატვრობასაც უკავშირდება. მის შორეულ გეგმად რჩება სწავლის გაგრძელება სამხატვროს მიმართულებით, თუმცა ერთი რამ ზუსტად იცის: სურს მოაწყოს პერსონალური გამოფენა და ეს იდეა ოცნებიდან რეალობად აქციოს. 

და ბოლოს, მან იცის რომ ხელოვნება და მხატვრობა არის ის, რასაც არასდროს მიატოვებს. ახალგაზრდა მხატვარს აქვს იმედი, რომ ხატვა ყოველთვის დაეხმარება მას მოხეტიალე სულის უკან დაბრუნებაში. 

 

 

 

 

 

 

 

 

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში. 

ლექტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 861 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა