21
ნოემბერი, 2019 ხუთშაბათი
02:29 PM
მულტიმედია დ ბლოგი
მარიამ ტურძილაძე | 20 დეკემბერი 2018

აქ ვინმეს მონა ხომ არ სჭირდება? ანუ ცოტა რამ პრომო გოგონებისშესახებ

 

ყველას გვინახავს ამერიკულ ფილმებში სტუდენტები, რომლებიც კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში სწავლის პარალელურად ნახევარგანაკვეთიანი სამსახურებით არიან დაკავებულები. ჩვენც ამ შეგნებით გავიზარდეთ: „სტუდენტი გავხდები და მეც მექნება "ფართ-თაიმ ჯობი.“ ოცნება კარგია, კარგი და მარტივი (მუშაობ, მაგალითად, პიცერიაში. ღიმილით იღებ შეკვეთებს, ერთი სტუმარი გიყვარდება, მეორე დიდ კომპანიაში სამსახურს გთავაზობს და რამდენიმე წელიწადში “ბოსი“ ხდები), მაგრამ რეალობა არც ისეთი რომანტიკულია, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე და სტუდენტებს სამსახურის ძიებაში არაერთი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს.

 

ნაბიჯების მიხედვით განვიხილოთ, რას ვაკეთებთ სტუდენტები სამსახურის საპოვნელად, სამსახურში და სამსახურის შემდეგ:

 

1. წუწუნებ მეგობრებ–კლასელებ–კურსელებთან, რომ მუშაობის დაწყება გინდა. „რავი, რა. რამე სამსახური მინდა. ფულის გამო არა, მრავალფეროვნებისთვის.“ მალევე აღმოაჩენ, რომ შენი წუწუნი არავის აინტერესებს, სამსახური თავზე არ დაგეცემა (რატომღაც, არც „პაჩკა–პაჩკა დოლარები“, როგორც ერთ სიმღერაშია), ამასობაში ფულიც შემოგაკლდება და ხვდები, რომ, დროა, აქტიური ძებნის რეჟიმზე გადახვიდე;

 

2. მეორე ნაბიჯი ყველა იმ ვებსაიტის „დალაშქვრაა“, რომლებზეც ვაკანსიები გეგულება. ფილტრით ირჩევ სასურველ ქალაქს და რაც მთავარია, ხელფასს. ერთმანეთის მიყოლებით გიცრუვდება იმედები, როცა აღმოაჩენ, რომ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან უმეტესობას აკმაყოფილებ (ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარებითა და მოტივაციით აღჭურვილი), მაგრამ არც 20 წლიანი გამოცდილება გაქვს და არც მაგისტრის ხარისხი. „აფსუს, რა ხელფასს ვუშვებ ხელიდან!“ – ფიქრობ დამწუხრებული და ცდილობ, იმედგაცრუების მიუხედავად ვაკანსიების ძებნა განაგრძო: მერე რა, რომ უკვე 50–ზე მეტი ვაკანსია ნახე და ჯერ ერთიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, რეზიუმეს გაგზავნა რომ ღირდეს. ფილტრის რეჟიმს ანახლებ და მინიმალურ ხელფასს უთითებ. 

 

და აი, ისინიც! აღმოჩნდა, რომ ეძებენ კონსულტანტებს მაღაზიებში, დაცვის წევრებს, მოლარე–ოპერატორებს, ქოლ–ცენტრის ოპერატორებს, პრომო გოგონებს, პრომო გოგონებს და პრომო გოგონებს. თუ გოგო ხარ, გაგიმართლა, შენთვის გაცილებით მეტი არჩევანია: პრომო გოგონა, პრომო გოგონა და კიდევ პრომო გოგონა. შენს ხელიხელსაგოგმანებელ რეზიუმეს ფოტოსურათს ურთავ (გაიხსენე, სად აგზავნი რეზიუმეს: პრომო გოგონა, პრომო გოგონა) და გაგზავნის ღილაკს აჭერ;

 

3. გასაუბრება: თმას ისწორებ, გარდერობიდან საუკეთესო პერანგს ირჩევ, მაკიაჟის დამსახურებით უფრო თავდაჯერებული ხდები და უკვე მზად ხარ გასაუბრებისთვის. პოტენციური სამსახურისკენ მიმავალი ფიქრობ, რა შეკითხვები შეიძლება დაგისვან. გუგლში ეძებ: „შეკითხვები, რომლებსაც გასაუბრებაზე დაგისვამენ“. დადებითი და უარყოფითი თვისებები, რატომ თქვენ და არა სხვა? წარმოიდგინე, რომ კუ მირბის, რას იფიქრებ პირველად? როგორ მიყიდი მინერალურ წყალს სპილოს?.. ეს შეკითხვები უფრო გაბნევს, მაგრამ მაინც ცდილობ პასუხების მოფიქრებას. გასაუბრებაზე მისული ხვდები, რომ ამ სამყაროში მარტო არ ხარ; არც სამყაროში და არც იმ პატარა მისაღებ ოთახში, სადაც შვიდ შენნაირს მოუყრია თავი. უკმაყოფილოდ უმზერ პოტენციურ კონკურენტებს და ელოდები, როდის გააჟღერებენ შენს სახელს. შეხვედრების ოთახის კარი იღება და გოგონა გამოდის. „რა შეკითხვები დაგისვეს?“ ეკითხებიან მომლოდინეები. „რა ვიცი, ისეთი არაფერი. დადებით და უარყოფით თვისებებზე მკითხეს.“ „კიდევ კარგი, პასუხები გზაში მოვიფიქრე“ – კმაყოფილი ჩაილაპარაკებ და შენს რიგს ელოდები. და აი, შენი სახელი და გვარიც გაისმა. შედიხარ ოთახში და ელოდები პირველ თავდასხმას. აღმოჩნდა, რომ გამოცდილება საჭირო არ არის, მთავარია გამართულად მეტყველება, მოტივაცია და მუშაობის სურვილი. გაძლევენ რამდენიმე ფურცელს, სადაც იმ მომსახურების შესახებ წერია ინფორმაცია, რომელიც ხალხს უნდა შესთავაზო;

 

4. სამსახურის პირველი დღე – აგიყვანეს! ბედნიერი მიუყვები გზას შენი პირველი სამსახურისკენ. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გგზავნიან. შორს არის. იქ ჯერ არ ყოფილხარ. მას შემდეგ, რაც ხუთ ადამიანს ჰკითხე, სამ ვებსაიტზე მოიძიე და ოთხი ტრანსპორტი გამოიცვალე, სანუკვარ ადგილს მიადექი. ცდილობ, ენთუზიაზმი შეინარჩუნო და სანდომიანი ღიმილით გაუწოდო ხალხს სარეკლამო ფლაერი; ხალხს, რომელიც ძალიან დაღლილია; ხალხს, რომელიც გიბღვერს; ხალხს, რომელსაც "ფეხებში ედები"; ხალხს, რომელიც შენსავით ექვს საათს არ დგას ერთ ადგილზე; ხალხს, რომელსაც, შენგან განსხვავებით, თბილად აცვია, შენ კი გაფრთხილებული ხარ, რომ ბრენდირებული მაისური ქურთუკით არ უნდა დაფარო. სამუშაო დღის დასასრულს კვლავ გამოიცვალე ოთხი ტრანსპორტი და სახლში მიხვედი. ენთუზიაზმი გაქრა. რთული დღე იყო. `არაუშავს, სამაგიეროდ, საკუთარი შემოსავალი მექნება,"-თავს იიმედებ და იძინებ. ღამე ფიქრობ, რას მოგჩერებოდა ის ორი ბიჭი იმ დღეს; ან მოხუცმა ქალმა რატომ გკითხა: "შვილო, პატრონი არ გყავსო?" სევდიანდები. ეს ხომ სამსახურის პირველი დღე იყო!

 

5. ხელფასის დღე–იმაზე საამო რა უნდა იყოს, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავ! აი, შენი პირველი ხელფასი! ო, რამდენი გეგონა 300 ლარი! იხსენებ, რა გამოიარე: რამდენი საათი იდექი ფეხზე, რამდენ დამცირებას იტანდი „სწერვა“ უფროსისგან, პირველივე დღეს რომ გისაყვედურა: თმის შეჭრა როგორ გაბედე, მაგის გამო აგიყვანეთო; იხსენებ უკან ადევნებულ მამაკაცებს და შენს მცდელობას, პირველივე სუპერმარკეტისთვის შეგეფარებინა თავი; იხსენებ ხალხს, რომელსაც ეცოდებოდი და ხალხს, რომელიც ბოღმიანი თვალით გიმზერდა. რატომ აბრაზებდათ მათ შენი იქ ყოფნა?!–არ იცი. შეუფასებელი არ ყოფილა შენი შრომა, ის ძალიან იაფად შეაფასეს.

 

პრომო–ეს ის არის, რითაც იწყებენ ხოლმე და ცდილობენ გაუკვალავ გზაზე საკუთარი ნაკვალევი დატოვონ. ქეთიმაც ამით დაიწყო: "უნდა დამეწყო, სხვა გზას ვერც ვხედავდი. ამიყვანეს. ჰო, გამოცდილების გარეშე. გამიკვირდა, მაგრამ დღეს არ მიკვირს. გამოუცდელები ყოველთვის მართლები, საქმის ბოლომდე მიმყვანები და პატიოსანი, გულწრფელი მონები ვართ."

 

ქეთიმ პირველივე კურსიდან დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დაბრკოლება გამოიარა და ბევრი არასასიამოვნო რამის ატანა მოუხდა, პრომოდ მუშაობის პერიოდი მაინც კარგად ახსენდება. თვლის, რომ ბევრი რამ ისწავლა: როგორ უნდა მიუდგე თითოეულ ადამიანს, რომ შენ მიმართ დადებითად განაწყო, როგორ დაიყოლიო რაიმეზე, როგორ გადაანაწილო დრო ისე, რომ სწავლა და სამსახური ერთმანეთს შეუთავსო და ა.შ.: "საამაყოა, როდესაც ხარ/იყავი პრომო და შეგიძლია ამაყად გაიარო და ფლაერები გამოართვა უკვე შენს პატარა მე-ს, რომელმაც ახლა დაიწყო მუშაობა, ძალიან ბევრი მიზანი აქვს და ჰგონია, რომ ამით უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები."

 

თუ ერთხელ მაინც გიმუშავია პრომოდ და ზემოთ ნათქვამიდან არაფერი გამოგიცდია, ჩათვალე, რომ ძალიან, ძალიან გაგიმართლა. გაგიმართლა, თუ გყავს  კარგი უფროსი, რეალურად ნახევარგანაკვეთიანი სამსახური (და არა შვიდსაათიანი სამუშაო დროით), არ გცივა, არ გშია და ხელფასიც იმდენია, რომ პერიოდულად ლექციების გაცდენა გიღირს. ასე ძალიან იშვიათად უმართლებთ ხოლმე.

 

იქნებ, პრობლემის გადაჭრა სტუდენტებსვე შეგვიძლია? იქნებ, ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ კომპანიებს, რომლებიც ადამიანის შრომას შესაბამისად არ აფასებენ? არ ვიცი. ყოველთვის გამოჩნდება ერთი ადამიანი, ვინც ნახევარგანაკვეთიანად წოდებულ სრულგანაკვეთიან სამუშაოს დათანხმდება და ამაში კაპიკებს აიღებს, რადგან სხვა გზას ვერ ხედავს. კომპანიებმა კი კარგად იციან, რომ სტუდენტს სხვა გზა არ აქვს. ჩვენ ხომ "მართლები, საქმის ბოლომდე მიმყვანები და პატიოსანი, გულწრფელი მონები ვართ!"

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 586 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
პრომო
მულტიმედია სტუდენტებისთვის

მულტიმედია ცენტრის ვებ-გვერდზე გაეცნობით თსუ-ის სტუდენტების მიერ, სასწავლო კურსების ფარგლებში მომზადებულ მასალებს

ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა