16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
05:59 PM
მულტიმედია დ ბლოგი
თამთა ნიქაბაძე | 22 იანვარი 2019

ჟან ბოდრიარი – ქალაქი და სიძულვილი

 

7 საათი და 45 წუთია, გარეთ ბნელა, მე კი უკვე სამარშუტო ტაქსში ვზივარ. დღეს რთული დღე მაქვს - ორი შუალედური და სამი პრეზენტაცია. მე კი ბოდრიარის სტატიაზე მეფიქრება. ტელეფონი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. 

 

სათაურმა დამაფიქრა. გარშემო ვიხედები და ვცდილობ გამოვიცნო რის შესახებ იქნება სტატია. ვაკვირდები სამარშუტო ტაქსში მსხდომ ადამიანებს და თითქოს მათ სახეზე ვხედავ ქალაქს, და ვხედავ სიძულვილსაც. თითოეული მათგანის სახე მათი ცხოვრების შესახებ გვიყვება, რა აწუხებთ, რას აფასებენ, რაზე ფიქრობენ ახლა, რა პრობლემები აქვთ... 

 

ბოდრიარი რაღაც ფილმს  განიხილავს. არ ვიცი, რომელ ფილმზე საუბრობს იგი, ან რას გულიხმობს „ზიზღით აღვსილ“ ადამიანებში, თუმცა კითხვისას, თვალწინ, საფრანგეთის ამ ბოლო პერიოდის მოვლენები მიდგას. „მთელი ბიოსფერო შესაძლოა მალე რაღაც არქაულ ნარჩენად იქცეს, რომლის ადგილიც ისტორიის სანაგვეზეა. თუმცა, თავად ისტორია აღმოჩნდა საკუთარ სანაგვეზე გადაგდებული.“ ვიცი, ბოდრიარი ამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით არ ამბობდა, თუმცა როგორი სიმბოლურია, ის რაც ახლა მის სამშობლოში ხდება. ფრანგმა ახალგაზრდებმა პირდაპირი მნიშვნელობით სანაგვეზე მოისროლეს საკუთარი ისტორია, როცა სამუზეუმო ექსპონატების განადგურება დაიწყეს. 

 

„მთელი ბუნებრივი გარემო ნარჩენებად იქცა, ანუ გამოუსადეგარ, უსარგებლო სუბსტანციად, რომელსაც, როგორც გვამს, ვერ ვიშორებთ.“ რა საინტერესო შედარებაა, ნარჩენები და გვამი. ის, რაშიც სიცოცხლე აღარასდროს იქნება, და შესაბამისად არც არავის სჭირდება.

 

„ჩვენი კულტურა ნაგვის წარმოებად იქცა.“ ამ ფრაზამ რატომღაც გულივერის მოგზაურობა გამახსენა, როცა ის ლაპუტას მეცნიერებათა აკადემიას სტუმრობს. თვალწინ მიდგას ის მეცნიერი, რომელიც კიტრისგან მზის სხივების მიღებას ცდილობდა, და ვფიქრობ რომ დღესაც იგივე ხდება. 

 

Ghost-towns, ghost-people - ფანჯრიდან ვიყურები და ბოდრიარის ეს სიტყვები მიტრიალებს გონებაში. ქალაქი თითქოს ნაცრისფერი, უსიცოცხლო გახდა. ვუყურებ უამრავ შენობას, რომელიც დიდი ხანია მიტოვებულია, ან ისეთს, რომელიც სულ ახალი აშენებულია, თუმცა ხვდები რომ მას არასდროს არავინ გამოიყენებს და სიმარტოვისთვისაა განწირული. ისეთი განცდა მაქვს, რომ არაფერ ღირებულს არ ვქმნით. და არამარტო შენობები, ადამიანებიც კი ნაგვად ქცევისთვის ვართ განწირულები.

 

ამ დროს სამარშუტო ტაქსში ახალგაზრდა ბიჭი ამოდის და მძღოლს ეკითხება ტერფის კლინიკასთან თუ მოხვდება. მძღოლი გაოცებულია, მე კი მეცინება. ალბათ ტერფის კლინიკაც რომელიმე ლაპუტას მეცნიერის იდეაა. 

 

ფანჯრიდან უცნაური ფორმის შენობებს ვუყურებ და ბოდრიარის სიტყვებს ვიმეორებ რომ „ესენი მსოფლიო გამოფენიდან გამოპარული ექსპონატები კი არა, ქალაქის ახალი ნაწილია.“

 

ბოდრიარი ფიქრობს, რომ მეგაპოლისმა ადამიანი ასოციალური არსება გახადა. მართლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერია ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ურთიერთობისთვის ყველაზე მთავარი აღარ გვრჩება - დრო. თითქოს იმდენად ვართ დაკავებულები ჩვენი პირადი ცხოვრებით, რომ აღარც კი გვაინტერესებს სხვები. „საყოველთაო გულგრილობის ატმოსფეროში ყველა თავის ორბიტაზე მოძრაობს, როგორც თანამგზავრი. სამოძრაო გზები აქ არასდროს კვეთენ ერთმანეთს, თქვენ აღარავის ხვდებით, რადგანაც ყველას მოძრაობას ერთიდაიგივე მიმართულება აქვს; ასე, მანქანის საქარე მინიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრავი მანქანები ჩანს. შესაძლოა სწორედ ამაში მდგომარეობს კომუნიკაციის არსი? – ესაა ცალმხრივი თანაცხოვრება. მისი ფასადის მიღმა სულ უფრო მზარდი გულგრილობა და ნებისმიერი სახის სოციალური კავშირის უარყოფაა დაფარული.“ რა საინტერესოა, თუკი არავინ მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით, მართლაც, როგორ შეხვდები ვინმეს? 

 

ფიქრებიდან მოხუცი ქალბატონის ხმამ გამომარკვია, რომელიც ცდილობდა მძღოლისთვის რაღაც აეხსნა. ქალბატონი ამბობდა, რომ ხიდთან უნდა შეხვედროდა მეგობარს, თუმცა თავად არ იცოდა რომელ ხიდზე იყო საუბარი და დარწმუნებული იყო მძღოლი დაეხმარებოდა მის პოვნაში. მძღოლი კი ცდილობდა ქალბატონისთვის გაეგებინებინა, რომ თბილისში უამრავი ხიდია, და ასე გამოცნობა ძალიან გაუჭირდებოდა. პროცესში ყველა მგზავრი ჩაერთო, ზოგმა რა ურჩია მოხუცს, ზოგმა რა. ესეც ორმხრივი კომუნიკაცია, გავიფიქრე მე. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ბოდრიარი ამბობს. თუმცა, აქვე სხვა ფაქტორმაც დამაფიქრა. თუკი ამ მოხული ქალის ადგილას, რომელიმე ახალგაზრდა იქნებოდა, ალბათ ინტერნეტის გამოყენებით მარტივად მიაგნებდა დანიშნულების ადგილს, ისე რომ არც არავისთან დასჭირდებოდა ურთიერთობა.

 

ბოდრიარი ფიქრობს რომ ხალხს სძულს პოლიტიკა. მართლაც, რთულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აღმოჩნდე და პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ უარყოფითი კომენტარები არ მოისმინო. დღეს რაღაც განსხვავებული სიტუაციაა. უკვე 45 წუთია მოვდივარ და პოლიტიკა ჯერ არავის უხსენებია. შეიძლება იმიტომ, რომ დღეს სლაპარაკო თემად ტერფის კლინიკა და ხიდის პოვნა ექცათ მგზავრებს. 

 

ბოდრიარის აზრით, ”ჩვენ ყველას გვძულს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენზე არაფერი არაა დამოკიდებული. გვინდა, ეს სამყარო, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სასრული გავხადოთ, მიზანი დავუსახოთ მას. სიძულვილს ემატება სისტემის დანგრევის სურვილიც, ამით თითქოს გზას გავუკაფავთ რაღაცას, რაც გარედან მოდის; ეს რაღაცა კი „სხვაა“. ეს გულცივი ფანატიზმი გამოწვევისა და იმედის მილენარულ ფორმას მოიცავს.“ თუმცა, ვფიქრობ მაინც შეგვიძლია შევაჩეროთ სიძულვილი, ან შევამციროთ მაინც. როგორც დღეს მოხდა, როცა ადამიანებს ერთმანეთის დახმარების იდეა აერთიანებთ, სიძულვილსაც აღარ რჩება ადგილი.

 

ამასობაში ვარაზისხევს მივუახლოვდით, სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვედი და ფეხით გავუყევი ჭავჭავაძის გამზირს. ისევ ბოდრიარის სტატიაზე მეფიქრება, მაგრამ 9 საათზე შუალედური მაქვს, ამიტომ ჯობია ჩემი გონება სხვა თემებისკენ მივმართო.

 

უკვე სამი საათია. შუალედურებიც დავწერე და პრეზენტაციებიც ჩავაბარე. ახლა დროა ისევ ბოდრიარს დავუბრუნდე. ბიბლიოთეკაში ავდივარ, და წერას ვიწყებ:

 

7 საათი და 45 წუთია, გარეთ ბნელა, მე კი უკვე სამარშუტო ტაქსში ვზივარ...

 

მომზადებულია საგან ,,XX საუკუნის დიადი წიგნები- LIBRI MAGNI-ს'' ფარგლებში,

ხელმძღვანელი მერი ტორაძე

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1205 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
პრომო
მულტიმედია სტუდენტებისთვის

მულტიმედია ცენტრის ვებ-გვერდზე გაეცნობით თსუ-ის სტუდენტების მიერ, სასწავლო კურსების ფარგლებში მომზადებულ მასალებს

ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა