23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:03 AM
რეცენზია - სხვა
ეკატერინე ჯანიაშვილი | 06 ივნისი 2019

გარეუბანი ორმაგი ცხოვრებით

 

 

თბილისში ლუვრის პირამიდის მსგავსი პოლიციის შენობა თუ შეგხვედრიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაზისუბანში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი. გასაკვირია, მაგრამ იქ მდებარე პოლიციის შენობის დანახვისას პარიზის ეს ღირსშესანიშნაობა აუცილებლად წარმოგიდგებათ თვალწინ. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა მიიხედ-მოიხედებით, მიხვდებით, რომ შუაგულ ევროპაში კი არა, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ხართ. 

 

ვაზისუბანი თბილისის ზღვასთან ახლოს, დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ისანი-სამგორის რაიონს მიეკუთვნება. ისტორიული ცნობების მიხედვით, რამდენიმე საუკუნის წინ აქ ვაზი უხვად იყო გაშენებული. ამის გათვალისწინებით, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან მომდინარეობს დასახლების სახელწოდება. 

 

შეუჩვეველი თვალისთვის რთული მისახვედრია, სად მთავრდება ვარკეთილი და იწყება ვაზისუბანი. სიმართლე რომ ვთქვათ, არც შეჩვეულს შეიძლება ბოლომდე ენდო. ვარკეთილის მეტროდან ვაზისუბნამდე ფეხით 20-25 წუთის სავალი გზაა. თუ აქ პირველად ხართ, დაკარგვის შანსი დიდია, თუმცა, სხვა თუ არაფერი, განთქმული ექსტერიერის მქონე პოლიციის შენობის დანახვისას მიხვდებით, რომ სწორად მიხვედით.

 

 

ამასთან, ვაზისუბნიდან ვარკეთილის მეტროს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები ინტენსიურად მოძრაობენ. ვაზისუბანს მშენებარე მეტროც აქვს. მეტროსადგურის მშენებლობა 1980-იან წლებში დაწყებულა, თუმცა დღემდე შეჩერებულია. უცნობია შეჩერების მიზეზი ან ის, დასრულდება თუ არა პროექტი. აშკარა მხოლოდ ისაა, რომ ვაზისუბანს მეტროსადგური ქალაქთან მეტად დააკავშირებდა. 

 

ერთი შეხედვით, ვაზისუბანი პატარა, წყნარი და მივიწყებული გარეუბანია, თუმცა მესამე ეპითეტზე დავა შესაძლებელია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, “ჰუალინგი” მდებარეობს. აქვეა “თბილისის ზღვის ახალი ქალაქი”. სწორედ ამ ადგილას აშენდა 2015 წელს ოლიმპიური ქალაქი და გაიმართა ახალგაზრდული ოლიმპიადა. 

 

 

გარეუბანში უცნაური და აშკარა კონტრასტი გვხვდება: მივდივართ გზაზე, ჩვენ გარშემო კი საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული საცხოვრებელი კორპუსებია. ასეთი კორპუსები მრავლადაა, სულ 5 მიკრორაიონი. ვაგრძელებთ გზას და უცებ თანამედროვე ტიპის დასახლებაში ვხვდებით, რომელიც ტურისტულ ზონას, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს აერთიანებს. ამასთანავე, ვაზისუბანთან ახლოს მდებარეობს სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი”, სადაც “საშოპინგოდ” და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად უამრავი ადამიანი იყრის თავს. 

 

 

კონტრასტის თემას თუ გავარძელებთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, გარდა საცხოვრებელი კორპუსებისა, აქ კერძო სახლებიც გვხვდება. როგორც სხვა ბევრი რამ, ეს შენობებიც უცნაურად გამოიყურება. გეგონებათ, რომ საუკუნე გავიდა, რაც მცხოვრებლებმა სახლები მიატოვეს და მას შემდეგ იქ აღარავინ ყოფილა. 

 

ერთი სიტყვით, ვაზისუბანი ერთ პატარა კუნძულს ჰგავს, რომლის არსებობის შესახებ ცოტამ იცის, მაგრამ კუნძულში ღრმად თუ შეხვალ, კარგ რაღაცებს აღმოაჩენ. უცნაურია, მაგრამ ასეა — ვაზისუბანი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. 

 

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის პარქტიკუმის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 80 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა