23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:53 AM
რეცენზია - სხვა
მარიამ ბერია | 08 ნოემბერი 2014

მარტოხელა ქალების ერთგულება მშობლიურ სახლებთან

 

 

ონიდან სოფელ უწერაში ვბრუნდებოდით. უეცრად გაწვიმდა ისე, როგორც აქ, მთიან რაჭაში იცის – კოკისპირულად. მანქანა სავსე იყო, თუმცა გულგრილად ვერ დავტოვეთ მოხუცი, რომელიც გაჩერებაზე იდგა და ხელს გვიქნევდა. გაუხარდა ჩვენი დანახვა, თქვენ რომ არ გაგეჩერებინათ, 9 კილომეტრი ფეხით უნდა გამევლოო. ქალბატონი თამარ მეტრეველი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, სასიხარულო ბევრი მოიგონა, პრობლემების გასაცნობად კი თავისთან, სოფელ ნიგავზებში დაგვპატიჟა.

 

76 წლის თამარ მეტრეველი-გოგრიჭიანი კარ-მიდამოს მათვალიერებინებს, თავის მოტანილ ფიჩხებს და თივას მაჩვენებს.

,,ვინმეს მივცემ 20 ლარს, მოვათიბინებ და მერე ზურგით მომაქვს ეს თივა. ფიჩხსაც ვაგროვებ, მაგრამ, აბა, ამით ზამთარს ხომ ვერ გავატარებ. სანამ ბებია-ბაბუა და მშობლები იყვნენ ცოცხლები, ღვინოც გვქონდა, ბეღელიც. ერთ ვენახში 32 გიდელი (ხისგან მოწნული ყურძნის ჩასაყრელი) ყურძენი იკრიფებოდა. ეს სახლი დედაჩემის იყო, ვერ მივატოვე აქაურობა და ისევ დავბრუნდი. ზამთარში ონში მივდივარ შვილთან, მეშინია აქ გაჩერების,“ _ ამბობს ქალბატონი თამარი.

ონის სოფლებს ადგილობრივი მოსახელობაზამთარში ტოვებს, ძირითადად, იქ არსებული მძიმე სოციალური პრობლემების გამო. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და სოფელში რჩებიან.

ჩემი მასპინძელი თამარი მარტო ცხოვრობს. ზაფხულში შვილიშვილები სტუმრობენ და თავისი მოყვანილი სოფლის პროდუქტებით უმასპინძლდება. ამბობს, რომ საქმის კეთება არ ეზარება:

,,24 წლის განმავლობაში ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. სოფლის საქმისა კი იმდენი ვისწავლე, რომ ჩემი ხელითY მომყავს ყველაფერი. სამი შვილი და შვიდი შვილისშვილი მყავს. ზაფხულში ისინი რომ მოდიან, რძეს, ყველს, ქათამს, კვერცხს ვახვედრებ. შემოდგომაზე ლობიოს, სიმინდს, კარტოფილს მოვუგროვებ და ვატან. იმდენი კარტოფილი მომყავს, რომ ყიდვა არ მჭირდება. ონიდან სოფელში იმიტომ წამოვედი, რომ მინდა, სანამ ცოცხალი ვიქნები, ღორი, ქათამი და ძროხა ვიყოლიო. ძნელია აქ მეურნეობის გაძღოლა. ახლა, მაგალითად, ყანის დახვნა მინდა და ტრაქტორი ვერ ამოგვიყვანია. არ სცალიაო, გვეუბნებიან, ჯერ სოფელ უწერას სჭირდებაო, შეიძლება, სულაც არ მოვიდნენ,” _ მეუბნება თამარი და სახლის დასათვალიერებლად მივყავარ.

,,მთელი დღე შრომაში გადის. საღამოობით ტელევიზორს ვუყურებ, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემ გარშემო სახლები ცარიელია, წინა მეზობელი თბილისშია, გვერდით საერთოდ არავინ ცხოვრობს. ერთადერთი მეზობლები ლელო და იზა მეტრეველები არიან. ისინი რომ არ არიან, აქ ყოფნა მეც არ შემიძლია, ხმის გამცემი ხომ უნდა მყავდეს ვინმე?” - სახლს ვტოვებთ და მეზობელთან - ლელო მეტრეველთან - გადავდივართ, მისი სახლი მიწისძვრის დროს დაზარალდა. ქალბატონ ლელოს ოთახებში შევყავარ და ბზარებს მაჩვენებს. 

,,პირველი მიწისძვრა 1992 წელს მოხდა და მაშინ დაზიანდა კედლები. ელემენტარულ დახმარებას ვითხოვთ, მარტო ფული ხომ არაა, დაგვეხმარონ ბლოკით, ცემენტით. გვეშინია, იატაკი არ ჩავარდეს,~ _ ამბობს ლელო მეტრეველი

მეუღლე 20 წლის წინ გარდაეცვალა. სამი შვილი და რვა შვილიშვილი ჰყავს. თავად რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ მშობლების სახლს აკითხავს ხოლმე რაჭაში, სოფელ ნიგავზებში:

,,არ მინდა, ჩემი მშობლიური სახლი დაინგრეს. ძმა არ მყავს, ამიტომ აქაურობას ვერ ვტოვებ. მინდა, მე თვითონ მივხედო აქაურობას, მერე კი ჩემი შვილები და შვილიშვილები გააგრძელებენ. სახლი რომ არ მქონდეს, მშობლების საფლავზე მაინც ამოვიდოდი. როცა მძიმე ზამთარია, სოფელ ნიგავზებში 12-დან 14 ოჯახამდე რჩება. მეც ვტოვებ ზამთარში სახლს, მაგრამ როგორც კი გამოზაფხულდება, მაშინვე ამოვდივარ და მიწას ვამუშავებ, აქ მოყვანილ პროდუქტს ოჯახს ვახმარ,” _ გვიამბობს ლელო მეტრეველი.

რაჭის დაცლას ქალბატონი ლელო უმუშევრობას და მძიმე სოციალურ პირობებს უკავშირებს: 

,,წინათ კურორტი მუშაობდა, ხალხი სანატორიუმებში იყო დასაქმებული. რაც სამსახურები აღარაა, ნელ-ნელა რაჭაც იცლება. ჩემს ბავშვობაში მახსოვს სანახშოზე მოიყრიდა ხოლმე ხალხი თავს, ახლა ასე აღარაა, მარტო ზაფხულობით ივსება აქაურობა. ძვირფასი ხალხი ცხოვრობს რაჭაში, მშრომელები, მაგრამ პირობები რომ არ იყო თავის დროზე, აქაურობა დატოვეს.”

ლელო მეტრეველს მეზობელთან იზა მეტრეველთან მივყავართ. ისიც მარტოხელაა და მშობლების სახლს არ ტოვებს. იზა მეტრეველის სახლიც მიწისძვრის დროს დაზარალდა:

,,სახლის ნაწილი მე-18 საუკუნისაა. კედლები დაბზარული, ხელის შეშველება უნდა. ბევრი ვეცადე, რომ რამე სახსარი მომეპოვებინა, მაგრამ არაფრით არ დაგვეხმარნენ. ნაწილი ჩემი სახსრებით აღვადგინე, მეტი ვერ შევძელი,” – ამბობს იგი და თავისი ოჯახის ისტორიას გვიყვება.

იზა მეტრეველს მამა არ უნახავს, ის მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა:

,,დედა ჩემზე იყო ორსულად, როცა  მამა ვეღარ დაბრუნდა. ქუდებს აკეთებდა ხოლმე და შოვში და უწერაში ყიდდა. მახსოვს, მეც ვეხმარებოდი ქუდების გაკეთებაში," - იხსენებს, და მშობლების წერილებს გვიჩვენებს. ფურცლები სიძველისგან ალაგ-ალაგ დახეულია, ნაწერები კი ძნელად იკითხება. მიუხედავად ამისა, ადვილად გაარჩევთ, რამხელა სიყვარულითაა დაწერილი მოკითხვები, რომელსაც იზა მეტრეველის მამა ცოლს სწერდა: 

,,გოგო რომ გავჩნდი, მამას მოუწერია, არ იდარდო, სიძეც საყვარელიაო. ახლა ყველაზე კარგად ვარ, მაგრამ ომი გვიახლოვდებაო...” - თვალცრემლიანი აგრძელებს წერილების კითხვას: ,,სალამი პელოს! მე ცოცხალი აღარ მეგონე, მაგრამ რაკი ცოცხალი ხართ, გამარჯობა შენი. მომიკითხე ძმა ნიკო, ნასტია, ბაგრატი... თქვენ თუ კარგად იქნებით, მეც კარგად ვიქნები.. თქვენს ამბებს რატომ არ მწერთ?! ხომ იცით, სიცოცხლე მინახევრდება, თქვენს ამბავს რომ ვერ ვგებულობ.”  ,,სალამი სიმონას! პირველად გისურვებ ჯანმრთელობას და იმ მიზნების განხორციელებას, რომელ მიზნებსაც შენ ისახავდე გულში. იმედიც არის, რომ არ ჩამორჩები სხვას... პირველად ჩვენ მოგიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით და პირზე კოცნით...”- ხმა უკანკალებს ლელო ბებოს და ხვდები, რა აცერებს აქ, რატომ ვერ ტოვებს მამა-პაპის სახლს და რატომ ერთგულებს ფესვებს. 

,,ორი წელია ავად ვარ და საქონელი აღარ მყავს, არ შემიძლია მოვლა. მეზობელი წასული რომაა, ერთი სული მაქვს როდის მოვა, ვერ გაძლებ ისე. ჩემი სახლის უკან ბიძაშვილები ცხოვრობენ, ისინი რომ არ იყვნენ, ღამეს ვერ გავათევდი. ზამთარში ვტოვებ სახლს და შვილთან მივდივარ. ძალიან მინდა, ზამთარშიც აქ ვიყო, მაგრამ არ არის პირობები და ვერ ვჩერდები. შეშა მაინც ხომ გვინდა, ოჯახები ვისაც ჰყავს, იმათ მოაქვთ, მაგრამ მარტოხელა ქალებმა რა ვქნათ?” _ ასე ვასრულებთ საუბარს მარტოხელა ქალბატონებთან და გზად მომავალთ საგზლად მოგვაქვს მათი ურთიერთობის, თანადგომისა და ერთგულების ნიჭი.

 

რაჭაში რთულია მოძებნო რესპონდენტი, იმდენი დაცლილი სახლია, თუმცა ადვილია მათი დათანხმება ინტერვიუზე. გახარებულები შემოგციცინებენ, პრობლემებს გიზიარებენ და იმედი აქვთ, რომ ოდესღაც რაჭასაც მიექცევა ყურადღება. ჩვენც ამ იმედით ვტოვებთ სოფელ ნიგავზებს. ლელო მეტრეველი რაჭიდან გზავნილს გვაწვდის:

,,ჩემს რაჭველებს მოვუწოდებ, რომ არ მიატოვონ კარ-მიდამო და თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ. მიხედონ და ყეროდ არ გადააქციონ ჩვენი სოფელი. ნამოსახლარიაო, არ უნდა თქვას არავინ. შვილიშვილიც თუ არის, უნდა მოვიდეს და მიხედოს წინაპრების სახლს.”

 

 

ფოტო: მარიამ ბერია

 

მომხაზებულია სასწავლო საგნის ,,ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში. ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1628 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა