14
დეკემბერი, 2019 შაბათი
11:59 AM
რეცენზია - სხვა
ანი ბოჭორიშვილი | 17 ივნისი 2014

გზა რუსთავიდან თსუ-მდე

,,სახლიდან საათ-ნახევრით ადრე გამოვდიოდი იმის გამო, რომ მიწევდა გაჩერება სპორტის სასახლესთან და იქიდან ავტობუსით უნივერსიტეტში წასვლა. აქ კი ხშირად საცობები იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო აჭიანურებდა. სხვა შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობდი, თუმცა, იქ საეჭვო ქცევის მქონე პირები მხვდებოდნენ, ძირითადად, შუახნის მამაკაცები, რომლებიც უხამსობას სთავაზობდნენ გოგონებს“, - იხსენებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა მებურიშვილი.

მას შემდეგ, რაც რუსთავიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსები ვარაზისხევის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე აღარ მოძრაობენ, მსგავსი პრობლემა ექმნებათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებსაც, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ. მათ ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ უნივერსიტეტამდე მისასვლელად. ეს კი, სტუდენტების თქმით, დიდ დროს მოითხოვს და, შესაბამისად, მათი ყოველდღიური სამგზავრო თანხაც იზრდება.
მარიამ გარსევანიშვილი აღნიშნავს, რომ ასე მგზავრობა საკმაოდ არაკომფორტულია და დამღლელი, საკმარისი თანხის უქონლობის შემთვევაში კი მას ფეხით უწევს უნივერსიტეტამდე მისვლა.  ამ დროს სტუდენტები უფრო დიდ პრობლემას აწყდებიან, მათ იმ მიწისქვეშა გადასასვლელით უწევთ სარგებლობა, რომელთანაც  საპარტულო პოლიციის მანქანის დანახვა აღარავის აკვირვებს. ,,თავიდან, როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, ახლობლებმა გამაფრთხილეს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით არ მესარგებლა. მას შემდეგ, რაც ჩემი რამდენიმე მეგობარი ატირებული ვნახე, ვინც გადასასვლელით ისარგებლა, მივხდი, რომ იქ არ უნდა ჩავსულიყავი. გარდა საშინელი სუნისა, იქ ფსიქიკურად შეშლილი მამაკაცები არიან, ხშირად წელს ქვემოთ შიშვლები'', - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი სალომე აბულაშვილი. მისი თქმით, ამ პრობლემის გამო ისეთ უნივერსიტეტში გადასვლას აპირებდა, რომელთანაც ტრანსპორტი პირდაპირ მიიყვანდა.

გზა რუსთავიდან თსუ-მდე მართლაც დამქანცველი აღმოჩნდა. თბილისს მოვუახლოვდით თუ არა, მგზავრები მიკროავტობუსს ყოველ წუთს აჩერებდნენ. ზოგი სად მიდიოდა, ზოგიც სად. 1 საათისა და 27 წუთის შემდეგ როგორც იქნა, გამოჩნდა გმირთა მოედნის მემორიალი.    გადავწყვიტე, მიწისქვეშა გადასასვლელით მესარგებლა. კიბეებზე ჩასვლისას უკვე შიშმა შემიპყრო.


 გადასასვლელი, რომელშიც ღამის განათება არაა დამონტაჟებული, დღის სინათლეზეც საშნილად გამოიყურება. ის ორნაწილიანია და მისი ორივე ნაწილი აჭრელებულია ათასგვარი წარწერით, რომელთა წაკითხვას აუტანელი სუნის გამო ალბათ ვერავინ ასწრებს. ჩაბნელებული დერეფნები მოსმენილი ისტორიების ფონზე კიდევ უფრო საშიში მომეჩვენა.

ერთი შეხედვით სიმშვიდე იყო. მისი ერთი ნაწილი მშვიდობიანად გავიარე, მხოლოდ სუნმა შემაწუხა. როდესაც ვფიქრობდი უკვე ფონს გავედი-მეთქი, კუთხეში მიმალულ ნახევრადშიშველ მამაკაცს მოვკარი თვალი. სასწრაფოდ ამოვირბინე გადასასვლეის კიბეები, თან ტელეფონს ვეძებდი, ყოველი შემთხვევისთვის. ვარაზისხევზე მდებარე რესტორანში ისე ამოვყავი თავი, არც კი გამიგია. მიუხედავად პრობლემის სიმძაფრისა, მისი გამოწვევი მიზეზის მიგნება რთული აღმოჩნდა. რუსთავის მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, ადრე ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად მოძრაობდნენ, მას შემდეგ კი, რაც გმირთა მოედანზე ესტაკატა აშენდა, მათ ამ გზით მოძრაობა აეკრძალათ. ერთ-ერთი მათგანი მურმან ჩაჩუა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ამ ტერიტორიაზე გადატვირთული მოძრაობა გახდა. მძღოლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს თბილისის მერიის ინიციატივით მოხდა. თბილისის მერიაში  ზემოხსენებული უარყვეს, განაცხადეს, რომ რუსთავის სამარშრუტო ტაქსები მათ დაქვემდებარებაში არ არის და, შესაბამისად, ეს აკრძალვა მათი ინიციატივით ვერ მოხდებოდა. ,,დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას, ის კურირებს მსგავს საქმეებს.''  საპატრულო პოლიციაში კი გვითხრეს, რომ მათ ბრძანება აკრძალვის შესახებ არ გაუციათ.


მიუხედავად ამისა, ფაქტია, არსებობს რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც ამ პრობლემებს იწვევს. ამან კი შეიძლება  ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. სალომე აბულაშვილის თქმით, სტუდენტები აღარ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელით და გადატვირთულ გზაზე გადასვლას ამჯობინებენ: ,,ვფიქრობ, პატრულიც საქმის კურსშია, რადგან ერთხელ დამინახეს გზაზე რომ გადავდიოდი, გამაჩერეს და შემომთავაზეს მიწისქვეშა გადასასვლელით მესარგებლა, როდესაც სახე შემეცვალა და ვუთხარი, მოწესრიგებული რომ იყოს იქაურობა თავს საფრთხეში არ ჩავიგდებდი-მეთქი, აღარაფერი უპასუხიათ".

 

  მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში  (პედ. დალი ოსეფაშვილი)

 

სტატიის ვებ რედაქტორი: ლევან ხუბაშვილი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2699 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა