15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
02:30 AM
სხვა - კულტურა
ნინი შველიძე | 20 იანვარი 2016

იაიოი საოცრებათა სამყაროში

 ჰალუცინაციური არტი და ჰალუცინაცია,როგორც არტი, განმეორებითობით, რეალურს, წარმოსახვითსა და კოსმიურს შორის საზღვრების არ არსებობით ხასიათდება. ეს იმ აუთსაიდერთა არტია ,რომლებიც თავს საკუთარი ჰალუცინაციების თარგმნით ირთობენ.                                                                                          იაიოი კუსამა იაპონელი არტისტია, ბავშვობიდან ჰალუცინაციებით დატანჯული, რომელმაც სუიციდური ბუნება მხატვრობით დათრგუნა. იგი არასდროს პასუხობს კითხვას, როგორ ხატავს ისე, როგორც ხატავს და ჟურნალისტებს საკუთარი ხელებისკენ მიანიშნებს „არ ვიცი, შეგიძლიათ, ჰკითხოთ ჩემს ხელებს, როგორ ხატავენ“.                         სინამდვილეში მხატვრობა მისთვის საპროტესტო აქცია-პერფორმანსია, რომელსაც საკუთარ დედას მოუწყობს, როცა დედა მილიონერ კონგლომერატზე დაუპირებს გათხოვებას. მაშინ იაიოი არტისტი გახდება და ნახატებში ეროტიკასთან ერთად ფემინიზმს დაბადებს. ეს იქნება მანამ, სანამ ულტიმატუმს წაუყენებენ „თუკი ხატვას გააგრძელებ, ჩვენთან ვეღარ იცხოვრებო.“ მაშინ პირადი ფსიქიატრი იაიოის ერთადერთ ფრაზას ეტყვის „go to the USA“ ე.ი წადი ამერიკაშიო. კუსამა ფულს ისესხებს და ამერიკაში წავა.                                                                        წლების შემდეგ იაიოი კუსამა იტყვის „როცა კიოტოში ჩემი ცხოვრების პერიოდს ვიხსენებ მხოლოდ გულის რევის გრძნობა მაქვსო.“ მიუხედავად ამისა, ამერიკაში 15 წლიანი ცხოვრების შემდეგ, უბრალოდ დგება და იაპონიას უბრუნდება, უკვე ენდი უორჰოლისეული წარმატებით.                                                                    კუსამას შემოქმედება ფსიქიკური აშლილობისა და ჰალუცინაციების პროდუქტია, სადაც მთავარია წარმოსახვითი სამყაროდან მიღებული ტალღების დაჭერა და თარგმნა. სწორედ ასე, ჩნდებიან პოლკა დოტები, უზარმაზარი ფერადი წერტილები, რომლებიც სამყაროს მხატვრის ნახატებივით კოპლავენ . სწორედ ისე, როგორც თვითონ  წითელთმიან არტისტს. პოლკა დოტები არის გზა უსასრულობისკენ, სადაც ყველაფერი წერტილებია: მზე, მთვარე, სამყარო, კოსმოსი.აქ წერტილების შეეერთება საკმარისია უსასრულობის ექსპრესიისთვის.

    პოლკა დოტების სამყაროში იაიოი კუსამა ჰგავს „ალისას საოცრებათა სამყაროში“, რომელსაც შეუძლია, არასოდეს გაიზრდოს. უცნაურია, რომ  საოცრებათა სამყაროს კუსამა იაპონიის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიწყობს, სადაც 86 წლის არტისტს შეუძლია სამ დღიანი შეუჩერებელი მუშაობა, სანამ ექიმები კვების საჭიროებას არ შეახსენებენ ან საათობით ხატვა მუხლებზე დამდგარს, სანამ მუხლები გაუძლებენ.                                                                      უკვე 86 წლის ასაკშიც აუთსაიდერი არტისტი აუთსაიდერ მაყურებლებზე საუბრობს, მათზე, ვისაც არ აქვს კულტურაზე წვდომა და ახსენებს „მე დღე და ღამ არ მძინავს თქვენზე ფიქრითო“.86 წლის ასაკში ის გრძნობს სიკვდილის მოახლოვებასაც და წერს : „ მე ყოველთვის სხვათა სიკეთე მიხსნიდა ხოლმე, ახლა ახლოს ვარ სიკვდილთან და ვარ სავსე იმ იმედით, რომ მექნება ძალა გავავრცელო ორი რამ, სიყვარული და მშვიდობა, ჩემი მხატვრობით.“                                                                                         იაიოის საოცრებათა სამყაროში მაყურებელიც ხდება ალისა და  შემდეგ უკვე  ალისადქცეული, ხდება  ფერადი პოლკა დოტი. ამ კოსმიურ სამყაროში თამამად შეიძლება თქმა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავჩნდით მზე პოლკა დოტია, მთვარე პოლკა დოტია, სამყარო პოლკა დოტია“, მე და თქვენ პოლკა დოტები ვართ ე.ი ფერადი წერტილები, რომლებსაც აქვთ შანსი უსასრულობაში შეერთდნენ და მოიწყონ „კოსმიური ოდისეა“.

მასალა  მომზადებულია  სასწავლო  კურსის "ანალიზისა  და  მოსაზრების წერის"  ფარგლებში.                   ლექტორები: მარიამ   გერსამია,  დალი   სინჯარაძე 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 132 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
კატეგორიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა