14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
07:17 AM
მიმოხილვა - სხვა
ია ჩაჩანიძე | 21 მაისი 2018

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი

 მიუხედავად იმისა, რომ ჯონ უერდემანი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, დღესდღეობით ის ერთ-ერთი ცნობილი სიღნაღელია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. სიღნაღმა იგი პირველივე ვიზიტისას მოხიბლა. 

 ჯონი ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტუდენტი იყო, როდესაც ტურისტის სტატუსით პირველად ეწვია სიღნაღს. იგი ქართული ფოლკლორითა და კულტურით მოიხიბლა და  საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. პროფესიით მხატვარია და აღნიშნავს, რომ სიღნაღის პეიზაჟების ხატვა მისთვის დიდი სიამოვნებაა. ჯონმა სწორედ „სიყვარულის ქალაქში“ გაიცნო  ქართველი მეუღლე, ქეთევან მინდორაშვილი, რომელიც ჯონთან ერთად არაჩვეულებრივად ასრულებს ქართულ, ტრადიციულ მრავალხმიან სიმღერებს და ანსამბლ „ზედაშეს“ ხელმძღვანელობს.  

  უკვე 20 წელია, რაც ჯონი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ამერიკაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს, პირიქით, გამართულად ისწავლა ქართული ენა და ისე შეიყვარა საქართველო, როგორც საკუთარი სამშობლო. აღნიშნავს, რომ ქართული კულტურა, ფოლკლორი და ტრადიციები მისი სულის ნაწილი გახდა. ხატვის პარალელურად მეღვინეობასაც მიჰყო ხელი. აქვს საკუთარი ვენახი, სადაც მხოლოდ ქართულ, სხვადასხვა ჯიშის ვაზებს უვლის. ნატურალურ ღვინოს უკვე წლებია, ამზადებს ტრადიციული ქვევრის მეთოდით. მის მიერ დამზადებული ღვინო არა მარტო ქართველების, არამედ ტურისტების ინტერესსაც ხშირად იპყრობს და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე გადის. საკმაოდ პოპულარულია ჯონის რესტორნებიც, სადაც ღვინოსთან ერთად  ქართული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებთ. ჯონს წლების განმავლობაში არაერთი უცხოელი ტურისტი სწვევია და მოხიბლულა ქართული სტუმართმანსპინძლობითა და კულტურით, რომლის გაზიარებასაც უერდმანი არაჩვეულებრივად ახერხებს. 

–საქართველოში თქვენი პირველი ვიზიტის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ ქალაქ სიღნაღში დაბინავება?

–პირველად საქართველოს მიმართ ჩემი ინტერესი მუსიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ყოველთვის მომწონდა მრავალხმიანი სიმღერები. 1991 წელს მოვისმინე ქართული, ხალხური მუსიკის ჩანაწერი. მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ჩამოვსულიყავი საქართველოში. შემდეგ მხატვრობას ვსწავლობდი მოსკოვში და 1995 წელს პირველად მოვახერხე აქ ჩამოსვლა. სიღნაღმა პირველივე ვიზიტისას მომხიბლა თავისი სიმყუდროვითა და ლამაზი პეიზაჟებით, რაც მხატვრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუსიკა კი ისევე, როგორც მხატვრობა, დღემდე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი ინტერესის სფერო გაფართოვდა. 

–ალბათ, მეღვინეობას გულისხმობთ. მანამდეც გაინტერესებდათ ეს სფერო თუ ქართული ღვინის ტრადიციამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით?

–მეღვინეობა 11 წლის წინ დავიწყე და დავაარსე ღვინის კომპანია „ხოხბის ცრემლები”. დღეს საქართველოში ვფლობ რამდენიმე რესტორანს, რომლებშიც მოხმარებული პროდუქტის 95% ადგილობრივი და ნატურალურია. ხალხურ მუსიკასთან რომ გავავლოთ პარალელი, ჩემი აზრით, მთავარი ხიბლი მისი ინდივიდუალურობაა. სამწუხაროდ, წარსულში დიდმა ანსამბლებმა სიმღერები ფაქტობრივად გადააკეთეს, რომ აუდიტორისთვის მოსაწონი ყოფილიყო. ასევე მოხდა ღვინის შემთხვევაშიც საბჭოთა წლებში. ღვინისადმი დამოკიდებულება საკმაოდ ზედაპირული იყო. მათ ნაკლებად აინტერესებდათ ქართული, ტრადიციული, მრავალფეროვანი ღვინო, უფრო მეტად სარგებელზე იყვნენ ორიენტირებულნი. ცნობილია, რომ არსებობს ქართული ვაზის 525 ჯიში, ხოლო საბჭოთა პერიოდში მხოლოდ 4-5 ჯიშის ღვინო მზადდებოდა. მაგალითად, ქართლში, ჰავიდან გამომდინარე, საუკეთესო ყურძენი მოდის, თუმცა მცირე რაოდენობით და მისი მოყვანა საკმაოდ შრომატევადია. კომუნისტური აზროვნებისათვის მსგავსი რამ მიუღებელი იყო. ამიტომ ამ პერიოდში ქართლში ვაზის კულტურა სხვა უფრო იოლად მოსაყვანმა ხილმა ჩაანაცვლა. 

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი წვლილი შემეტანა ინდივიდუალური, ხალხური მუსიკისა და კულტურის შენარჩუნებაში. ჩემი აზრით, ქართული ღვინო ისევე, როგორც ფოლკლორი, საოჯახო რიტუალია. მისი სითბო და ხასიათი ძალიან განსხვავებულია. ის არ უნდა იქცეს სასცენო კულტურად, რადგან მაშინ დაკარგავს თავის ხიბლს.

–თქვენ მიერ წარმოებული ღვინო ექსპორტზეც გადის... 

–დიახ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის არის: იტალია, ესპანეთი, ინგლისი, შვედეთი, დანია, ნორვეგია და სხვ.

–ისევ „სიყვარულის ქალაქს” რომ მივუბრუნდეთ, როგორი იყო თქვენთვის იმდროინდელი სიღნაღი და როგორია დღევანდელი?

–სიღნაღი მანამდე შემიყვარდა, სანამ ამ სტატუსს მიიღებდა. ვფიქრობ, ცოტა არასწორად არის დაგეგმილი ქალაქის განვითარება. ადრე აქ მეტად იყო შენარჩუნებული სიმწვანე, სიმყუდროვე, ფეხით სავალი ბილიკები და ყველაფერი ის, რაც აქაურობას მომხიბვლელს ხდის. დღეს სიღნაღი ბევრად ხმაურიანია.  მაგალითად, კუადროციკლები ჩემთვის მიუღებელია, რადგან სახიფათოა, აბინძურებს გარემოს, შემოაქვს ქაოსი და იერსახეს უკარგავს ქალაქის სიმშვიდესა და სილამაზეს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა სახის ტურიზმი გვსურს – გვინდა მოვიზიდოთ ისეთი კატეგორიის ტურისტები, ვისაც აინტერესებს ქართული სამზარეულო, კულტურა და ტრადიციები, თუ ვაქციოთ სიღნაღი უბრალოდ გასართობ ცენტრად. მე საამისოდ არ მემეტება.

–როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

–ქეთევანი მას შემდეგ გავიცანი, რაც სიღნაღში დავსახლდი. მაშინ რთული პერიოდი იყო. ხშირად არ გვქონდა გაზი, წყალი და დენი. დღისით ძირითადად ვხატავდი. ერთ საღამოს სიმღერა შემომესმა და მის ხმას გავყევი.  ქეთევანი  მომღერალია, აქვს თავისი ანსამბლი და მას დღემდე სიამოვნებით ვუსმენ.

–რამდენიმე წლის წინ თქვენი სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ხანძრის შედეგად დაიწვა. რამ გამოიწვია ხანძარი?

–ექსპერტიზის დასკვნით, ხანძარი ძველმა, გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. წლების განმავლობაში შეგროვებული, ჩვენთვის ძვირფასი ნივთები განადგურდა, მათ შორის, ჩემი ნახატებიც. საბედნიეროდ, ჩვენ არ დავზარალდით, რადგან თბილისში ვიმყოფებოდით.

–20 წლის შემდეგ არის თუ არა სიღნაღი ისევ ის ადგილი, სადაც დარჩენილი ცხოვრების გატარება გსურთ?

–დიახ, მე კმაყოფილი ვარ განვლილი 20 წლით. საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია, რომლებიც მიყვარს, მაგრამ დღეს რომ საშუალება მქონდეს, ხელახლა ამერჩია საცხოვრებელი ადგილი, ისევ სიღნაღში ჩამოვიდოდი.

–და ბოლოს, ორიოდე სიტყვით რომ გვესაუბროთ თქვენს სამომავლო გეგმებზე...

–წელს ახალი ვენახი გავაშენეთ მესხეთში და მარნის მშენებლობას ვაპირებთ. აგრეთვე, ვიკვლევთ ძირძველი მესხური კერძების სტატუსს. ანალოგიური პროექტი გვაქვს ზემო ქედში, სოფელ კვაშტაში. ვიმედოვნებ, დადგება დრო, როდესაც ნაკლებად ვიმუშავებ რესტორნებში და მეტ დროს დავუთმობ მხატვრობას...

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 361 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა