16
დეკემბერი, 2019 ორშაბათი
03:40 AM
მიმოხილვა - სხვა
გიორგი როგავა | 17 ივნისი 2014

დაიჭირე წამი

არნოლდ გეგეჭკორის სახელი 80-90-იანი წლების საქართველოში თითქმის ყველასთვის იყო ნაცნობი. მეცნიერი, პოპულარული სატელევიზიო გადაცემის „ბუნების კარის“ უცვლელი წამყვანი 30 წლის განმავლობაში, ბუნებაზე გამოქვეყნებული უამრავი საჟურნალო და საგაზეთო სტატიის ავტორი ამავე დროს გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მას ათიათასობით კილომეტრი აქვს ფოტოაპარატით ხელში გავლილი და სწორედ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ამ ინტერვიუში:

 

-ბატონო არნოლდ, როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?

 

-ჩემთვის ფოტოგრაფია საჭირო გახდა უპირველეს ყოვლისა სამეცნიერო საქმიანობისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო კავკასიის ლანდშაფტების შესწავლასთან. როდესაც გადიხარ ბუნებრივ პირობებში საველე სამიანობის დროს, ამ შემთხვევაში ის ობიექტი რომელიც შესასწავლია, აუცილებლად მოითხოვს ფოტოაპარატით დაფიქსირებას. ამიტომ გამოდის, რომ შენ იღებ ლანდშაფტურ ერთეულს (ეს იქნება უდაბნო, ტყე, მთა) და შემდეგ აკონკრეტებ, თუ რა გჭირდება: მუხნარი, ნაძვნარი და ა.შ. დიდი, მსხვილი ერთეულებიდან მიდიხარ სულ პატარა ერთეულებამდე. 1962 წელს, როდესაც ასპირანტურაში ჩავაბარე, დავინახე ძალიან ბევრი როგორც არაცოცხალი, ასევე ცოცხალი ბუნების მშვენიერებები. ფოტოაპარატი გახდა ჩემთვის მარჯვენა ხელი ბუნების, არქიტექტურის, ეთნოგრაფიისა და ისტორიული მოვლენების დასაფიქსირებლად. ძალიან ადვილად ავუღე ალღო მას, რასაც მხატვარი ეძახის კომპოზიციას და შემდეგ რაც აუცილებელია-შუქჩრდილის სწორად გამოყენებას.  ეს ორი კომპონენტი მხატვრული ფოტოგრაფიაში ძირითადია, რომლებსაც თუ შენ ფლობ, შენ იღებ ფოტოხელოვნების ნიმუშს. სხვა შემთხვევაში ეს არის დოკუმენტური კადრი. დოკუმენტური კადრი სჭირდება მეცნიერებას, ბოლო მხატვრული კადრი - ფოტოხელოვნებას. 

 

-რომელი იყო თქვენი პირველი ფოტოაპარატი? 

 

-პირველი ფოტოაპარატი, რომელიც საბჭოთა კავშირში მზადდებოდა, იყო „ზენიტი“. შემდეგ გამოვიდა ახალი, „კიევი“ ერქვა. ე.წ. „კასეტები“ შეიძლებოდა შეცვლილიყო. ერთში იდებოდა შავ-თეთრი, მეორეში ფერადი. ამასთან ერთად  შეიძლებოდა როგორც ნეგატივის, ასევე პოზიტივის გამოყენებაც. მაშინ ცხადია არ იყო ციფრული ფოტოაპარატები და იმისათვის, რომ კვლევის დროს ტექნიკური თვალსაზრისით ყველა შესაძლებლობა ამომეწურა, ვატარებდი ხუთ-ექვს აპარატს. ზოგში ვიწრო ფირები იყო, ზოგში ფართო, ზოგში ნეგატივი, პოზიტივი, ფერადი ან შავ-თეთრი. სხვადასხვა აპარატს სხვადასხვა ობიექტივი ჰქონდა. ადრე არც მიახლოების საშუალება არ იყო და ამისათვის შენ უნდა შეგეცვალა ფართოკუთხიანი ფოტო და ტელე ობიექტივი. 

 

-რომელია ყველაზე შთამბეჭდავი პეიზაჟი, რომელიც აღგიბეჭდიათ აპარატზე? 

 

-ასეთი ბევრია. კონკრეტულად ერთის დასახელება მიჭირს. მთელი ოსტატობა ისაა, თუ როგორ აუღებ ალღოს სხვადასხვა ლადშაფტურ ერთეულს. უდაბნოს პირობებში მზის სხივების ეფექტი დიდია. რელიეფზე ირეკლება ცხელი, მხურვალე მზის სხივები  და მათი გარდატეხა ხდება. შესაბამისად, ფირზე კადრები არასათანადოდ აღიბეჭდება. ამიტომ იღებ დილით, ან საღამოს, მზის ჩასვლისას, სადაც იქმნება საოცარი ფერები. მთაში სხვა სიტუაციაა. მთა, სუბალპები და ალპები - იქ ჰაერი გაიშვიათებულია. ამ შემთხვევაში ცისფერი ჭარბობს სივრცეში. ტყეში, როცა შიგნით შედიხარ შუქჩრდილი სულ სხვანაირია. ერთი სიტყვით, ლანდშაფტური ერთეულის მიხედვით უნდა გაერკვე, გონების თვალით ბევრი კორექტივა უნდა გააკეთო. ახლანდელი აპარატები    თვითონ აკეთებს ამას.

 

-გქონიათ თუ არა პროფესიონალური გამოფენა?

 

-არაერთი. 1986 წელს მხატვართა კავშირისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მხატვრის სახლში მქონდა ყველაზე მასშტაბური გამოფენა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფოტოგრაფმა მხატვრის სახლის სამ დარბაზში 360 ფოტო გამოფინა. გარდა ამისა, პარიზში ორჯერ იყო გამოფენილი ჩემი ფოტოები, ასევე უნივერსიტეტში მქონდა არაერთხელ პერსონალური გამოფენა. წელს ფრანკფურტში  საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდა, რისი გახსნისა და მოხსენების წაკითხვის პატივი წილად მე მხვდა. შესასვლელში, ე.წ. „ფოიეში“ იყო ჩემი ფოტო გამოფენა. ინტერნეტშიც არის ამის ამსახველი მასალები გამოქვეყნებული.

 

-როგორია თქვენი თვალით დანახული კავკასია და კერძოდ, საქართველო? რითი გამოარჩევდით მას?

 

-კავკასია ძალიან საინტერესო რეგიონია იმიტომ, რომ ორ ზვას შუა მოქცეული მთიანი რეგიონია. გარდა ამისა, იგი ევროპისა და აზიის გასაყარზეა, სადაც არის ევროპული და აზიური ელემენტები როგორც ლანდშაფტში, ისე ცოცხალ ბუნებაში. ზღვის შეფარდება მაღალ მთასთან, რომელიც მუდმივი თოვლით არის დაფარული, ზღვისპირეთის შეფარდება მშრალ უდაბნოს გარემოსთან - ყველაფერი ეს დიდ მრავალფეროვნებას ქმნის, რომელიც პატარა ტერიტორიაზეა მოქცეული. კავკასიაში ფოკუსირებულად საქართველო ძალიან საინტერესოა. შავი ზღვა, დიდი კავკასიონი, სამცხე-ჯავახეთის ვულკანური პლატო, კოლხეთის დაბლობი და ივერიის ვაკე. ყველაფერი ეს დიდ მრავალფეროვნებას ქმნის. შესაბამისად, ეს ფოტოგრაფისთვის ნამდვილი მიწიერი სამოთხეა. 

 

-ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვართ? ლანდშაფტების, პორტრეტების, თუ ამ საკითხს პროფესიული თვალსაზრისით უდგებით?

 

-ალბათ ყველაფერი ერთად. როდესაც გავდივარ რომელიმე კუთხეში, მაგალითად თუშეთში, სვანეთში, ხევში, ხევსურეთში, გურიაში, სამეგრელოში და ა.შ. ვცდილობ, რომ მოვექცე რომელიმე მდინარის სათავეში, რომელიც ასახავს იმ კუთხის ხეობის, აუზის თავისებურებებს. მაგალითად რიონის სათავეებიდან რომ მოყვები, თანდათანობით ხედავ, რომ რიონი მძლავრდება და შემდეგ უკვე შეგიძლია რიონის ხეობა ასახო ფოტოაპარატით. თუშეთში ალაზნებია, სადაც გადაიღებ ალაზნის ხეობას. შემდეგ აკონკრეტებ - ასეთ ხეობაში ერთ მაკროექსპოზიციაზე ერთნაირი ტყეებია, მეორეზე - სხვაგვარი და ა.შ. მერე ამ ბუნებაში ადამიანის ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა მომენტები, სოფლის ეთნოგრაფიული ფენომენები... საქართველო ხომ ძალიან მოზაიკურია თავისი კულტურით და ლანდშაფტებით. და რა თქმა უნდა ტიპაჟები - შენ ხედავ რენესანსის დროინდელი დიდი მხატვრების, იმპრესიონისტების, პოსტიმპრესიონისტების პროტოტიპებს და შენ თვალწინ ცოცხლდება ელ გრეკო, გოია, რუბენსი და ა.შ. მრავალფეროვანი ბუნება ძალიან ისახება ადამიანის ანთროპოლოგიურ თავისებურებებზე. შენ ხედავ არა ერთნაირ, მუმიფიცირებულ ტიპაჟს, არამედ სრულიად სხვას, განსხვავებულს.

აი ამ სურათის წინ (ხელით გვანიშნებს) ფრანქფურტში რიგები იდგა, ხალხი დიდხანს აკვირდებოდა. ასევე ის გოგონა, ფეხშიშველი რომ ჩამოდის ხელში ვარცლით, რომელზეც გარეცხილი თეთრეულია. ისეთი სახე აქვს, რომ ნებისმიერ მხატვარს მოუნდებოდა მისი დახატვა. შუქჩრდილიც კარგად არის გამოყენებული და ფოტოც მშვენიერი გამოვიდა. კიდევ სხვა ფოტოები - შემოდგომაზე სვეტიცხოვლის ვერტიკალზე არის გადაღებული ჯვარი. მის გვერდით  ფოტო გადაღებულია სოფელ ჩოხში, გუდამაყრის ხეობაში, სადაც დაიბადა გოდერძი ჩოხელი. ეკლესიასთან ჩამოკიდებული ზარები ჩამავალ მზის შუქზე ორეულებს ხატავს კედელზე. ეს წამებში უნდა მოასწრო, მერე კი ქრება. 

 

-შესაბამისად, ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებაა?

 

-არა, ფოტოგრაფია არ არის ხელოვნება. ერთი კაცის ხელში ის შეიძლება გახდეს ხელოვნება, ხოლო მეორეს ხელში კი დოკუმენტური წყარო. ვის ხელშია აპარატი - რამდენად შემოქმედებითი შეიძლება გახდეს ფოტოგრაფია ამაზეა დამოკიდებული. მე მგონია, რომ პირველი შესანიშნავი, მხატვრული ფოტოგრაფიის ოსტატი იყო გურამ თიკანაძე. მას ჰქონდა საოცარი მიგნებები. ესაა მთავარი, მიგნებები უნდა დაინახო. ბევრი გაივლის-გამოივლის - ვერ დაინახავს, მაგრამ ის ხედავს და აფიქსირებს კადრს. ტურისტების ჯგუფმა შეიძლება ეკლესია ერთი კუთხიდან გადაიღოს, მაგრამ ფოტოგრაფი მას უამრავი კუთხიდან შეხედავს, მის მახვილ თვალს კი სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოეპარება.

 

 -როგორ ახერხებთ სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის ფოტოგრაფიასთან შეთავსებას? 

 

-მე როგორ ვახერხებ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ათავსებდნენ დიდ მეცნიერებას დიდ ხელოვნებასთან. გოეთე იყო ასეთი, ასევე ლეონარდო და ვინჩი. ლეონადრო ტექნიკური ინჟინერიის თვალსაზრისით რაღაც საოცრებებს აკეთებდა, ისეთ მოდელებს ქმნიდა, როგორებიცაა ტყვიამყრქვევი, ტანკი, წყლის ამომტუმბავი... ინტერესის ამბავია - ადამიანს შეუძლია შეახამოს მეცნიერება ხელოვნებასთან. ზოგი ამას დიდი, ზოგი კი შედარებით მცირე მასშტაბით ახერხებს.

 

-როგორ უყურებთ ფოტოგრაფიით ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას?

 

-ციფრულმა ფოტოაპარატმა მრავალი რამ გაამარტივა. ამან განაპირობა ის, რომ დღეს თითქმის ყველას უკავია ხელში აპარატი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ფოტოგრაფიის ხელოვნების დონემდე აყვანა ბევრს არ გამოსდის. ერთი მხრივ, ძალიან კარგია რომ ფოტოგრაფიით დაინტერესება მასობრივი გახდა, მისი მზარდი პოპულარობა მისასალმებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოტოხელოვნების ნიმუშებიც მასობრივი გახდა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა კარგია, ფოტოაპარატით ადამიანი აღმოაჩენს მშვენიერებას, დააფიქსირებას მას და მერე ისე იტაცებს ის, რომ თავისუფალი დროის დიდ ნაწილსაც უთმობს მას. გამოდის, თავისუფალ დროს იგი შემოქმედებითად იყენებს.

 

-რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა, დამწყებ ფოტოგრაფებს, რომელებსაც სურთ, რომ სერიოზულად გაჰყვნენ ამ საქმეს?

 

-რა გითხრა, ჩემთვის ეს პრაქტიკულად არავის უსწავლებია, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ფოტოხელოვნებას მიკითხავდნენ. მაშინ მაინცდამაინც გატაცებული არც ვიყავი. რამდენადაც ახლა მეჩვენება, ლექციები ზერელე იყო. სამწუხაროდ, ხშირად ცდებოდა და მას ჩემთვის არაფერი მოუცია. ფაქტობრივად მე ვარ როგორც ინგლისელები ამბობენ self-made-man, ანუ თვითშექმნილი ადამიანი. ასე ძალიან ხშირად ხდება და არამარტო ფოტოხელოვნებაში შენ შეიძლება სკოლა არ გქონდეს გავლილი, მაგრამ შენში აღმოჩნდეს რაღაც გარკვეული მიდრეკილება. მაგალითად ავიღოთ ნიკო ფიროსმანი. სად ისწავლა? დავუშვათ, ელენე ახვლედიანისგან და მისი პლეადის ხალხისაგან განსხვავებით, რომლებიც ევროპაში ოსტატდებოდნენ. მიუხედავად ამისა ნიკომ წარმოუდგენელი რანგის შედევრები შექმნა. ე.ი. თუკი შენში არის ნიჭი, მისი განხორციელება აუციელებლად შეიძლება. მოყვარულმა თავისი დონე შეიძლება მაღალზე აიყვანოს, ოღონდ ამას ძალიან ბევრი შრომა და მონდომება სჭირდება, ნიჭი კი არასოდეს დაიკარგება.

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში  (პედ. დალი ოსეფაშვილი)


სტატიის ვებ რედაქტორები: მარიამცინცაძე, ნინოაბდალაძე

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1217 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა