18
ნოემბერი, 2019 ორშაბათი
03:13 AM
მიმოხილვა - განათლება
ნინო შუბითიძე | 22 მაისი 2017

რექტორობის პირველი წელი და უნივერსიტეტი დღეს

არის თუ არა უნივერსიტეტში ავტონომია და  არსებობს თუ არა უშიშროების მხრიდან ზეწოლა პერსონალზე. რა ცვლილებები განხორციელდა ბოლო დროს და კიდევ რა   ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ. ამ თემებთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ვესაუბრეთ.      

-გასულ წელს, როდესაც თქვენ უნივერსიტეტის რექტორი გახდით,  უნივერსიტეტში დიდი დაძაბულობა იყო. სტუდენტთა ჯგუფები ერთმანეთს იდეურად უპირისპირდებოდნენ. ასეთ სიტუაციაში ზოგი თვლიდა, რომ ყოფილი რექტორი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, ზოგიც ამის წინააღმდეგი იყო. რას გვეტყვით იმ პერიოდის შესახებ, რამდენად რთულ ვითარებაში გადაიბარეთ უნივერსიტეტი?

 -უნივერსიტეტმა, უდაოდ,რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა, ვფიქრობ, ახლა უფრო დალაგდა სიტუაცია. განათლების ხარისხი,  სასწავლო სივრცე, სტუდენტური სერვისები უკეთესი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა კი, ყველა სტუდენტისთვის ერთნაირი. არ უნდა არსებობდნენ პრივილეგირებული ჯგუფები - ეს არის ის საბაზისო პრინციპები, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ოღონდ სხვადასხვაგვარად  გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებს. აქედან  გამომდინარე, ვფიქრობ,  რომ დაახლოვდა პოზიციები და რადიკალიზაციის მუხტი მოიხსნა, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში. ეს არის ძალიან კარგი და მგონია, რომ ჯანსაღი პროცესია.  პირველი, რაც გაკეთდა, ეს არის ის, რომ თანხები, რომელიც, ასე ვთქვათ, მუდმივად იყო განსჯის საგანი  - ვინ, როგორ, ვის აფინანსებს, თუ არ აფინანსებს - ეს კითხვები მოიხსნა, შეიქმნა კომისია. გასაგები გახდა, თუ რა რა პრინციპით ნაწილდება თანხა და ეს ყველაფერი ასახულია  ბიუჯეტში.  ესაა ის, რასაც ჰქვია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საზოგადოების წინაშე. გამჭვირვალე მექანიზმების არარსებობა ყოველთვის იწვევს კითხვის ნიშნებს, ყოველთვის დაისმის  შეკითხვები და ყოველთვის შეიძლება, ამ შეკითხვებზე აიგოს რაღაც წარმოდგენა ან სწორი, ან არასწორი.

-სტუდენტთა ნაწილი თქვენს  რექტორად დანიშვნას არც ისე დადებითად შეხვდა. მათი ნაწილი ისევე როგორც მაშინ, ახლაც საუბრობს თქვენს სახელისუფლებო კანდიდატურაზე. რას იტყვით, იმისთვის, რომ მართო უნივერსიტეტი, აქვს თუ არა მნიშვნელობა  მსგავს კანდიდატურას?

-მე ვმუშაობდი ხელისუფლებაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, უნივერსიტეტშიც, სკოლაშიც  და მთელი ცხოვრება ვარ დაკავშირებული განათლებასთან. მინდა, არ მინდა, ეს ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია. გამომადგება იმაში თუ არა ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს  ვიცნობ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორებში? ვფიქრობ,  გამომადგება.  ამიტომ, მგონია, რომ ჩემი სახელისუფლებო კანდიდატად წარმოჩენა, ცალმხრივი პოზიციაა. მე მაგალითად, ვისურვებდი, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის რექტორი იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენები, დიდი სანაცნობო წრე და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ითვლება რექტორის დადებით თვისებად. ჩვენში რატომ ითარგმნება უარყოფითად, არ ვიცი. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს უნდა ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რაც, არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით იყოს თანხვედრა მოვლენების შეფასების დროს. მე მჯერა, რომ უნივერსიტეტი ახლა გაცილებით ავტონომიურია, ვიდრე იყო მანამდე და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში არავინ ერევა!

-ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა კვლავ საუბრობს უშიშროების გავლენაზე, იმაზე, რომ უნივერსიტეტში ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ მართული ჯგუფები, რომელთაც ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. არსებობდა და არსებობს თუ არა დღეს უშიშროების მხრიდან ზეწოლა უნივერსიტეტის პერსონალზე?

-მე ამ ზეწოლას ვერ განვიცდი, არ განვიცდი და არც გამიგია. არა მხოლოდ არ გამიგია, მცდელობაც არ ყოფილა არანაირი ზეწოლის. რაც შეეხება წინა პერიოდს, იყო თუ არა, რა თქმა უნდა, იყო. ეს იყო, ასე ვთქვათ, ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი, რომელიც არსებობდა. ყველამ კარგად ვიცით, როდის ჩამოყალიბდა და რატომ ჩამოყალიბდა. ეს იყო ძალიან ცუდი ფორმა. რაც შეეხება დღევანდელ  ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ ვამბობ,თუ ვინმემ იცის სად არის ეს ავადხსენებული ოდეერი, იქნებ გვითხრას. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციებს და მათი არსებობა/არ არსებობის თემას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში -დღეს არ არსებობს „ოდეერის“ ინსტიტუტი. ეს კანონი მიღებულია  შარშან აგვისტოში და დღესაც მოქმედებს.  ამის შემდეგ ის გვარები და სახელები ხომ იყო მრავლად, გვაჩვენონ სად არიან. ასე ზოგადად ლაპარაკი არ შეიძლება.  შეიძლება არსებობდა, კი არსებობდა. ყველა შევთანხმდეთ ამაზე, რომ ცუდი იყო. ამიტომ ეს პრაქტიკა შეიცვალა. პრაქტიკა, რომელიც  იყო მახინჯი და არასწორი.

უნივერსიტეტის ავტონომიის დონე დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო. მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ცვლილებები შევიდა კანონში, იგივე მმართველობითი ორგანოები, რომლებიც იყო ადრე და რომლებიც არის დღეს. აკადემიური საბჭო იყო ძალიან კამერული და პატარა, დღეს არის გაცილებით უფრო დიდი და წარმომადგენლობითი. აქ უკვე შედიან  კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, მეცნიერები. დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა ოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საბჭოს. ასევე გაიზარდა წარმომადგენლობითი საბჭო. ძალიან ბევრს აქვს საშუალება მიიღოს უნივერსიტეტის მმართველობაში მონაწილეობა, თუ აქვს  ამის სურვილი და ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა მექანიზმები არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს  და მივიღეთ ტრანსპარანტული, გამჭვირვალე მმართველობა. მაგალითად, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მიიღო უნივერსიტეტმა, იქნა მიღებული ღია წესით, ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოთქმა, ვისაც აზრი გააჩნია, ან სურვილი გააჩნია გაუზიაროს სხვას. ეს იყო კოლექტიურად შექმნილი დოკუმენტი და ასეთი ღია მმართველობა არის და იქნება უნივერსიტეტში.  შეთქმულების თეორიები ბევრს უყვარს, მე ამ ჟანრის მოყვარული არ გახლავართ. მე მგონია, რომ ღიაობა ყველაფერში არის უკეთესი. ამდენად კითხვის ნიშნები, რომლებიც იყო, მოიხსნება, რადგან პრინციპები იცვლება.  დემოკრატია ნიშნავს დემოკრატიულ მმართველობას. ძალიან გვინდა, რომ ჩვენ მივცეთ მაგალითი სხვებსაც, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე უნივერსიტეტი, სადაც უნდა იყოს ღია და დემოკრატიული მართვა!

-გადავიდეთ, თსუ-ს სტრატეგიულ განვითარების გეგმაზე,  მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა მეცნიერული პროექტების მიმართულებით, შეიცვალა მათი დაფინანსების წესიც: მსგავსი პროექტების დასაფინანსებლად 600 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, თუმცა პროფესორებისთვის დაწესებული მინიმალური  სამეცნიერო სტანდარტის ამოქმედება 4 წლით გადავადდა. რატომ  შეიქმნა  იმის აუცილებლობა, რომ მისი ამოქმედება 2021 წლამდე გადაწეულიყო.

 - ეს არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ერთად აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი რამე გავაკეთეთ. მე ვფიქრობ, რეალისტური რამ გავაკეთეთ. აქ საუბარია ესტონურ  მოდელზე.  მოვა დრო და ესტონელების მსგავსად, ჩვენც ყველა პროფესორს დავუწესებთ მაღალ  თამასას. თუმცა ეს არ ეხება იმას, ვინც ახლა  შემოდის სისტემაში. დღეს ახალი ვაკანსია რომ ცხადდება, მას უკვე  მაღალი თამასა აქვს გადასალახი. მას კი,  ვინც უკვე სისტემაშია, ექნება ახალი მოთხოვნები, ოღონდ ეცოდინება, რომ  აქვს დრო, რათა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.  უნივერსიტეტი არ არის დამსჯელობითი ორგანო.

-გამოდის, რომ  მხოლოდ მათთვის გადაიწია დრომ?

- არა, არავითარი დრო არ გადაწეულა. მათ მიეცათ საშუალება, რომ თუ უნდათ ამ თამასას წელსვე განაახლებენ, თუ არა და აქვთ დრო იმისთვის, რომ პუბლიკაციები გამოაქვეყნონ საერთაშორისო ჟურნალში და ა.შ.  აკადემიურ პერსონალს  დახმარება სჭირდება, მარტო დადგენილებით ასეთი  საკითხები  არ წყდება. ერთმანეთის დახმარება უნდა ვისწავლოთ ყველამ. უნდა ვიზრუნოთ, თუ  როგორ  შეიძლება ჩვენი სამეცნიერო პროდუქცია უფრო ხილვადი გახდეს, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ საერთაშორისო გამომცემლობები. გარემო კონკურენტულია და ჩვენ ვაძლევთ შანსს ჩვენს პროფესურას, რომ ღირსეული კონკურენციის გაწევა შეეძლოთ.

-უნივერსიტეტის 2017-2021 წლების სტრატეგიულ პრიორიტეტებში მესამე ადგილი ბიბლიოთეკის განახლებას მიენიჭა. აქ საუბარია მხოლოდ ლიტერატურის განახლებზე, თუ შესაძლოა ბიბლიოთეკას თსუ-ს სხვა რომელიმე სასწავლო კორპუსშიც ველოდოთ?

-ყველაფერზე არის საუბარი:  ფონდის განახლებაზე, ახალი გამოცემების გამოწერაზე, პერიოდიკაზე, ელექტრონულ ვერსიების შემოღებაზე, ელექტრონულ ვერსიებზე გადასვლაზე.  ასევე  ნავარაუდევია, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების შეძენა.

-რას გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპი, რომლის ნაწილიც არის სულ ცოტა ხნის წინ ვებგვერდზე განხორცილებული ცვლილება, ვგულისხმობ გრაფას, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

-ერთი ფანჯრის ნაწილია ესეც და ერთი ფანჯრის ნაწილია ის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია   პირველი იანვრიდან გადავედით  საქმის ელექტრონულ წარმოებაზე.  მესამე და მთავარი არის სტუდენტური ბაზების მოწესრიგება, რასაც დრო სჭრიდება და ახლა ამით ვართ დაკავებულები.

-ერთერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხორციელდება, ეს არის #არაბარბარიზმებს, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

-ცუდია, რომ ბარბარიზმები შემოვიდა ქართულ ენაში, იმ შემთხვევაში, როდესაც ამის არანაირი საჭიროება არ გვაქვს.  ამიტომ გამოვიდა ბარბარიზმების ლექსიკონი, რომლის ელ.ვერსიაც არსებობს. ქალბატონი თინა მარგალიტაძე ფუძემდებელი არის ამ მოძრაობის. უამრავი ადამიანია ჩართული ამ მოძრაობაში,  მოსწავლეები, მეცნიერები. ქართულ ენას გაფრთხილება უნდა!

- მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა კვების ობიექტთან მიმართებით.  2 კვების ობიექტი  მაღლივისა და პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიხსნა. თუმცა იგივე  ობიექტები ორი წლის წინ დახურული იყო, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა არასასურველი შემოსავლის უქონლობის გამო დატოვეს ისინი. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ისინი ახლა?

-უნივერსიტეტში კვების ორი ობიექტი გაიხსნა, ერთი  მაღლივ კორპუსში, ერთი პირველ კორპუსთან. ეს არის ის, რასაც  ითხოვდნენ სტუდენტები. ადრე  კვების ობიექტი უნივერსიტეტში იყო დოტაციური,  ახლა გეტყვით, რომ  მომგებიანია, მარტო მაღლივიდან  დღიური მოგება  1000 ლარს აღემატება. დღეს ფასები არის ძალიან დემოკრატიული და რაც მთავარია, დასაქმებულები გვყავს  პროფესიული პროგრამების სტუდენტები.  ასევე  დაგეგმილია,  ელექტრონული კომერციის დანერგვა, თსუ-ს ონლაინ მაღაზიის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს  უნივერსიტეტში თანამედროვე გარემო შექმნას.

-საკმაოდ რთულია,  ერთდროულად შეინარჩუნო ხარისხი და დაბალი ფასები ერთად. ამიტომაც თავის დროზე განიხილებოდა ვერსია, რომ თვითონ უნივერსიტეტს გაეკეთებინა საწარმო, რომელიც გარე ფაქტორებზე დამოკიდებული არ იქნებოდა. ვინ დგას რეალურად დღეს კვების ობიექტის უკან?

-ეს არ არის უცხო ხალხი. ეს არ არის ფირმა, რომელიც მოვიდა და მოგებას იღებს. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს და ამაში მოგება რჩება უნივერსიტეტს.

-და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც იგეგმებოდა -320 ადგილიანი სტუდქალაქია, რომელიც ლისის ტბასთან მდებარეობს. მშენებლობა დასრულებულია, თუმცა უნდა გამოცხადდეს ტენდერი ავეჯის შეტანაზე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

-დარჩენილია გარემოს მოწყობა, ტენდერი უნდა გამოცხადდეს და  გამოცხადდება, რათა ახალი სასწავლო წლისთვის გვქონდეს ახალი  კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელი.

ესაუბრა ნინო შუბითიძე

 მომზადდასასწავლოკურსის „ახალიამბებისჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალიოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 756 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა