14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
07:08 AM
ახალი ამბები - განათლება
თამარ ჩხიკვაძე | 26 დეკემბერი 2018

“მეტი, ვიდრე ინფორმაცია” - საჯარო ლექციების კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში

 

"მეტი, ვიდრე ინფორმაცია"- სწორედ ასე ჰქვია საჯარო ლექციების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც 21 დეკემბერს თსუ-ის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა. 

კრებული, რომელიც გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” პროექტის ფარგლებში გამოიცა, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებულ  გადაცემა ”უნივერსიაში” გასულ საჯარო ლექციებს. "უნივერსია" რეგიონული ტელევიზიების ეთერით გადაიცემა.

წიგნი, როგორც სტუდენტების, ასევე მოსწავლეებისა  და დაინტერსებული საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი.  კრებულის პირველ გამოცემაში წარმოდგენილია თსუ-ის პროფესორთა და სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა საუბრები: გიორგი შარვაშიძის "ილია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება",  თამარ გაგოშიძის “ტვინი და პიროვნება”, როლანდ თოფჩიშვილის “ქართველთა ხასიათი”, იაგო კაჭკაჭიშვილის “რისთვის სოციოლოგია?”, ზაალ კოკაიას “იმუნური სისტემის როლი ინსულტის დროს”, თინათინ მარგალიტაძის “სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება”, ინესა მერაბიშვილის “გალაკტიონი”, გიორგი ოთხმეზურის “ე.წ  “სამხრეთ ოსეთის” პრობლემა საქართველოში” და ელგუჯა ხინთიბიძის “ვეფხისტყაოსანი” შექსპირის ეპოქის ინგლისურ დრამატურგიაში”. 

წიგნის გამოცემის იდეა გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორს ქალბატონ ნინო კაკულიას ეკუთვნის. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია თსუ–ის ასოცირებული პროფესორი, გაზეთის მთავარი სპეციალისტი მაია ტორაძე. კრებულის გამოცემა უზრუნველყვეს სარედაქციო ჯგუფის წევრებმა ნინო კაკულიამ, მანანა ჯურხაძემ, თეა სულაძემ და ზაზა გულაშვილმა, ხოლო კრებულის ყდის დიზაინი  ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მეოთხე კურსის სტუდენტს ლიანა მარქარიანს ეკუთვნის. . 

“უდავოდ დიდი საქმეა გაკეთებული.  ეს პირველი შემთხვევაა, როცა საჯარო ლექციები ფურცელზე გადაიტანეს, რაც მთავარია, ეს ნაშრომები ფართო წრისთვის არის განკუთვნილი, ციტირებები ნაკლებად არის, ლექციებიც გაშიფრულია და ტექსტი ბევრად გამარტივებულია. შესაბამისად,  უფრო ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და მკითხველიც ინტერესით გაეცნობა”, – ასე შეაფასა კრებული ეთნოლოგმა და ისტორიის მეცნიერებთა დოქტორმა როლანდ თოფჩიშვილმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით  კრებული საქართველოს სხვადასხვა სკოლასა და ბიბლიოთეკას გადაეცემა. აღნიშნული თანამშრომლობისთვის სარედაქციო ჯგუფს მადლობა გადაუხადა სკოლა “ჯეჯილის” დამფუძნებელმა მანანა პარკაძემ.: "ჩვენი სკოლის ბავშვები და მასწავლებლებიც დიდი სიამოვნებით გაეცნობიან  კრებულს. ვიცოდით, რომ ეს პოპულარული ლექციები სატელევიზიო სახით არსებობდა, მაგრამ როცა ასეთი მრავალფეროვანი  მასალა ერთ გამოცემაშია დაბეჭდილი, რასაკვირველია, ყველასთვის მეტად  საინტერესოა. აუცილებელიცაა, რომ საუნივერსიტეტო ლიტერატურა ყველა საგანმანათლებლო კერის ბიბლიოთეკაში არსებობდეს,”- ამბობს მანანა პარკაძე

პრეზენტაციაზე საჯარო ლექციების ფორმატსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ. მისი თქმით, კულტურული ელიტა რაიონებში, ცენტრებსა და სოფლებში ერთგვარ    შიმშილს განიცდის, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ სხვადასხვა სახით საინტერესო მასალა მივაწოდოთ და ის უნიკალური ცოდნა, რაც უნივერსიტეტშია, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. 

თსუ-ის ასოცირებული პროფესორმა, გამოცემის  შემდგენელმა და რედაქტორმა  მაია ტორაძემ კრებულის  მზადების პროცესსა  და გეგმებზე ისაუბრა: "ეს საინტერესო იდეა ნინო კაკულიას ეკუთვნის, და, ვფიქრობ, გაამართლა. კრებულზე მუშაობის პროცესს თავისი სპეციფიკა ჰქონდა. ლექციების სატელევიზიო ვერსიის წიგნის ენაზე გადატანა, სამეცნიერო სიზუსტეების დაცვა და ამავე დროს სასაუბრო სტილის დაცვა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ამიტომ გულდაგულ ვიმუშავეთ პროფესორებთან, ვეცადეთ, მაქსიმალურად პოპულარული ენით დაგვეწერა ტექსტი. საბოლოოდ კი ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ. ამჟამად სხვა ლექტორების საჯარო ლექციები იწერება.  ლექციების გამოცემას  კრებულის მეორე ნომრად ვაპირებთ და  დიზაინის შეცვლაზეც ვფიქრობთ”, – აღნიშნა მან. 

პრეზენტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის სამინისტროს კომიტეტის წარმომადგენლები, თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, საჯარო ლექციების ავტორები, თსუ–ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

კრებულის  შეძენა დაინტერესებულ პირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში შეეძლებათ.

 

ფოტო: ლიანა მარქარიანი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 239 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა