14
დეკემბერი, 2019 შაბათი
11:58 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
მარიამ შაველაშვილი | 23 იანვარი 2018

,,მძევლები“ - ფილმის რევიუ

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ან „თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. 7-მა ახალგაზრდამ სცადა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა. ამ ამბავმა მწვავე პოლიტიკური პროცესები გამოიწვია. ეს იყო ღია იდეოლოგიური დაპირისპირება საბჭოთა კავშირთან, რომელიც ასეთ ნაბიჯს არავის აპატიებდა. შედეგად საბჭოთა ხელისუფლებამ ახალგაზრდებს სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

 აღნიშნულ თემაზე დაწერილია დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა“, დადგმულია სპექტაკლები, გადაღებულია ზაზა რუსაძის ფილმი ,,ბანდიტები“, 2017 წელს კი გამოვიდა რეზო გიგინეიშვილის ფილმი ,,მძევლები“.  საკითხავია, რას ამბობს ახალს და განსხვავებულს და რა რაკურსითაა წარმოჩენილი მოვლენა?!

 რეზო გიგინეიშვილის ფილმი ნამდვილ ამბავს გვიყვება, სადაც ისტორიის გმირებს სწორედ ამ ვითარებაში უჩნდებათ გაქცევის სურვილი. ახალგაზრდები წასვლის გზად თვითმფრინავის გატაცებას ირჩევენ და ფიქრობენ, რომ საუკეთესო შესაძლებლობა თბილისი - ბათუმის რეისის შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავის გატაცებაა, რომლითაც თურქეთში მოახერხებენ გადასვლას, თუმცა გეგმა თბილისიდან აფრენის შემდეგ იშლება, როცა გამტაცებლები გეგმის განხორციელებას ვერ მოახერხებენ.

 ფილმში შეეცადნენ ძალიან ბევრი ამბავი ერთდროულად მოეყოლათ, ყველაფერს შეეხნენ და ეს შეხება უფრო ზედაპირული და ილუსტრაციული გამოვიდა. შესაბამისად, მძევლები უფრო ამბის ილუსტრაცია იყო და არა თავად ამბავი, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც პერსონაჟები ხშირად "კადრს მიღმა" დარჩნენ და თხრობაც უფრო ეფექტებზე ორიენტირებული გახდა. 

 "თვითმფრინავის ბიჭებმა" იციან რაც სურთ, იციან ისიც, თუ რა უნდა გააკეთონ, მაგრამ არ იციან ეს პრაქტიკაში როგორ განახორციელონ, როგორ მივიდნენ იქამდე, რაც სურთ. ვერ ხვდებიან,  როგორ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი.  თავადაც მხოლოდდამხოლოდ პროცესის დროს აანალიზებენ ამ ტრაგედიის დრამატიზმს.

 მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი და ირაკლი კვირიკაძე ასრულებენ, რეალურად განასახიერებენ თინა ფეტვიაშვილს და გეგა კობახიძეს, თუმცა ფილმში სახელები შეცვლილია. საინტერესო სახეს ქმნის დარეჯან ხარშილაძე,  მისი სასოწარკვეთილი და განადგურებული სახე, რომელსაც თვალებში იმედის ნაპერწკალი კვლავ აქვს,  იმედი, რომ ოდესმე საკუთარი შვილის საფლავს აუცილებლად იპოვის. მერაბ ნინიძესთვის მძევლებში თამაში, ალბათ, ორმაგად მძიმე იყო, რადგან სწორედ მას მოუწია ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის გეგა კობახიძის შეცვლა ფილმში ,,მონანიება“ . ამ ფილმში მას არცთუ ისე ხშირად ვხედავთ, თუმცა ყოველი გამოჩენა დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით კი სასამართლოში. ეს არის ფილმი, სადაც არცერთ მსახიობზე არ გაქვს იმის განცდა, რომ მის როლს სხვა უკეთესად შეასრულებდა.

 აუცილებლად უნდა აღინიშნოს ოპერატორის, მხატვრისა და ყველა იმ ადამიანის წვლილი, რომლებიც კამერის მიღმა მუშაობდნენ, რადგან თუ მძევლები შედგა, როგორც ფილმი, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.

 მიუხედავად დადებითი შეფასებებისა რეზო გიგინეიშვილის ნამუშევარს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათი აზრით, ფილმში მოვლენები გარომანტიზებულია, არ იკვეთება ის ძირითადი ხაზები, რაც აღნიშნულ საქმეს ახლავს, არ ჩანს საბჭოთა კავშირი, როგორც მხარე და სცენარი მიჯაჭვულია დოკუმენტურ მასალასთან. 

 ,,მძევლებმა“ ბევრ წარმატებას მიაღწია, იქცა წლის კინომოვლენად, ამერიკული საკაბელო სატელევიზო არხების ქსელმა HBO-მ შეიძინა, ბერლინალეზეც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 და ბოლოს, როგორც სცენარის ავტორი ამბობს, ფილმის მთავარი ამოცანა არ არის გაარჩიოს ტყუილი სიმართლისაგან, არამედ ისტორიულ კონტექსტზე დაყრდნობით გვიჩვენოს მსგავსი რეალობის ტყეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდების გაუაზრებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ, სწრაფვა, რომელიც საშინელი შედეგით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1371 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა