09
დეკემბერი, 2019 ორშაბათი
08:19 PM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
სოფიკო სუარიძე | 22 იანვარი 2018

რევიუ – „შიმშილის ღმერთი“

    შიმშილის ღმერთი „ღია სივრცის“ პირველი ერთობლივად ნამუშევარი სპექტაკლია. ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის არის ახალი სახლოვნებო სივრცე, რომლის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები და მისცეს თვითგამოხატვის საშუალება. 

   სპექტაკლს ჰყავს მუდმივი დასი: ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, თემო რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი, ირაკლი კაკაბაძე,თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე და ნინო იაშვილი. რეჟისორები კი მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე არიან. სპექტაკლის ჩატარების ადგილი უმეტესად ერთმანეთისგან განსხვავებულია. დასის სახელწოდებიდან გამომდინარე („ღია სივრცე“) სპექტაკლი უმეტესად სწორედ ღია და ასევე დახურულ სივრცეებში იმართება, როგორიცაა: ფაბრიკა, კლუბი „ბასიანი“, ბიბლიოთეკის ეზო და სხვა. სპექტაკლის ხანგრძლივობა 70 წუთია, თუმცა ყურების დროს ისეთი შეგრძნება გაქვს,  თითქოს მთელი დღევანდელი ახალგაზრდობის ცხოვრებას უყურებ. 

  ეს სპექტაკლი საკმაოდ დაგაფიქრებთ, რადგან ეხმიანება დღევანელობის ერთ–ერთ ყველაზე დიდ პრობლემას– სიღარიბეს. სიღარიბე, როგორც სხვადასხვა სახის ძალადობის და სრული უმოქმედობის სათავე, სიღარიბე, როგორც სირცხვილი და ადამიანის ღირსების შელახვა, სიღარიბე, როგორც უსასტიკესი ღმერთი, რომელიც ელიტების სასარგებლოდ უკიდეგანოდ განავრცობს თავის ძალაუფლებას დაბალ კლასზე. სპექტალში ისტორიების უმეტესობა რეალურია, სცენარი დაიწერა კვლევის შედეგად, რომელიც თავად დასის წევრებმა ჩაატარეს. „შიმშილის ღმერთი“ ნათლად გვაჩვენებს რეალობას თუ როგორ ცხოვრობს ის დაბალი კლასი, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს. თქვენ მოისმენთ მიმართვებს, თუ რას მიმართავს მრავალშვილიანი დედა პრეზიდენტს, პატრიარქს. ყოველი მასალა დოკუმენტურია და მსახიობები მთელი ემოციით თამაშობენ თითოეულ სცენას.

   სპექტაკლი გაფორმებულია ი. ჩარკვიანის სიმღერებით. დაწყებაც განსაკუთრებით ორიგინალურია, მსახიობები ჩამწკრივებულნი არიან, აკეთებენ ერთმანეთს მსგავს მოძრაობებს და ჩუმი ხმის ტემბრით იმეორებენ სიტყვებს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერიდან: „ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს“. ხმის ტემბრი ნელ–ნელა იმატებს, როდესაც ყველა სკამი შეივსება სპექტაკლიც მაშინ იწყება.

  შიმშილის ღმერთი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ორ სამყაროში გამოგზაურებს, ერთი სწორედ დღევანდელობაა და მეორე ძველი ბერძნული მითოლოგიების სამყარო, რადგან სპექტაკლს ლაით მოტივად გასდევს ძველი ბერძნული მითი უფლისწული ერისიხთონის შესახებ. ერისიხთონი ღმერთ დემეტრეს ქალაქში მუხის სასტიკად მოჭრისთვის სამუდამო შიმშილით დაისჯება. ერისიხთონის როლს სპექტაკლში თემო რეხვიაშვილი ასრულებს. იგი ყველაფერს გაყიდის შიმშილის დასაცხრობად, საკუთარ ქალიშვილსაც კი. განსაკუთრებული სცენა არის, როდესაც მსახიობი თავის სამოსს იხდის, თან ღრიალით ამბობს რომ ისე შია საკუთარ თავსაც კი შეჭამდა. მითიც სწორედ ასე სრულდება, ერისიხთონი საკუთარ სხეულით კვებას დაიწყებს და ასე გაინადგურებს თავს.

    ასევე საკმაოდ საინტერესოა ბოლო სცენა, როდესაც მსახიობები ერთად გროვდებიან, გაუნძრევლად უყურებენ მაყურებელს და ამ დროს უკან დიდი წითელი ნაჭერი ჩამოიშლება, სადაც თეთრი საღებავით წერია 25–ე მუხლი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაკლარაციიდან: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცობულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.“

    ეს ის სპექტაკლია რომელიც ახალგაზრდების სათქმელს ამბობს, იმ ახალგაზრების სათქმელს, რომლებსაც ეკონომიკურად უჭირთ, მთელი დღე მუშაობენ “სამას ლარიან სამსახურში” და სავსე არიან ბანკების, მეგობრების, ნათესავების და ნაცნობების ვალებით. სპექტაკლის მიმდინარეობის დროს თითქოს თქვენს სათქმელს ლაპარაკობენ მსახიობები, თუმცა მათ ნაცვლად ყელში ბურთი სწორედ თქვენ გეჩხირებათ.

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 806 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა