15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
03:16 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
სალომე გოშაძე | 22 იანვარი 2018

„იგი“ – 2017 წლის ეკრანიზაცია

 ანდრეს მუსკეტის საშინელებათა ჟანრის ფილმის „იგის“ პრემიერა კინოთეატრებში 2017 წლის 8 სექტემბერს შედგა. ფილმის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე დაიწყო, სექტემბრის შემდეგ კი კრიტიკოსები და გულშემატკივრები სხვადასხვაგვარ შეხედულებას გვთავაზობენ.

„იგი“ სტივენ კინგის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს. ბევრს ის 1990 წელს გადაღებული მინისერიების მეორე ნაწილი ჰგონია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 2017 წლის „იგი“ ხელახალი ეკრანიზაციაა, რომელსაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე 90-იანების სერიებს, თუმცა რეიტინგებზე მოგვიანებით.

 „იგის“ მთავარი გმირები მეინის შტატში, გამოგონილ ქალაქ დერიში მცხოვრები უიღბლო (ლუზერი) ბავშვები არიან. უიღბლოები სკოლაში გამუდმებული ჩაგვრის მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა საერთო ძალებით ისინი მაინც ახერხებენ მისტიკური არსების დამარცხებას. „იგი“ ფორმაცვალებადი არსებაა, ბოროტი ძალა, რომელიც ადამიანის შიშით თამაშობს და სწორედ მისითვე იკვებება. საშიში ქმნილება ყოველ 27 წელიწადში „იღვიძებს“, რაც ქალაქის კრიმინალურ ისტორიაზე აისახება. თუმცა ამას მხოლოდ ბენ ჰენსქომი - „ლუზერთა კლუბის“ ერთ-ერთი წევრი ამჩნევს მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკაში დერიში მომხდარ უჩვეულო ამბებს ეცნობა. 1988 წელს ურჩხულის „ძილის“ მორიგი 27-ე წელი შესრულდა და მთავარი პერსონაჟის ბილის უმცროსი ძმა ჯორჯი ერთ წვიმიან დღეს უჩინარდება. „ის“ ამჯერად მოცეკვავე ჯამბაზის, პენივაიზის სახელს ირქმევს და ბავშვებს ბუშტებით იტყუებს, შემდეგ კი ხოცავს.

„უიღბლოების კლუბის“ ბავშვები დანარჩენი მოსახლეობისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი ვერ მოექცნენ პენივაიზის ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ. მაშინ, როდესაც ქალაქში დაკარგული ბავშვების რიცხვი იმატებს, ხალხი ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და არასრულწლოვანთა გაუჩინარებას ჩვეულებრივ უბედურ შემთხვევებს მიაწერს. მხოლოდ დაჩაგრული მოსწავლეებისგან შემდგარი შვიდეული ხედავს პენივაიზს და, შიშის მიუხედავად, უპირისპირდება მას. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია ბანალურად ვითარდება - უძლეველ ურჩხულს რამდენიმე ბავშვი ამარცხებს. თუმცა ფილმის (და წიგნის) მოყვარულებისთვის „იგი“ ბანალური საშინელებათა ფილმი არ არის. მთავარი ფაქტი არა პენივაიზის სიკვდილია, არამედ ის, თუ როგორ შეძლეს ეს ბავშვებმა. 

ფილმზე, რომლის რეიტინგი IMDb-ს მიხედვით 7.6-ს შეადგენს, დღემდე საუბრობენ, თუმცა არა ისე, როგორც მის გამოსვლამდე. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ კინომოყვარულების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. ონლაინგვერდებზე შეხვდებით კომენტარებს, სადაც იწერება, რომ „იგი“ საბავშვო ჟანრს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე საშინელებათას. ამის საპორისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში „საშინელება“ მხოლოდ ჯამბაზის სცენები, დიდი რაოდენობით სისხლი და „მოჩვენებების სახლი“ არ არის. „უიღბლოთა კლუბის“ თითოეული წევრის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რამაც ისინი ლუზერად აქცია. უპირველეს ყოვლისა, შვიდივე ბულინგის მსხვერპლი ბავშვია და ზოგიერთ მათგანზე ფიზიკურადაც ძალადობენ (უფროსკლასელები და არა პენივაიზი). სამეგობროში ერთადერთ გოგონას კი საკუთარი მამა სექსუალურად ავიწროებს. გარდა ამისა, პენივაიზის ფსიქოლოგიური გავლენის შემდეგ ერთ-ერთი უფროსკლასელი ბიჭი მძინარე მამამისს კლავს. რა უფრო საშინელია - არარეალური ქმნილება სასაცილო კოსტიუმით თუ რეალური ცხოვრების რეალური ყოველდღიურობა, რომელზეც არავინ საუბრობს? ცხადია, მათი აზრი, ვინც ფილმი უკვე ნახა, ორად იყოფა. 

რაც შეეხება კინოკრიტიკოსთა შეფასებას, გავრცელებული მოსაზრებით, მიუხედავად კარგი სცენარისა, ფილმში არ ვარგოდა კომპიუტერულად შექმნილი ვიზუალური ეფექტები (ე.წ. CGI). კრიტიკოსების თქმით, უმჯობესი იქნებოდა პენივაიზის საუბრისას რეალურად შემსრულებელ ბილ სკარსგარდს (სკარშგორდს) ელაპარაკა და შემდეგ დაემუშავებინათ, ვიდრე ჯამბაზის CGI აელაპარაკებინათ. მოკლედ რომ ითქვას, თურმე „იგის“ რეიტინგი დაუმსახურებლად მაღალი ყოფილა. რამ გამოიწვია ეს?

რეიტინგის განხილვისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი -უპირველეს ყოვლისა, სტივენ კინგის „იგი“, რომლის დაუმსახურებელ რეიტინგზე არავინ საუბრობს. საქმე ისაა, რომ ამ წიგნის მოყვარულები, როგორც აღმოჩნდა, მოუთმენლად ელოდნენ საყვარელი თრილერის ხელმეორე ეკრანიზაციას, რადგან, მოგეხსენებათ, 90-იანების ფილმმა აღიარება ვერ მოიპოვა. მოლოდინმა იმატა, როცა ცნობილი გახდა მსახიობების (cast) სია. პენივაიზის როლისთვის თინეიჯერებში მეტად პოპულარული, ახალგაზრდა შვედი მსახიობი ბილ სკარშგორდი დაამტკიცეს, ლუზერებიდან ერთ-ერთს კი მაღალრეიტინგული ამერიკული სერიალის, „უცნაური ამბების“ მთავარი როლის შემსრულებელი ფინ ვულფჰარდი განასახიერებს. ცხადია, ეს მოზარდების მოსაზიდად გადადგმული ნაბიჯი იყო, რამაც გაამართლა - ფილმს არა მარტო საშინელებათა ჟანრის მოყვარულებმა უყურეს, არამედ მათაც, ვისაც ამ მსახიობების ხილვა სურდათ, ეს კი რეიტინგზე, რასაკვირველია, აისახა.

რაც უნდა იყოს, ფაქტს, რომ „იგი“ 27 წლის შემდეგ აუცილებლად დაბრუნდება, ვერაფერი შეცვლის. ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლა უკვე დაგეგმილია და მას გულშემატკივარი, სავარაუდოდ, 2019 წლის სექტემბერში იხილავს. რამდენად კმაყოფილი იქნება მაყურებელი, ეს უბრალოდ გემოვნების საკითხია.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 803 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა