19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
04:04 PM
ანალიზი და მოსაზრება -
დეა ღირდალაძე | 03 ივნისი 2019

ტოლერანტული თბილისი, ანუ დედაქალაქის სალოცავების თანაარსებობის საიდუმლო

 

თბილისის ძველ უბანში, ლადო ასათიანისა და ბეთლემის ქუჩის კვეთაზე თუ აღმოჩნდებით, ნახავთ, რომ აქ უძველესი ტაძარი დგას, რომელიც ახლა სულ დანგრეულია და შუახნის ქალბატონის საცხოვრებლადაა ქცეული. ეს მოღნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, რომელიც 1751 წელს აიგო. „მოღნისი“ არაბული სიტყვაა და წყლიან ადგილს ნიშნავს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ადგილიც წყლიანია, სადაც ტაძარი აიგო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოღნისის წმ. გიორგის ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი ეთნოგრაფიის მუზეუმის ნაწილად გამოიყენებოდა, შემდეგ კი უპატრონოდ დარჩა და ნგრევა დაიწყო. 2009 წელს დაზიანებული გუმბათი და კედლების დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ჩამოშლილი გუმბათი, ერთ მხარეს სრულიად განადგურებული კედელი და ეკლესიის შიგნით გაკიდული სარეცხი ერთგვარ პარადოქსად გვევლინება, მაგრამ რეალობა ასეთია. ეკლესიიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით პატარა სახლები დგას და ძალიან დიდია იმის საშიშროება, რომ ტაძრის დარჩენილი კედლები, რომლებიც რკინის კონსტრუქციითა და მავთულებით არის შეკავებული, ჩამოინგრეს.

 

ანა ქიქოშვილი სწორედ ამ დანგრეული ტაძრის გვერდით მდებარე სახლში ცხოვრობს. მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია ეკლესია ასეთ მდგომარეობაშია და ყურადღებას არავინ იჩენს. 

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალსაუკუნეგამოვლილი საკულტო ნაგეგობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მისი მომავალი ბინდით არის მოცული. 

 

თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ალბათ, იცის, რომ ამ ქალაქის ძველ უბანში, სხვადასხვა ქუჩაზე, მეიდნის გარშემო, ერთმანეთისგან განსხვავებული ეთნოსის კულტურა და რელიგია ერთად იყრის თავს. აქ მართლმადიდებლური, მუსლიმური, სომხური, ებრაული და კათოლიკური საკულტო ნაგებობები დგას. სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა საქართველოს დედაქალაქში შეძლეს საკუთარი რელიგიის საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნება - ასე გახდა თბილისი ტოლერანტული ქალაქი. 

 

2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის პროცენტული განაწილება რელიგიური კუთვნილების მიხედვით ასეთია: მართლმადიდებელი - 83.41%, მუსლიმი - 10.74%, სომეხთა სამოციქულო - 2.94%, კათოლიკე - 0.52%, იეჰოვას მოწმეები - 0.33% და სხვა 1.80%. 

 

ბეთლემის ქუჩიდან ოვანეს თუმანიანის ქუჩისკენ მიმავალს, ძველი ფერადი და საოცრად ლამაზი სახლების ფონზე, აუცილებლად შეგხვდებათ მოქმედი სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია. გადმოცემის თანახმად, ის 1356 წელს დაარსდა. ეკლესიის საძირკველში აღმოჩენილია პატარა ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეების საგანმანათლებლო კერა იყო და აქ XV-XVII საუკუნეებში სომხური ხელნაწერები იქმნებოდა. 

 

1751 წელს ეკლესია განახლდა, თუმცა, ამის შემდეგ ტაძარს კვლავ მრავალჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია. ბოლოს ეს 2009 წელს მოხდა, როდესაც ეკლესია ნაწილობრივ დაინგრა. ჩამოიშალა  გუმბათი, საკურთხეველი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კამარები, შენარჩუნდა მხოლოდ კამარის  დასავლეთ ნაწილი და სამრეკლო. ამის შემდეგ 10 წელი გავიდა, დღეს კი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მოინახულოს ტაძარი, რომელმაც მორწმუნეთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა და თანდათან თბილისის სომხური თემის ერთგვარ ცენტრადაც კი იქცა. 

 

წითელი აგურით ნაშენები ტაძარი ყურადღებას მაშინვე იპყრობს. ტაძრის ეზოში ხალხმრავლობა ცოტა უცნაურად მეჩვენა, რამაც ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. ტურისტების დიდი ჯგუფის მოლოდინი მალევე თეთრ კაბაში გამოწყობილმა გოგონამ გააქარწყლა და მაშინვე ნათელი გახდა, თუ რა ხდებოდა. ტაძარში შესვლა ძალიან მცირე ხნით, თუმცა მაინც მოვახერხე. ლამაზად მოხატული გუმბათი, კედლები და ამ კედლებზე სხვადასხვა ზომის უამრავი ხატი მნახველზე მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. 

 

გზა გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ ლამაზ ქუჩებს შორის, წითელი აგურით ნაგები სინაგოგის დანახვამ ყველაფერი გადაფარა. ჩვენთან არსებული ებრაული სალოცავების ისტორია 26 საუკუნეს ითვლის. „ახალციხელების ლოცვა“ - ასე უწოდებენ დღემდე ქართველი ებრაელები თბილისის დიდ სინაგოგას. ის ებრაელმა ახალციხელებმა XX საუკუნის დასაწყისში ააგეს, ძველი ქალაქის მთავარ არტერიაში, ე.წ „სომხური ბაზრის“ არეალში - დღევანდელი ლესელიძის ქუჩაზე. როგორც ეზოში მყოფი ერთ-ერთი ებრაელი, მერაბ ჩანჩალაშვილი ამბობს, სამლოცველოს დამთავრება ძალიან რთული იყო, თუმცა დიდი გაჭირვებით, საკუთარი ფინანსებითა და ერთობლივი შრომით შეძლეს, დაესრულებინათ და სალოცავად მოეწყოთ დიდი სინაგოგა. 

 

 

„მშენებლობა 1904 წელს დაიწყო და 1911 წელს დამთავრდა. აქ პირველი ლოცვა 1909 წელს ჩატარდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მოხატული და ავეჯით გაწყობილი. 1911 წლიდან ყოველდღიურად, შეფერხების გარეშე, წესისამებრ, დღეში ორჯერ აღესრულება ლოცვა, თუმცა ამ ბოლო დროს მლოცველთა ნაკლებობა შეინიშნება“, - ამბობს მერაბი. 

 

ეზოში შესვლისას მარცხნივ, მთელ კედელზე, საქართველოში მოღვაწე რაბინების და თალმუდ ხახმების ფოტოებს შეხვდებით. 

 

„მას რელიგიური დატვირთვა არ აქვს, ეს უბრალოდ გამოხატავს მათდამი პატივისცემას. ბევრი რაბინის ქმედება გმირობის ტოლფასი იყო იმიტომ, რომ კომუნისტები ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ებრაული საზოგადოება. იჭერდნენ და ხოცავდნენ მათ რელიგიური შეხედულებების გამო”, - ამბობს იქვე ეზოში მჯდარი მლოცველი. 

 

დღეს თბილისში ორი მოქმედი სინაგოგაა. ე.წ. დიდი სინაგოგა ოვანეს თუმანიანის ქუჩაზე, რომელიც 1904 წელს ახალციხელი ებრაელების შემოწირულობებით აშენდა და ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის დასაწყისში მდებარე სინაგოგა, რომელიც XIX საუკუნეში საქართველოში რუსეთიდან გადმოსახლებულმა აშკენაზმა ებრაელებმა ააშენეს. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.

 

ოვანეს თუმანიანის ქუჩაზე მდებარე თბილისის დიდი სინაგოგა ტურისტული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ობიექტია ქალაქში. თალმუდ ხახმების ფოტოებისა და გარშემო პერიმეტრის დათვალიერებას ისე შევყევი, რომ ისიც ვერ შევამჩნიე, ტურისტული ჯგუფებით გარშემორტყმული რომ ავღმოჩნდი. 

 

ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფთან ერთად დიდ სინაგოგაში ფეხის შედგმა და საოცარი ემოციების დაუფლება ერთია. დარბაზის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ნახატის თემატიკა მცენარეული მოტივები და ორნამენტებია, უფრო მეტად ცისფერი და ლურჯი ფერები სჭარბობს. სკამები განივად არის განლაგებული, რაც ებრაული ტრადიციიდან გამომდინარეობს. შიდა ინტერიერი იმდენად მომხიბვლელია, რომ შეუძლებელია არ აღფრთოვანდე.  

 

ტურისტებმა დარბაზი დატოვეს. დღეს შაბათი არაა, შესაბამისად, მლოცველებისა და მნახველებისგან დაცლილ სინაგოგაში საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს, ერთ დიდ ვაკუუმში ვიყავი გამოკეტილი, რომელშიც ყველანაირი ხმა დახშული იყო. ვიდექი სალოცავის შუაგულში და ვფიქრობდი, გზად კიდევ რა შეიძლება შემხვედროდა ისეთი, რაც უფრო მეტად აღმაფრთოვანებდა.

 

სინაგოგადან გამოსვლის შემდეგ, ბოტანიკურის ქუჩის მიმართულებით სიარულისას, უამრავი ფერადი სახლი, ლამაზი, ვიწრო ქუჩები და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი მხვდება. ვიწრო ჩიხები და კიბისებურად განლაგებული ეზოები სრულებით დამახასიათებელია ამ ქუჩისათვის, რომელიც მთიან რელიეფზე მიემართება. ქვაფენილიან აღმართს მივადექი, რომლის ბოლოსაც ერთადერთი მოქმედი - ჯუმა მეჩეთი გამოჩნდა მოთეთრო-მოცისფრო გუმბათით. მეჩეთი უნიკალური იმიტომაა, რომ აქ ერთდროულად ლოცულობენ როგორც სუნიტი, ასევე შიიტი მუსლიმები. ამბობენ, რომ თბილისის ჯუმა მეჩეთი, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკის ელემენტები ბრწყინვალედ ერწყმის ერთმანეთს, არცერთ სხვა მეჩეთს არ ჰგავს არქიტექტურით. 

 

 

წითელი აგურით მოპირკეთებული მეჩეთი 1723-35 წლებში აშენდა, როცა თბილისი ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. ის მომდევნო 300 წლის განმავლობაში სამჯერ განადგურდა და აღდგა. 1951 წლამდე თბილისში ორი მეჩეთი იდგა. შიიტები განცალკევებულად, ლურჯ მეჩეთში ლოცულობდნენ, სუნიტები კი - ჯუმაში. 1951 წელს კომუნისტურმა მთავრობამ ლურჯი მეჩეთი გაანადგურა, რათა მეტეხის ხიდი აეგო. შიიტებს წასასვლელი აღარსად ჰქონდათ და ჯუმა მეჩეთმა მათ კარი გაუხსნა. ასე იქცა აბანოთუბანში მდებარე მეჩეთი ერთადერთ ადგილად, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობდნენ. 1996 წლამდე ამ ორი მიმდინარეობის მორწმუნეებს შავი ფარდა ჰყოფდათ, დღესდღეობით კი სალოცავი ყველასთვის ღიაა.

 

მეჩეთს ნელ-ნელა ვუახლოვდები. ზღურბლთან მისულმა კი ფარდაგ-ხალიჩებით მორთული მთავარი დარბაზის წინ მჯდომ მამაკაცს ვკითხე, სხვა სარწმუნოების ადამიანს თუ ჰქონდა შესვლის უფლება. მან ღიმილით მიპასუხა: “შეიძლება, მთავარია კეთილი ზრახვები გქონდესო” და მიმითითა მეორე დარბაზისკენ, რომელიც ქალების სალოცავი გახლავთ. დარბაზში შესვლა ერთდროულად თავისუფლებისა და სიამოვნების შეგრძნებას იწვევს. კედლები კი, რომლებიც ლურჯ და ცისფერ ფერებშია მოხატული, განწყობის ამაღლებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. 

 

თბილისის ჯუმა მეჩეთი რამდენიმე მიზეზის გამოა უნიკალური. მაგალითად, ორი მიჰრაბის, ანუ სალოცავი ნიშის გამო, რომლებიც მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექასკენაა მიმართული. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მექა მუჰამედის დაბადების ადგილად ითვლება. როდესაც მორწმუნეები ამ ადგილს ნახულობენ, ისინი ლოცვისას ქააბას მიმართულებით დგებიან. ქააბა კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდეა, რომლის კედელშიც დატანებულია ქვა, რომელსაც შავ ქვას ეძახიან. მისი ისტორია საიდუმლოებებითაა მოცული და მრავალი ვარაუდია თუ რა შეიძლება იყოს ეს ქვა. მუსლიმთა გარკვეულ ნაწილს სწამს, რომ იგი ღვთაებრივი ძალებით დაჯილდოვებული მეტეორიტია. 

 

აღსანიშნავია, რომ ჯუმა მეჩეთში ორი მინბარია - ადგილი, საიდანაც იმამი ან სხვა სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, თბილისის მეჩეთი მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ და ერთი იმამის ქადაგებას ისმენენ. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი ამ ორი მიმდინარეობის წარმომადგენლებს შორის აქ, ფაქტობრივად, არ არსებობს. სწორედ ამიტომ არის თბილისი ტოლერანტული ქალაქი. რელიგიური კონფლიქტები საქართველოს დედაქალაქს არ სჩვევია, მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის პატარა ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა კონფესიის სალოცავია. როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები ამბობენ, „რელიგიას მარტო კომუნისტები ებრძოდნენ, რათა ადამიანიდან ღმერთის რწმენა ამოეძირკვათ და მხოლოდ პარტიის რწმენა შთაენერგათ“.

 

დარბაზში თანდათან მუსლიმი ქალბატონები შემოდიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს პარასკევია და ლოცვის დღეა. მლოცველები რბილ და ფაფუკ ხალიჩაზე ნელა და მშვიდად მიაბიჯებენ, იქვე განთავსებული თაროებიდან ისლამის წმინდა წიგნს - ყურანს იღებენ და ლოცვას იწყებენ. 

 

ნელი ნაბიჯებით დარბაზს ვტოვებ და თან ვფიქრობ, მაინც რამდენ უნიკალურ და გამორჩეულ ნაგებობას იტევს პატარა ქალაქის კიდევ უფრო პატარა და ძველი უბანი. თუმცა მავიწყდება, რომ თბილისი ერთ-ერთი მათგანია იმ თითზე ჩამოსათვლელი ქალაქებიდან, რომლებიც მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად დარბეულან, დანგრეულან, მაგრამ ბოლომდე არ განადგურებულან და მაინც მნიშვნელოვანი სიტყვა უთქვამთ მსოფლიო ცივილიზაციაში. დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ ქალაქის განსაკუთრებულობა სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია, რაც ოდითგანვე განუმეორებელ ხიბლს ანიჭებდა თბილისს და მის ფენომენს ბევრისთვის ამოუხსნელს ტოვებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 57 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა