22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
06:49 AM
ანალიზი და მოსაზრება -
ნათია გიორგაძე, უჩა პაპიაშვილი | 29 იანვარი 2019

ტყვია, რომელიც ნელა კლავს

 

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სათამაშოს ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის სწორად განვითარებაში. იგი ეხმარება მას სამყაროს აღქმასა და შესწავლაში, ასევე, მეხსიერების, ემოციების გამოხატვის უნარისა და მეტყველების განვითარებაში. შესაბამისად, სათამაშოს სწორად შერჩევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ შინაარსის გათვალისწინება არაა საკმარისი. უმთავრესი პრობლემა იმ ნივთიერებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სათამაშოების დასამზადებლად გამოიყენება. სპეციალისტთა თქმით, დღესდღეობით საქართველოში შემოსული სათამაშოების უმრავლესობა შეიცავს ისეთ მძიმე და საშიშ მეტალს, როგორიცაა ტყვია. ის დამანგრევლად მოქმედებს არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ზრდასრულის ორგანიზმზეც, მაგრამ რისკჯგუფს მაინც ექვს წლამდე ბავშვები მიეკუთვნებიან. ამის მიზეზი კი მათი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ნერვული სისტემა და ორგანიზმია, რომელიც სწრაფად იწოვს ტყვიას. სწორედ ამიტომ, საყურადღებოა საქართველოში საზღვარზე შემოტანილი სათამაშოების მკაცრი გაკონტროლება, თუმცა ჯერჯერობით, ეს არ ხდება.

 

2017 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ამ თემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 25-ე თავის პირველ ქვეპუნქტში საუბარია ბავშვის სიცოცხლისა და განვითარების უფლებაზე: ,,ბავშვის სიცოცხლისა და ჯანსაღ გარემოში განვითარების უფლება ბავშვის უფლებების კონვეციის ხელშეუხებელი პრინციპია”. მათ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რომელშიც 5 წლამდე ასაკის 254 ბავშვი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ სისხლში დასაშვებზე მაღალი შემცველობა 33%-ს გამოუვლინდა, რაც არსებითად საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. აქვე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული სათამაშოებზე კონტროლის ღონისძიებები. სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა მომწამვლელი ნივთიერება ნებისმიერი ბავშვის ორგანიზმში მარტივად აღმოჩნდეს. 

 

ერთ-ერთი დაზარალებული 7 წლის გიორგია, რომელიც ახლა მკურნალობას თურქეთში განაგრძობს. ბავშვის კომაში ჩავარდნის მიზეზების ძიებისას ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მას ორგანიზმში 50% მძიმე მეტალი, ანუ ტყვია აღმოაჩნდა. გიორგის დედის თქმით, ტყვიის გამოდევნის პროცესს დიდი დრო სჭირდება.

 

,,6 თვეა მკურნალობის ქვეშ ვართ, ჯერ ძლივს მოვიძიეთ ექიმი ვინც ამ საქმეს თავის თავზე აიღებდა, იმიტომ რომ, ძალიან დიდ დროს მოითხოვს ამის გამოდევნა ორგანიზმიდან. არის ერთი შანსი- სისხლის გამოცვლა, რაც ძალიან დიდი თანხა ჯდება”, - გვეუბნება გიორგის დედა. 

 

ამ თემით გაეროს ბავშვთა ფონდი დაინტერესდა და გადაწყვიტა კვლევის ჩატარება საქართველოს 10 რეგიონში. 14 000-ზე მეტ ოჯახში კვლევა უკვე მიმდინარეობს, ის 2018 წლის 20 სექტემბერს დაიწყო და 20 დეკემბრამდე გასტანს. აღნიშნულ კვლევაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 

 

 

,,მრავალინდიკატორული კლასიკური კვლევა 2018”-ის მიზანია სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ მონაცემების შეგროვება. მისი ერთ-ერთი ნაწილია 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში პირველია. გაეროს ბავშვთა ფონდის თქმით, ტყვიის მცირე რაოდენობამაც კი შესაძლებელია, რომ ინტელექტის დაქვეითება გამოიწვიოს და სხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. ,,კვლევის ეს კომპონენტი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ, რათა დაიგეგმოს ინტერვენციის გზები ისეთი მძიმე დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც სისხლში ტყვიის მცირე შემცველობამაც შეიძლება გამოიწვიოს”, - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე.

და მაინც ყველა მშობელს გაუჩნდება კითხვები: როგორ მოვიქცეთ? როგორი სათამაშო ვუყიდოთ ბავშვს? ბევრი იმასაც იტყვის, რომ ისინი მხოლოდ ძვირადღირებულ სათამაშოებს ყიდულობენ, მაგრამ ეს უსაფრთხოების გარანტი ნამდვილად ვერ იქნება. აუცილებელია, ყველამ იცოდეს ხარისხიანი სათამაშოს უხარისხოსგან გარჩევა. ამისათვის მხოლოდ მცირე დეტალზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო. ყუთზე დატანილია ნიშანი CE (EUROPEAN CONFORMITY), რაც ევროპული სტანდარტით უსაფრთხოების გავლის მანიშნებელია. ქართულ ბაზარზე მომრავლდა სათამაშოები, რომელთა უმეტესობა მხოლოდ გამჭვირვალე პარკით არის შეფუთული, ან პირდაპირ ღია სივრცეში დევს. მსგავსი პროდუქტის ფასი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, შესაბამისად რეალიზაციაც დიდია. თუკი თქვენ ერთხელ მაინც შეგიძენიათ მსგავსი სათამაშო, აუცილებლად იგრძნობდით სპეციფიკურ სუნს, რომელიც მისი ხელში დაჭერისთანავე სასუნთქ გზებს დაგიხშობთ, ამასთანავე, ალბათ იმასაც შენიშნავდით, რომ თქვენი  პატარას ხელები სათამაშოს ფერებშია შეღებილი. სწორედ ასეთი სათამაშოებია სიცოცხლისთვის საგანგაშო, რადგან ისინი დასაშვებზე მაღალი რაოდენობით ტყვიას შეიცავენ, მისი გამოდევნა ორგანიზმიდან კი საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. 

 

ამ თემასთან დაკავშირებით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე გვესაუბრება.

 

,,ეს ლითონი იმ მავნე ნივთიერებებიდან ერთ-ერთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს. ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით ხვდება, განსაკუთრებულ რისკჯგუფს 6 წლამდე ბავშვები წარმოადგენენ, რადგან მათ ინტენსიური შეხება აქვთ სათამაშოებთან. მშობლების უმრავლესობას ალბათ წარმოდგენა არ აქვს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მათს შვილებს იმ ნივთებმა, რომლებიც  ბავშვური სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ანემია, ართრიტი, ზრდის შეფერხება, ნერვული სისტემის რღვევა - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ორგანიზმში მოხვედრილი მეტალი იწვევს. ამიტომ ყველას ვურჩევ, უპირატესობა მიანიჭონ ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებს”,- გვეუბნება ქურდაძე. 

 

ის ასევე საუბრობს რეკომენდაციებზე, რომელიც გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ორგანიზმის მოწამვლის საშიშროება.

 

•სასურველია 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემოწმება;

 

•იზრუნეთ, რომ მცირეწლოვანმა დაიცვას ჰიგიენა;

 

•ყურადღება მიაქციეთ, ბავშვის კვების რაციონში შეიტანოთ ბუნებრივი ანტიდოტე;

 

•ეცადეთ, შეამციროთ ბავშვების სათამაშოებთან ურთიერთობის დრო;

 

•სათამაშოს შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მის ხარისხზე.

 

როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. ამ საკითხთან გულგრილმა დამოკიდებულებამ გიორგის ბედი უკვე შეცვალა და არის იმის საშიშროება, რომ პრობლემის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს. ასე რომ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა სათამაშომ, რომლის ფუნქცია ბავშვობის წლების გალამაზებაა, შესაძლოა სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს.

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 180 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა