14
დეკემბერი, 2019 შაბათი
11:56 AM
ანალიზი და მოსაზრება - კულტურა
ცირა ხუნდაძე | 22 იანვარი 2018

ჩემი ბედნიერი თუ უბედური ოჯახი?!

ქართულენოვანი ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ამერიკულმა პრესამ წლის    საუკეთესო ფილმად შეაფასა

 

ოჯახი, სადაც ჩხუბობენ და სადაც ერთმანეთი უყვართ, სადაც სულ ერთად, ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ ბევრი არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ… სწორედ, ამ ერთ დიდ, ბედნიერ თუ არაბედნიერ ოჯახში შეაღებს კარს მაყურებელი ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და თვალს ადევნებს სამი თაობის წარმომადგენლის ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებას.

ფილმის მთავრი გმირია 52 წლის ლიტერატურის მასწავლებელი - მანანა, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს დატოვოს თავისი ოჯახი, ქმარი, ორი შვილი და მშობლები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს. გადადის საცხოვრბლად ცალკე, ვარკეთილში, ერთ-ერთ პატარა ბინაში, რათა იპოვოს სიმშვიდე, დაისვენოს, წაიკითხოს წიგნები, ჭამოს ნამცხვარი, მაშინ, როცა უნდა. მას სურს განთავისუფლდეს პასუხისმგებლობებისგან, მოვალეობებისგან, სხვადასვა როლებისგან, იპოვოს საკუთარი თავი და არ იყოს მხოლოდ შვილი, ცოლი და დედა... მანანა არავის არაფერს უხსნის, არც ოჯახის წევრებს და არც მეგობრებს. ალბათ, ყველასთვის მარტივი წარმოსადგენია ირგვლივ მყოფების რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე, მათ არ ესმით, რომ ამდენი ხნის შემდეგ მანანას უბრალოდ უნდა იყოს საკუთარი თავი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანებმა უკეთ იციან სხვის ცხოვრებაში რა უკეთესია, და, ზოგადად, ქართველი ქალები ძნელად ახერხებენ გააკეთონ ის, რაც მათ სურთ. რაც მათ სურთ და არა, რაც სურთ მათ დედებს, მამებს, ქმრებს, შვილებს, მეზობლებს, საზოგადოებას. ფილმის დასაწყისში ვისმენთ პატრიარქის ქადაგებას დედის როლსა და ოჯახურ ბედნიერებაზე და ეს ერთგვარი მინიშნებაა იმისა, თუ როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი.

ფილმი გამორჩეული და განსაკუთრებულია სხვა ქართული კინოპროდუქტებისგან. ჩვენს რეალობაში იშვიათია ისტორიები ძლიერ ქალებზე, რომელთაც შეუძლიათ დაუპირისპირდნენ საზოგადოებას. სწორედ ასეთია ფილმის მთავარი გმირი. ფილმში კარგად არის ნაჩვენები ყოველდღიურობა - ყველაფერი, რაც მოგვწონს და არ მოგვწონს, შიშები, დათმობა, დაკარგული ბედნიერებისა და მეს ძიება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფილმში არ გვხვდება ცალსახად ნეგატიური პერსონაჟი, შესაძლოა მაყურებლებმა ფილმის პერსონაჟებში საკუთარი თავი დაინახონ, ბევრმა ქალმა მანანას პერსონაჟთან, ზოგმა კი ლამარას პერსონაჟთან მოახდინა საკუთარი თავის იდენტიფიკაცია.

ფილმის რეჟისორები არიან ქართველი კინორეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი და გერმანელი კინორეჟისორი სიმონ გროსი. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მათი მეორე ერთობლივი ფილმია. ისინი რამდენიმე წლის წინ ერთად მუშაობდნენ ფილმზე “გრძელი ნათელი დღეები“.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” საქართველოს, გერამანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინო პროდუქტია. ფილმს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მსახიობთა შესრულება, აღსანიშნავია, მანანას როლის შემსრულებლის ია შუღლიაშვილისსა და მისი მეუღლის როლის შემსრულებელის მერაბ ნინიძის თამაში, ისინი ბოლო დროს შექმნილ ქართულენოვან ფილმებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წყვილია. ზოგადად, მსახიობების შერჩევა უფრო იმ მსახიობების პოვნა, რომელსაც ეძებ და ფიქრობ, რომ ზუსტად მოირგებს პერსონაჟს, რომელსაც ანსახიერებს. ალბათ, ლამარას პერსონაჟი ყველას ძალიან გაგვახსენებს ჩვენს ბებოებს და მთლიანად  თითოეული მსახიობი იდეალურად თამაშობს ფილმში.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ქართული ფილმია, რომლის დისტრიბუციის უფლება უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ „ნეტფლიქსმა" იყიდა, რომელსაც 104 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ზაფხულის განმავლობაში საფრანგეთისა და გერმანიის კინოთეატრებში გადიოდა, ხოლო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ „ფიპრესი" წლის 10 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის დაასახელა. "ჩემი ბედნიერი ოჯახის" პრემიერა 1 დეკემბერს ნეტფლიქსზე შედგა, რომელსაც ამერიკული პრესა შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა - წლის საუკეთესო ფილმი ნეტფლიქზე!

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვკითხავთ ჩვენს თავს - გვეკუთვნის თუ არა ჩვენი ცხოვრება ჩვენ? ან რამდენად ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით? ვართ თუ არა ბედნიერები? ან სად არის ბედნიერება? და, მაშინ, როცა გაგვიჩნდება ეს კითხვები დავიწყებთ ბრძოლას საკუთარი თავის პოვნისთვის, რომელიც სადღაც ძალიან შორს გადავმალეთ და თითქმის დავივიწყეთ კიდეც.

 



მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 642 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა